GE

რამდენად ვრცელდება ინფორმაციის თავისუფლება მოსწავლეთა ნიშნებზე?

საქართველოში დღემდე მიიჩნევა, რომ საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოსწავლეთა ნიშნების ღიად გამოცხადება. თითოეული მოსწავლის შეფასება, ზეპირი გამოკითხვის შემთხვევაში, ხმამაღლა ცხადდება კლასში გაკვეთილის დროს. თითოეულ კლასს ერთი საკლასო ჟურნალი აქვს ყველა საგნისათვის, ამიტომ ყველა საგნის მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს მოსწავლის ნიშნებს სხვა დისციპლინებში. მასწავლებელს ჟურნალში შეუძლია ნახოს არა მარტო ზეპირი გამოკითხვის, არამედ წერითი სამუშაოების შეფასებებიც. ნიშნების გამოცხადება ღიად ხდება მშობელთა კრებებზეც. აქედან გამომდინარე, მოსწავლის ნიშნები არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოებას.

ჩნდება შემდეგი კითხვები: მოსწავლეთა ნიშნები მათ პირად საიდუმლოებას ხომ არ უნდა განეკუთვნებოდეს? საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი თვალსაზრისით, რამდენად მართებულია ნიშნების ხელმისაწვდომობა ყველა მასწავლებლის, მოსწავლის და თანაკლასელების მშობლებისათვის?

საინტერესოა, როგორია საერთაშორისო გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცანით რამდენიმე დასავლური ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას სკოლის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ნიშნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსწავლეებს და მათ მშობლებს მხოლოდ ინდივიდუალურად უნდა გააცნოს კონკრეტული საგნის მასწავლებელმა. ძნელია ნიშნების ასეთი ღიაობის დადებითი ეფექტის დამადასტურებელი მაგალითების მოყვანა. უარყოფითი ეფექტი კი ბევრია:

ნიშნების ღიაობა ხშირად იწვევს მოსწავლეებს შორის უარყოფითი მუხტის ჩამოყალიბებას. მოსწავლეს თანაკლასელებსა და მასწავლებლებს შორის ექმნება გარკვეული იმიჯი (ცუდი, საშუალო ან კარგი მოსწავლის), რისი შეცვლაც შემდეგ რთულია. ცუდმა მოსწავლემ ძალიან რომ მოინდომოს და კარგად მოემზადოს გაკვეთილებისათვის, გაუჭირდება პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება გარშემომყოფთა შორის სწორედ იმის გამო, რომ მისი ძველი შეფასებები ყველასათვის ცნობილია. როგორც წესი, ე.წ. „ცუდი მოსწავლე“, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აღარ ცდილობს სწავლის გაუმჯობესებას, რადგანაც ეგუება ამ იმიჯს და საკუთარი თავის რწმენას კარგავს. უკვე ხომ ისედაც ყველამ იცის, რომ ის ცუდი მოსწავლეა. განსაკუთრებით დიდია უარყოფითი ეფექტი, როცა მოსწავლის ნიშნები ყველა დიციპლინაში ერთ საკლასო ჟურნალშია შეტანილი და მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს მოსწავლის მოსწრებას სხვა საგნებში. როგორც წესი, ეს იწვევს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. მაგალითად, თუკი მოსწავლის შეფასება ფიზიკაში საშუალოდ 3-ია, ისტორიაში მან ბრწყინვალედაც რომ მოამზადოს გაკვეთილი, როგორც წესი, მასწავლებელი მას უმაღლეს შეფასებას აღარ აძლევს.

დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მოსწავლის მხოლოდ საერთო სემესტრული ნიშანი არ არის დაფარული.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური