GE

რა ხდება, როდესაც მოსწავლე გაკვეთილებს აცდენს და ასრულებენ თუ არა სკოლები დადგენილ წესებს?

2019 წლის იანვრიდან სკოლებში  უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ახალი პირობებია ამოქმედებული, რომლის თანახმადაც, გარკვეული წესები უნდა დაიცვან როგორც სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა, ასევე მშობლებმა.

უსაფრთხოების წესებში ერთ-ერთი მუხლი სკოლის გაცდენას ეხება, იქ აღნიშნულია, რომ მოსწავლის მიერ საპატიო მიზეზით სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მშობელმა ინფორმაცია აუცილებლად დამრიგებელს უნდა მიაწოდოს.

საინტერესოა რამდენად ფლობენ მსგავსი წესების შესახებ ინფორმაციას მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლები, ან რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სკოლას აცდენს და ადმინისტრაციისთვის მიზეზი ცნობილი არაა?

გაცდენის აღრიცხვის პროცედურა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ მინისტრის შესაბამის ბრძანებაში შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

1. საპატიო მიზეზით მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია შეატყობინოს მოსწავლის კლასის დამრიგებელს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი საგნის მასწავლებლის ინფორმირებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ შესაბამისი საგნის მასწავლებელი არ არის ინფორმირებული, შესაბამისი საგნის მასწავლებელი მოსწავლის დაგვიანების/საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კლასის დამრიგებელს/უფლებამოსილ პირს. კლასის დამრიგებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაადგინოს მისი მიზეზი.

როგორც ტექსტიდან ირკვევა, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სკოლას გააცდენს და დამრიგებლისთვის მიზეზი ცნობილი არ არის, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს მოსწავლის ოჯახს და მიზეზები გაარკვიოს.

EDU.ARIS.GE  დაინტერესდა რამდენად სრულდება აღნიშნული წესები რეალობაში და ინტერესდებიან თუ არა სკოლები გამოუცხადებელი მოსწავლეების ადგილსამყოფელით. მშობლების უმეტესობა აცხადებს, რომ გაცდენის შესახებ მასწავლებელს ძირითადად თავად უკავშირდებიან, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

-„მე-5 კლასელი შვილი მყავს, დამრიგებელი თითქმის ყველა შეხვედრაზე გვეუბნება, რომ როცა ბავშვს აცდენინებთ, ყოველთვის უნდა ვიცოდე, სმს მაინც მომწერეთო. თავიდან ვწერდი, მაგრამ პასუხი არასდროს არ მიმიღია და ეჭვი შემეპარა საერთოდ თუ ნახულობდა მესიჯებს. მოხდა ისე, რომ ბავშვს ვირუსი შეხვდა და ერთი კვირა სკოლაში არ ყოფილა, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არავინ არ დაინტერესებულა სკოლიდან რატომ არ დადიოდა მოსწავლე ერთი კვირის განმავლობაში“.

-„ჩემი აზრით, ბავშვმა ხუთი წუთით რომ დააგვიანოს გაკვეთილზე, (დავუშვათ მშობელმა ამ დროში არ ან ვერ გააფრთხილა მასწავლებელი, უნდა მოიკითხოს. მე რომ პედაგოგი ვიყო, აუცილებლად მოვიკითხავდი“!

„არ მქონია მსგავსი შემთხვევა, რომ დაერეკათ, თუმცა ჩემი დაწყებით კლასშია და ზოგადად მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს“.

-„რას ამბობთ უფროსკლასელების ნახევარი სკოლაში არ დადის და ვინ დაიწყებს რეკვას თითოეული მათგანი სადაა რომ გაიგონ? თან წარმოიდგინეთ ეს პროცესი ქალაქის დიდ სკოლებში ათასზე მეტი ბავშვი რომ სწავლობს. მე სულ ვაკონტროლებ ჩემ შვილს და ყველა მშობელი ასე უნდა იყოს“.

-„მე ვიცი ერთი კარგი სკოლა, პირველ გაკვეთილზე აუცილებლად შედის მორიგე მასწავლებელი, რომელიც ყოველდღე იცვლება. იწერს ბავშვების სახელებს და გვარებს, რომლებიც არ არიან. გადასცემს დამრიგებელს, დამრიგებელი თავის მხრივ რეკავს მშობლებთან და არკვევს, რატომ არ მოვიდნენ სკოლაში.“

-„კერძო სკოლიდან საჯაროში გადავიყვანე და ამ კუთხით დიდი განსხვავება დავინახე, მაგალითად ბავშვს რამდენიმე დღე გაუცდენია ავადმყოფობის გამო და არავის არ მოუკითხავს აბსოლუტურად სკოლიდან. კერძოში ისედაც მათი კუთვნილი ტრანსპორტით დადიოდა და თუ აცდენდა საქმის კურსში იყო დამრიგებელი.“

-„საჯარო კი არა, კერძო სკოლის მასწავლებელი არ მოიკითხავს გაცდენაზე, ბავშვი რატომ არ გამოცხადდაო.“

მშობლები სკოლებსა და მის ადმინისტრაციას მეტი კონტროლის მექანიზმებს სთხოვენ, თუმცა რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული სურვილის ყველა სკოლაში გათვალისწინება ძნელი სათქმელია. სხვადასხვა წესების დარღვევის შემთხვევებზე დოკუმენტში შემდეგი განმარტებაა გაკეთებული:

მუხლი 64. წესის დარღვევა 1. ამ წესის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შინაგანაწესში ამ წესის დარღვევისათვის შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებების განსაზღვრა, დარღვევის შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური