GE

რამდენ საათს უნდა ატარებდეს ბავშვი ეკრანთან – ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაცია

COVID-19-ის პანდემიამ ბავშვები ეკრანებს კიდევ უფრო მეტად მიაჯაჭვა. სმარტფონები, პლანშეტები, სათამაშო კონსოლები, ტელევიზორები და კომპიუტერები განსაკუთრებით დიდი საფრთხის წინაშე აყენებენ მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ეს საკითხი მშობლებს განსაკუთრებით აღელვებთ – მათ ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ მოქმედებს ტექნიკასთან მუდმივი დამოკიდებულება პატარების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფსიქიკურ სიჯანსაღეზე.

EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ ამერიკის პედიატრიის ინსტიტუტის მიერ გაცემულ  რეკომენდაციებს მშობლებისთვის, რომლებიც ვფიქრობთ დაგეხმარებათ საკუთარი შვილების სწორად კონტროლში.

რამდენ საათს უნდა ატარებდეს ბავშვი ეკრანთან?

ინსტიტუტის რეკომენდაციით, მოზარდი ეკრანთან 5-6 საათს უნდა ატარებდეს, უფრო პატარა კი, უფრო ნაკლებ დროს, ასაკის თავისებურებიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდაციაა, რომ მხოლოდ საგაკვეთილო საათებში უნდა გამოიყენონ ეკრანები.

მოზარდები ეკრანთან საშუალოდ  8-9 საათს ატარებენ, 8-დან 12 წლამდე ბავშვები 4-5 საათს – ასეთია ამერიკის პედიატრთა ასოციაციის  რეკომენდაციებში მოყვანილი სტატისტიკა და ნათქვამია, რომ თუ ეს ყოველდღიურად გრძელდება, მაშინ ეს დრო სრულიად საკმარისია მათი ჯანმრთელობის დასაზიანებლად. “იმის მიუხედავად, რომ ეკრანებს შეუძლიათ ბავშვების გართობა, სწავლება და დაკავება, მისი გადაჭარბებული და ყოველდღიური  გამოყენება შემაფერხებელ პირობებს ქმნის ბავშვის ჯანსაღი  ფსიქო-ფიზიკური განვითარებისთვის”, – ნათქვამია რეკომენდაციაში.

ამერიკის პედიატრიის ინსტიტუტი მშობლებს ურჩევს შეძლონ დროის მენეჯმენტის კონტროლი და ეკრანის გამოყენების უფლება მისცენ მხოლოდ საჭიროებების შემთხვევაში. მაგალითად, ასეთია: ონლაინ გაკვეთილები, ინფორმაციის მოძიება და სიახლის გაგება.

რეკომენდაციაში ვკითხულობთ:

,,ნება მიეცით თქვენს შვილებს ისაუბრონ უფრო მეტი გაგიზიარონ და გაუზიარეთ ემოციები;

წაახალისეთ ისწავლოს სხვა აქტივობები, როგორიცაა სპორტი, მუსიკა, ხელოვნება და ჰქონდეთ ჰობი, რომლებიც არ მოიცავს ეკრანებს;

გაეცანით ყველა აპლიკაციას, რომელსაც თქვენი შვილი იყენებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ასაკის შესაბამისია;

ასწავლეთ ბავშვებს ონლაინ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა;

წაახალისეთ ეკრანების გამოყენება შემოქმედებითად, მაგალითად: ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით.

გაითვალისწინეთ, თქვენი შვილის ან მოზარდის სიმწიფე და ჩვევები მათი ინდივიდუალური ხასიათი, ოჯახის საერთო პორტრეტი და გახსოვდეთ, რომ ერთი ოჯახის სწორი გეგმა შეიძლება არ იყოს შესაფერისი მეორისთვის.

ეკრანი ჩართეთ მხოლოდ მაშინ, როცა გამოყენებას გეგმავთ; არ დატოვოთ საძინებელში, როცა გძინავთ და აუცილებლად გამორთეთ ძილის წინ 30-60 წუთით ადრე.

რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია ყველა მშობელმა შეძლოს აკონტროლოს მათი შვილის ქცევა და იფიქროს იმ უარყოფით მხარეებზე, რომელიც  თავის  პოზიციის დათმობის შედეგად შეიძლება  მიიღოს“.

რა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში ეკრანზე 5-6 საათზე მეტი დროის გატარებამ?

ძილის პრობლემები; ნაკლები წიგნების კითხვა; ნაკლები დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარება; არასაკმარისი გარე ან ფიზიკური აქტივობა; წონის პრობლემები; განწყობის ცვლილება; კიბერდანაშაული;  მცდარ ან არაზუსტს ინფორმაციასთან წვდომა; გაღიზიანება; არასაიმედო და რისკის შემცველი ქცევა – ეს იმ პრობლემების ნაწილია, რასაც ეკრანდამოკიდებულება იწვევს.

ამერიკის წამყვანი პედიატრები გვირჩევენ, რომ თუ გვინდა თავიდან ავირიდოთ ეს შედეგები, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ დღის განმავლობაში რამდენ დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან და რა საჭიროებისთვის.

ასევე იხილეთ:

სწავლის გაუარესების მიზეზები ბავშვებში და მათი გამოსწორების გზები

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური