GE

რა ხვრელებს ეძებენ ქართული სასწავლებლები პროგრამების აკრედიტაციისთვის და რატომ არის სახიფათო ყაზახეთთან გაფორმებული მემორანდუმი?

კონსტანტინე თოფურია, „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი და ორგანიზაცია „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ (ახლო წარსულში კერძო უნივერსიტეტების ასოციაცია) დამფუძნებელი და თავმჯდომარე, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ძალიან კარგად თანამშრომლობს და სწორედ მისი ალიანსის ინიციატივითა და რჩევით გაფორმებულ მემორანდუმს ასახელებს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ მიღწევად:

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გასულ თვეს (აპრილი, 2019 edu.aris.ge) ცენტრსა და ყაზახეთის რესპუბლიკის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოს (IAAR) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა“, – ვკითხულობთ ხარისხის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ეს ყველაფერი კი ENQA – „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ საქართველოს განათლების ხარისხის ცენტრის გაწევრიანების გამო დაწყებული უწყვეტი ზეიმის ფონზე ხდება.

EDU.ARIS.GE საკითხში გარკვევას შეეცადა და ყაზახეთის რესპუბლიკაში ქართული ინსტიტუტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესაძლებლობით დაინტერესდა.

თუ უმაღლესი განათლების აკრედიტაციის დებულებას წავიკითხავთ, ან „ექე“-ს დირექტორს, გიორგი ვაშაკიძეს მოვუსმენთ:

„საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების წესი და პირობები 2017 წელს გაიწერა. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს აკრედიტაცია, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს ასევე აკრედიტაცია, რომელიც მინიჭებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს  უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია, თუ ამ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებთან. ამგვარი აღიარების შესახებ დათქმა გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.

აღნიშნული რეგულაცია საშუალებას აძლევს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ პროგრამული აკრედიტაციის მისაღებად მიმართონ არა მხოლოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, არამედ იმ უცხოურ ორგანიზაციებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს“, – რაც იმას ნიშნავს რომ დღეს, საქართველოში ყაზახეთის ცენტრის მიერ აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებული არ იქნება.

მიუხედავად ამისა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, ქართულ ინსტიტუტს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, რომ ქართული საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზაცია არა ქართულ „ექე“-ში, არამედ, ყაზახეთში არსებულ აკრედიტაციის ცენტრში გაიაროს?

„ექე“-ს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ლაშა მარგიშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ყაზახური აკრედიტაციის ცენტრის სასარგებლოდ ვერცერთი არგუმენტი ვერ დაასახელა, კონსტანტინე თოფურიას, რომელიც თვლის, რომ გეოგრაფიული ველი უნდა გაფართოვდეს და მათ შორის ყაზახეთში აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობასაც მიესალმება, არგუმენტები ნამდვილად გააჩნია:

1. შეიძლება რომ ქართულ „ექე“-ს, არ ჰყავდეს ცალკეული პროგრამების ექსპერტები, არ აღმოაჩნდეს ექსპერტიზა, ან არ ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის, თუ ავტორიზაციის მიღება საჩქაროა და არსებული ექსპერტები სხვა პროგრამის ექსპერტიზით არიან დაკავებული.

2. ყაზახური აკრედიტაციის  ცენტრი, ქართულ „ექე“-ზე ბევრად მეტ საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული, შესაბამისად პროგრამის აკრედიტაციის დროს სხვადასხვა მსოფლიო ასოციაციების აღიარებას მიიღებ.
(edu.aris.ge-ს მიერ მოძიებული ინფორმაცია: IAAR-ყაზახეთი -ENQA, WFME, APQN, INQAAHE, IREG, CIQG, AQAAIW, CEENQA, FIBAA, ASIIN, ACBSP, Росаккредагентство, РусскийРегистр, და სხვ.)

3. „ნებისმიერ შემთხვევაში კონკურენცია კარგია. უმჯობესია „ენქას“ წევრ ნებისმიერ ინსტიტუციას მიეცეს აკრედიტაციის შესაძლებლობა და იყოს უფრო ფართო“.

4. ყაზახური აკრედიტაციის ცენტრი პოლიტიკურად არის ნეიტრალური – „ყაზახურ ორგანიზაციას არაერთი მაკონტროლებელი ჰყავს და ამდენი წლების ფონზე არ დაუკარგავს სანდოობა. ასევე, რადგან ყაზახური ორგანიზაცია კერძოა, აქ ჩვენ დაცულები ვართ ყოველგვარი პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან“.

ეს რაც შეეხება ინიციატორის მიერ მიჩნეულ სასიკეთო არგუმენტებს ყაზახეთის სასარგებლოდ, თუმცა დარგის სპეციალისტებისთვის ყაზახეთი უხარისხო ინსტიტუტების ხვრელია, რომელიც მათ არსებობას და შესაბამისად ქვეყანაში უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

„ეს არის დაქოქილი ნაღმი! ძალიან ცუდი რამ“, „2017 წლის დებულებით გამოირიცხა აკრედიტაციის მიღება სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში და ა. შ., რომ ხვრელი არ გაჩენილიყო“ – ასე აფასებენ სპეციალისტები საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ყაზახეთის რესპუბლიკის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოს (IAAR) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.

საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელსაც და როგორც თამარ სანიკიძე ამბობს, საქართველო რისკავს.

„საქართველოში მომრავლდა სამედიცინო სკოლები, მათ შორის უცხოელი სტუდენტების მიმღებები და ამავდროულად გაჩნდა შიში იმისა, რომ საქართველო გადავიდა ევროპულ სტანდარტებზე, თანაც მოიპოვა სამედიცინო სკოლებისა და პროგრამების აკრედიტაციის უფლება და საქართველოში აღარ არის ადვილი აკრედიტაციის მიღება, დაიწყო ხვრელების ძებნა. ყაზახეთი არის ზუსტად ეს ხვრელი! როდესაც სხვა ევროპულ სააგენტოებთან არ დაწყებულა ურთიერთთანამშრომლობა, რატომ ყაზახეთ? ყაზახეთს აქვს მოპოვებული სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება. მათ მიერ აკრედიტებული სამედიცინო პროგრამები იქნება აღიარებული ევროპაშიც და ამერიკაშიც. ასეთივე აღიარება აქვს ჰოლანდიასაც. თუ ხარისხს და კარგ, დამოუკიდებელ ექსპერტიზას ვეძებთ, რატომ ჰოლანდია არა? ეს აღიარება, დიდი შრომის ფასად 2017 წელს მოვიპოვეთ ჩვენც. ამიტომ რა საჭიროა ყაზახეთთან თანამშრომლობა? ყაზახეთს შეიძლება ჰქონდეს კარგი სტანდარტები, მაგრამ იქ არსებული კორუფციის დონე არის დიდი რისკი“, – ამბობს სანიკიძე.

კორუფციის ფონზე გამოკვეთილი საფრთხეების შესახებ ჩვენ „ექე“-ს ამჟამინდელ დირექტორს, გიორგი ვაშაკიძეს ვკითხეთ, თუ რატომ გვინდა მივცეთ შესაძლებლობა, მაგალითად, ქართულ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ პროგრამების აკრედიტაცია კორუფციის ინდექსით 124-ე ადგილას მყოფ ყაზახეთში (2018 წლის გამჭირვალობა ინტერნეიშენელის ანგარიში) მოიპოვონ და არა ევროპაში, ასეთი პასუხი მივიღეთ:

„მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანია, ორგანიზაციებს შორის განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული მემორანდუმი ყაზახეთის სააგენტოს მიერ აკრედიტებული პროგრამების აღიარების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს“.

ცნობისთვის:

  • ყაზახეთის IAAR-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები
  • ყაზახეთის IAAR-ს აკადემიური საბჭოს წევრები
  • 2019 წლის 23 მარტს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი შეეცვალა და პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად ნურ-სულთანი (მზის სხივი) დაერქვა.

„ENQA-ს“ ანგარიშის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ნაკლებად თავისუფალი ორგანიზაციაა, აკრედიტაციის დებულების (მინისტრის ბრძანების) შეცვლას კი ბევრი დრო არ უნდა. გაუჭირდება?…

ბატიაშვილის რეფორმა (?)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური