GE

რა უნდა გაითვალისწინონ 2021 წლის აბიტურიენტებმა ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისას

აბიტურიენტებს 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება უჩვეულო სიტუაციაში უხდებათ და შესაბამისად ყველა ნიუანსზე ნერვიულობენ. მაგალითად როგორი წინადადებებით უნდა დაწერონ გამოცდის ტექსტი, რა ცვლილებებია კონკრეტული საგნის ტესტებში და ა.შ გთავაზობთ ინგლისური ენის გამოცდასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებისგან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხებს.

თუ იქნება რაიმე სახის ცვლილება ინგლისური ენის გამოცდაზე?

უცხოური ენის ტესტში სიახლეები გასულ წელს შევიდა, შესაბამისად, წელს ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ტესტი სტრუქტურულად საკმაოდ დაბალანსებულია. უცხოური ენის ტესტი მოსმენის ორი დავალებით იწყება, რომელიც შედგება 5 მოკლე და ერთი შედარებით ვრცელი ტექსტისაგან. დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაციაა: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი.  იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი – ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება. წერით დავალებებში ჩვენ ვითხოვთ დაახლოებით 150 სიტყვას, შეგიძლიათ უფრო დიდი ტექსტიც დაწეროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში იმატებს შეცდომების დაშვების ალბათობაც.

ინგლისური ენის თემაში უპირატესობას რთულად შედგენილ წინადადებებს ანიჭებთ, თუ მარტივად შედგენილს და კონტრარგუმენტები თუ არის საჭირო?

თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებები, თუ მაღალი ქულის მიღება გსურთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაწეროთ დაზეპირებული, შაბლონური ფრაზები. ნაწერში უნდა ჩანდეს თქვენი აზროვნება და პირადი დამოკიდებულებები. რაც შეეხება კონტრარგუმენტებს, ამის აუცილებლობა არ არის – რამდენიმე ლოგიკური არგუმენტის მოყვანაც საკმარისი იქნება.

უცხოური ენის მოსმენის დავალებასთან დაკავშირებით აბიტურიენტები ზოგჯერ პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ჩანაწერი კარგად არ ისმის. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა წლევანდელ აბიტურიენტებსაც გვქონდეს?

მოსმენის დავალების ჩასაწერად ცენტრი იწვევს ინგლისურენოვან სპეციალისტებს. ხმის ჩაწერა ხდება სპეციალური აპარატურით მაღალ დონეზე. თუ რომელიმე აბიტურიენტმა ჩათვალა, რომ მოსმენის დავალების გამო პრობლემა შეექმნა (ნებისმიერი მიზეზით), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე მეთვალყურეს, თუმცა ამ ტიპის პრეტენზიები, შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან მცირეა. აბიტურიენტს საშუალება აქვს ერთი და იგივე ტექსტი ორჯერ მოისმინოს.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური