GE

რამდენი ავტომობილი შეიძინეს უნივერსიტეტებმა 2017 წელს და რა დარღვევებზე საუბრობს აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ ავტომობილების შეძენის და ექსპლუატაციის საკითხები შეისწავლა და გააკეთა დასკვნა, რომ ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის დადგენილება შესრულებული არ არის. შემოწმებულ უწყებებს შორის ერთ-ერთი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და მასთან დაქვემდებარებული უწყებებია. კვლევა 2017 წლის პერიოდს მოიცავს.

ზემოთ ხსენებული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო უწყებებს ავტოტრანსპორტისთვის საჭირო ფინანსების დაზოგვა უნდა მოეხდინათ, თუმცა როგორც ირკვევა, ასე სულაც არ არის. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფო უწყებებს დაევალათ ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმების შედგენა და სახელმწიფო კომისიისთვის წარდგენა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული გეგმები დამტკიცებული არ არის.

შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 14-ში ავტომობილების რაოდენობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულს 401 ერთეულით აღემატება, რითაც არ არის გათვალისწინებული მთავრობის დადგენილების მოთხოვნები. ასევე, მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, შეძენილი 274 ავტომობილიდან, მთავრობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შესყიდულია მხოლოდ 59 ერთეული.

ავტომობილების შემსყიდველ ორგანიზაციებში გვხვდება განათლების სფეროს უწყებებიც. მაგალითად, მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესყიდული აქვს 5 ავტომობილი და 5-ვე აღნიშნული დადგენილების მოთხოვნათა დაცვის გარეშე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეძენილი აქვს 10 ავტომობილი და აქედან – 3 დადგენილების გვერდის ავლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეძენილი აქვს 14 ავტომობილი წესების დაცვით, ასევე დარღვევების გარეშე აქვთ შეძენილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს – 11, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას კი ერთი ავტომობილი.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში საუბარია მთავრობის დადგენილების ნაკლოვანებებზეც. კერძოდ, დოკუმენტში მოცემული მოთხოვნები არ იძლევა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე (ჰიბრიდული და ელექტროავტომობილები) ავტომობილების შეძენის შესაძლებლობას. აუდიტმა დაადგინა, ასევე რომ მთავრობის დადგენილება ავტომობილების შეძენამდე არ ითვალისწინებს მათი ხარჯეფექტურობის ანალიზსაც. გამოიკვეთა ნაკლოვანებები სამორიგეო ავტომობილების განკარგვის პროცესში, ასევე საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.

„12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა ავტომობილების ექსპლუატაცია. აუდიტის ობიექტებიდან (შსს-ს სტრუქტურული ერთეულები) მიღებული განმარტებით, მოხელის შვებულებაში ყოფნისას ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, ხშირად ხდება საჭირო, უმოკლეს დროში შვებულებისას მოხელის გამოძახება, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს − შვებულების პერიოდშიც ესარგებლა სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს“, – ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურმა მსგავსი სისტემური ანგარიში პირველად ჩაატარა. შემოწმდა 34 ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; ასევე, ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური