GE

რა ხდება ილიაუნის ბიზნესის სკოლაში და რას პასუხობს უნივერსიტეტი ლექტორების პრეტენზიას

ხვალ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია 7 მოწვეულ ლექტორთან შეხვედრას გამართავს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეულმა ლექტორებმა (თამთა გველესიანი, პაატა შურღაია, სალომე ციმაკურიძე, მარიამ თავზარაშვილი, გიორგი კენჭუაშვილი, ხათუნა მურჯიკნელი, გურამ შეროზია) განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სკოლის 7 ლექტორს ხელშეკრულება შეუწყვიტეს, რასაც ლექტორები არ ეთანხმებიან და უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

„ერთი კვირაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნეს სკოლაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება, როგორც სტუდენტების ასევე ჩვენი მეგობრების მხრიდან, სწორედ ამიტომ საჭიროდ ვთვლით, საჯარო განცხადება გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით:

2017 წლის შემოდგომის სემესტრიდან ბიზნესის სკოლის დეკანის ქ-ნ ნინო პატარაიას გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება, მოწვეული ლექტორების უმეტესობას შეგვიწყვიტეს. სამწუხაროდ, ამ ფაქტის შესახებ წინასწარი გაფრთხილება ან რაიმე სახის კომუნიკაცია არც ერთ ჩვენგანთან არ მომხდარა, ინფორმაცია მივიღეთ მას შემდეგ რაც თვითონ დავინტერესდით ცხრილების საკითხით, ვინაიდან სემესტრის დასაწყისი ახლოვდება.  უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნეს სკოლის დეკანი აბსოლუტურად გაუგებარი, არაპროფესიული, არაეთიკური და არასამართლიანი მიზეზებით ამყარებს თავის გადაწყვეტილებას, რაც კიდევ ერთხელ არ გვაძლევს გაჩუმების უფლებას, ვინაიდან თითეულ ჩვენგანს საკმაოდ დიდი ენერგია, შრომა და სიყვარული გვაქვს ჩადებული სწავლების პროცესში, სტუდენტებთან ურთიერთობასა და სხვადასხვა პროექტებში, რომლებშიც ილიაუნის სახელით ვმონაწილეობდით.

სწორედ ამიტომ, დღეს ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის კანცელარიაში შევიტანეთ განცხადება, რომელშიც მოცემული პროცესების მეტი გამჭვირვალობის და ობიექტურობის მისაღწევად ვითხოვთ რექტორთან შეხვედრას. იმედი გვაქვს მივაღწევთ იმას, რომ საკითხი დღის წესრიგში დადგეს და განიხილოს გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით“, – აცხადებენ ლექტორები. მიზეზებზე პირად წერილში საუბრობს ერთ–ერთი ლექტორიც

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საპასუხო განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის შვიდი მოწვეული ლექტორის ხელმოწერით გავრცელდა განცხადება. განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ შემოდგომის სემესტრში ბიზნესის სკოლამ შრომითი ხელშეკრულება არ განაახლა იმ მოწვეულ ლექტორებთან, რომლებიც სხვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები გახდნენ.

გვინდა, უფრო დეტალურად განვმარტოთ, თუ რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი.

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისევე როგორც საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აკრედიტაციას ახალი სტანდარტებით გადის.

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (იხ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი https://goo.gl/rWSELY ), ბიზნესის სკოლაში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ:

  • სტუდენტთა არსებული და მისაღები კონტიგენტების გათვალისწინებით მნიშვნელოვნად გავზარდეთ მუდმივი აკადემიური პერსონალის (პროფესორების) რაოდენობა ძირითად საგნებში;
  • აკადემიურ პერსონალთან, ახალი სტანდარტების შესაბამისად, გავაფორმეთ ხელშეკრულებები, რომლებიც მათ ავალდებულებს, აფილირებულები იყვნენ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჩართული იყვნენ არა მხოლოდ სწავლების პროცესში, არამედ კვლევით პროექტებში, სასწავლო პროგრამების ადმინისტრირებასა და უნივერსიტეტის ექსტრაკურიკულარულ საქმიანობაში, და, ასევე, ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიონ სტუდენტებს;
  • მოწვეულ ლექტორებთან უმეტესწილად ხელშეკრულებები გაფორმდა მხოლოდ არაძირითად საგნებში და ისიც მცირე საათობრივი დატვირთვით.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლებიც მიზნად ისახავს პროგრამების აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობას, პროგრამების შეუფერხებელ განხორციელებასა და ბიზნესის სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებას, შემოდგომის სემესტრში შრომითი ხელშეკრულებები არ განუახლდათ იმ მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც წინა წლებში ბიზნესის სკოლაში ძირითად საგნებს ასწავლიდნენ, ცოტა ხნის წინ კი სხვადასხვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები გახდნენ.

ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური იდენტობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს ძირითად საგნებს უნდა ასწავლიდნენ ჩვენივე უნივერსიტეტის პროფესორები“, – ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან ბიზნესის კოლის სტუდენტები ამბობენ, ამ მოვლენების გამო „ფაკულტეტზე სრული ქაოსი შეიქმნა“. სტუდენტები ხვალინდელ შეხვედრაზე მისვლას გეგმავენ და ამბობენ, რომ „სურთ ლექტორებს ზურგი გაუმაგრონ“.

„ესენი არიან ლექტორები, ვის გამოც ჩვენ მოგვწონს აქ სწავლა. მათზე დგას ეს სკოლა და გვინდა ზურგი გავუმაგროთ. შეხვედრა დახუყრული იქნება, თუმცა ინფორმაციას მისი დასრულების შემდეგ მაინც მივიღებთ. გვსურს დავანახოთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ ჩვენი აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია“.

რა შედეგით დასრულდება შეხვედრა ლექტორებსა და უნივერსიტეტს რექტორს შორის, ხვალ გახდება ცნობილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური