GE

რამდენ ავტომობილს ფლობდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაყოფამდე

მთავრობის სტრუქტურის ცვლილების ფარგლებში, პარლამენტმა განათლების სამინისტროს კულტურის და სპორტის კომპონენტი ჩამოაშორა და ცალკე სამინისტროდ ჩამოაყალიბა, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

დაახლოებით 2 წლის წინ,  მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით გააერთიანეს, თუმცა ამ შერწყმამ გამოიწვია ის, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მხარჯველი უწყება გახდა. საინტერესოა როგორ შეიცვლება საბიუჯეტო გადანაწილებები სამინისტროების გაყოფის შემდეგ, რასაც EDU.ARIS.GE თვალს აუცილებლად მიადევნებს.

ამჯერად გაერთიანებული უწყების ბალანსზე არსებული ავტომობილებით და სატრანსპორტო ხარჯებით დავინტერესდით. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბალანსზე ჯამში 46 ავტომობილი ირიცხებოდა. უწყების  აპარატის ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო ხარჯების შესახებ ასეთია: საწვავის ხარჯი მთელი წლის მანძილზე 176 004 ლარი, ხოლო ტრანსპორტის ტექნიკურ მომსახურება – 181,211 ლარი.

სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილები განათლების, კულტურისა და სპორტის კომპონენტებისთვის ასე იყო განაწილებული: 23 მსუბუქ ავტომობილს ფლობდა განათლება, კულტურას ჰყავდა 15 ავტომობილი და სპორტს – 8. შესაბამისად, თეა წულუკიანის უწყებას ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების  შემდეგ, 23 ავტომობილი შეხვდებოდა.

რაც შეეხება, კონკრეტულად, განათლების მიმართულებას, მისთვის განკუთვნილი 23 ავტომობილის ღირებულება შეფასებულია 134 147 ლარად. უწყების მფლობელობაში ყველაზე ახალია 2019 წელს გამოშვებული კია, რომლის ღირებულებაც  41 019 ლარია, თუმცა ექსპლუატაციის შემდეგ შეფასებულია 31 297 ლარად. სამინისტროს ბალანსზეა, ასევე, 2018 წელს გამოშვებული ტოიოტა პრადო LC 150 , რომელიც 31 297 ლარადაა შეფასებული. ავტოპარკში გვხვდება ასევე 2015 წლის გამოშვების, 12 786 ლარად შეფასებული ავტომობილი MERCEDES BENZ(SPRINTER 308 CDI). ჩამონათვალშია ასევე  2011 წელს გამოშვებული რამდენიმე კია სპორტიჯის მარკის ავტომობილი, რომელთა საბაზრო ფასიც 23 000 ლარია, თუმცა 2020 წლის მონაცემებით შეფასებულია 14 973 ლარად.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების მიმართულებით რამდენიმე სსიპ-ს აერთიანებს და უწყების მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს სამინისტროს თანამშრომლების გარდა, სსიპ-ების წარმომადგენლებიც იყენებენ.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების იდეა 2018 წელს, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა და განახორციელა კიდეც, თუმცა რეფორმიდან 2 წლის შემდეგ მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ კონცეფციამ არ გაამართლა და უწყებები ისევ ცალ-ცალკე დაიყო.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დაამტკიცეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური