GE

„რაც არდადეგები გვაქვს, კომპიუტერი აღარც ჩამირთავს“ – მოსწავლეები საგაზაფხულო არდადეგებზე საუბრობენ

სასწავლო პროცესის დასწრებულად განახლებიდან ორ კვირაში, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ სკოლებში არდადეგების განრიგს კანონი არეგულირებს, ამ ფაქტმა ზოგიერთი მშობლის უკმაყოფილება მაინც გამოიწვია, რადგან პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლისას ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში მაინც მოწყვეტილნი იყვნენ ტრადიციულ სასკოლო გარემოს.

ამის მიუხედავად, არდადეგები პანდემიის პირობებშიც არდადეგებად დარჩა და სასწავლო პროცესს სკოლის მოსწავლეები 15 მარტიდან დაუბრუნდებიან.

სკოლის მოსწავლეები კი EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ ერთი კვირა დიდი არდადეგები სულაც არ არის და მათი უმეტესობა ამ დროის მანძილზეც ასრულებს დავალებებს.

ნინო წიწილაშვილი მე-10 კლასის მოსწავლეა, ის რაიონში სწავლობს, ამიტომ სასწავლო პროცესი მის სკოლაში უფრო ადრე 1-ელ თებერვალს განახლდა. როგორც ნინო ამბობს, რადგან დამამთავრებელ კლასშია, მაინც ჩვეულ რეჟიმში მეცადინეობს.

„მასწავლებლებმა ჩვეულებრივ მოგვცეს დავალებები და ვმეცადინეობ, ისედაც უკვე დამამთავრებელ კლასში ვარ და საკმაოდ დატვირთული ვარ. ამიტომ, არდადეგებსაც ისე შევხვდი, როგორც წინა წლებში. პანდემიის გამო არანაირი განსხვავება არ ყოფილა. ალბათ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვისაც დიდი პერიოდი მოუწია დისტანციურად სწავლა და ასევე მასწავლებლებისთვის, რომლებიც სკოლაშიც დადიოდნენ და ონლაინ გაკვეთილებსაც ატარებდნენ“, – განაცხადა ნინო წიწილაშვილმა.

ქრისტინე ობოლაძე თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა. მისი თქმით, მასწავლებლებმა უთხრეს, რომ კარგად დაესვენათ, ოღონდ კომპიუტერთან და ტელეფონთან ნაკლები დრო გაეტარებინათ, თუმცა დედა მაინც ამეცადინებს, მას კი ხანდახან ეზარება.

„მასწავლებლებმა გვითხრეს, რომ ეს დრო კარგად გამოგვეყენებინა დასვენებისთვის, არ გაგვეტარებინა დრო ტელეფონთან და კომპიუტერთან, რადგან ძალიან დიდხანს ვსწავლობდით ონლაინ და კომპიუტერთანაც დიდ დროს ვატარებდით. ბევრი დავალებები არ მოუციათ, თუმცა დედა მაინც ყოველდღე მამეცადინებს. მასწავლებლების თხოვნას ბოლომდე მაინც ვერ ვასრულებ და ხანდახან კომპიუტერულ თამაშებსაც ვთამაშობ“, – ამბობს ქრისტინე.

ელენე და დათო სუთიძეები მე-3 და 1-ელ კლასში არიან. ელენეს ძმისგან განსხვავებით არდადეგები არ უნდოდა, რადგან იძულებითი სახლში ყოფნის შემდეგ მონატრებული სკოლა და კლასელები ისევ არ ეთმობოდა.

„მასწავლებელმა გვითხრა, რომ ამ არდადეგების განმავლობაში კომპიუტერისგან და ტელეფონისგან შორს ვყოფილიყავით, წიგნები გვეკითხა და გამრავლების ტაბულა გვემეცადინა. მე არ მინდოდა არდადეგები, სკოლაში დროს საინტერესოდ ვატარებთ, კლასელებს ვხვდებით. სულ სახლში ყოფნა მოსაწყენია, გარეთაც ვერ გავდივართ და ამიტომ სკოლა მირჩევნია. მე ჩემით ვმეცადინეობ, ჩემს ძმას დედიკო ამეცადინებს, იმიტომ რომ 1-ელ კლასშია და დახმარება სჭირდება. მე ახლა „ჰარი პოტერს“ ვკითხულობ, რადგან სკოლაში რომ დავბრუნდებით წიგნიერების გაკვეთილზე ჩვენ მიერ წაკითხულ წიგნებზე ვსაუბრობთ ხოლმე“, – ამბობს ელენე.

დათოსთვის კი ეს პირველი ოფიციალური ტრადიციული არდადეგებია. მისი თქმით, არდადეგების მოსვლა იმიტომ უხაროდა, რომ სოფელში უნდოდა წასვლა, თუმცა თბილისში დარჩენა მოუწია და უხარია, რომ მალე ისევ სკოლაში დაბრუნდება.

„არდადეგებზე სოფელში მივდივართ ხოლმე, იქ უფრო კარგად ვერთობი და ამიტომ მიხაროდა. დედა მაინც სულ მამეცადინებს, რომ კითხვა კარგად ვისწავლო და მოთხრობები წავიკითხო. ციცო მასწავლებელმა მარტო ის გვთხოვა, რომ ბევრი ვიკითხოთ და რომ დავბრუნდებით სხაპასხუპით ვუპასუხოთ მასწავლებელს. კიდევ გვითხრა, რომ არ გვეთამაშა ტელეფონზე, მაგრამ მე მაინც ვთამაშობ ხანდახან“, – გვიზიარებს დათო სუთიძე.

ნია ჩხიკვაძე, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა. მშობლის გადაწყვეტილებით ის ისევ ონლაინ სწავლობს, თუმცა საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ საკლასო ოთახში დაბრუნდება, ამიტომ მოუთმენლად ელის ერთწლიანი პაუზის შემდეგ კლასელებთან და მასწავლებელთან შეხვედრას.

„არდადეგების მოსვლა იმიტომ მიხაროდა, რომ ისევ ონლაინ გაკვეთილები მიტარდებოდა, რადგან დედას ეშინოდა კორონავირუსის და სახლიდან ვსწავლობდი. ზუსტად ერთი წელია სკოლაში არ მივლია, არდადეგების დასრულების შემდეგ კი სკოლაში დავბრუნდები, ჩემს კლასს შევუერთდები, კლასელები და მასწავლებლები ძალიან მომენატრა. რაც არდადეგები გვაქვს, კომპიუტერი აღარც ჩამირთავს. სახლში პატარა დასთან ერთად ვერთობი, ვკითხულობ და ვხატავ. აღარ მინდა, რომ ისევ ონლაინ ვისწავლო და მოუთმენლად ველოდები სკოლაში დაბრუნებას“, – ამბობს ნია.

გიო პაპიძე ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეა. მან არდადეგების განმავლობაში დისტანციურად მოახერხა რამდენიმე ჯილდოს მიღება.

„არდადეგებზე დედა ტესტებს მაკეთებინებდა ინტერნეტში და რამდენიმე ჯილდო მივიღე კარგი ნამუშევრისთვის, რითაც სკოლაში დაბრუნებისას მასწავლებლებს ძალიან გავახარებ. სკოლა მიყვარს, მაგრამ დასვენებაც კარგია. დედას არ უნდოდა, არდადეგები რომ გვქონოდა. ასე ამბობდა, ძლივს ნორმალური სწავლა დაიწყო და რა დროს დასვენებააო, მაგრამ ახლა სკოლაში დავბრუნდებით და ონლაინ აღარ ვისწავლით, ამიტომ მასაც უხარია“, – გვიამბო გიორგიმ.

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო და 15 მარტამდე გაგრძელდება. სკოლების უმრავლესობა სასწავლო პროცესს ტრადიციულად საკლასო ოთახებში გააგრძელებს, თუმცა პანდემიის გამო, კვლავ რჩება სკოლები და ცალკეული კლასები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება.

მოსწავლეები ლურჯი მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ, სტუდენტები და მასწავლებლები – შეღავათიანი ტარიფით

„პანდემიის შედეგად სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის რემედიაციის პროგრამები უნდა დაინერგოს“ – ქართველი დირექტორები და მასწავლებლები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური