რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა შემაჯამებელი გაკვეთილის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური სავალდებულო რაოდენობა თითოეული სემესტრისათვის ცალ-ცალკე და მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების დადგენილი რაოდენობა. მაგრამ გეგმით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდა მას აკრძალული არ აქვს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამსახურში 1-ელ ნოემბერს განუცხადეს, სკოლებისთვის ამჟამად შემაჯამებელი გაკვეთილის მინიმალური რაოდენობაა გადაგზავნილი და მათ მეტის ჩატარება არ ეზღუდებათ თუ წესებს დაიცავენ.
წესში კი იგულისხმება: მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემაჯამებელი გაკვეთილის შინაარსი მის ჩატარებამდე გავლილ მასალას და თემებს უნდა მოიცავდეს და არ უნდა იყოს გავლილი მასალის მიღმა. ესგ-ის სამსახურის განმარტებით, კორონაპანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია ჩატარდეს დადგენილზე ერთით მეტი შემაჯამებელი გაკვეთილი, რის თაობაზეც მასწავლებელი აცნობებს სკოლის ადმინისტრაციას და ინფორმაცია ამის შესახებ აისახება შიდა სასკოლო სასწავლო გეგმაში.
მასწავლებელს შეუძლია დაამატოს შემაჯამაბელი დავალებები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დაესწრო შემაჯამებელ დავალებას, სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი და შესთავაზოს დამატებითი შემაჯამებელი სამუშაო. შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ვრცელდება, როგორც სვალდებულო, ისე მასწავლებლის მიერ დამატებულ შემაჯამებელ დავალებებზე. გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
შემაჯამებელი დავალების სხვადასხვა ფორმის, მაგალითად, ლაბორატორიული კვლევა, საველე-გასვლითი სამუშაო და სხვა, გამოყენებისას უნდა დადასტურდეს, რომ ასეთი სახის შემაჯამებელი სამუშაო ნამდვილად ჩატარდა, რისთვისაც სკოლის კათედრებს ევალებათ თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა მიიღოს პედაგოგმა განვლილი დროით შემაჯამებელი წერის ჩანიშვნის უფლება – ინსტრუქცია
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი