GE

რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი სახელოვნებო, სასპორტო და სამხედრო მიმართულებაზე სწავლის გასაგრძელებლად

სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა, სანამ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ, უნდა გაიარონ შესაბამისი კონკურსი (შემოქმედებითი ან სპორტული ტური, რომლისთვისაც რეგისტრირდებიან უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში) და ჩააბარონ:

ა) 3 სავალდებულო გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა), თუ სასწავლებელმა (საგანმანათლებლო პროგრამამ) მიუთითა მეოთხე, არჩევითი გამოცდა, აბიტურიენტები ამ გამოცდასაც ჩააბარებენ;

თუ სასწავლებელმა მიუთითა 3 სავალდებულო გამოცდა, მაგრამ აბიტურიენტს სურს ერთიანი ეროვნული გამოცდებით გრანტის მოპოვება, მას შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი არჩევითი გამოცდა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის კონკურსში.

ბ) ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად (ეს პუნქტი ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს).

ზემოაღნიშნული კონკურსი (შემოქმედებითი ან სპორტული ტური) ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. ზუსტი ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის სასწავლებლებს.

აბიტურიენტი ვერ ჩაირიცხება სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუ მას არ ექნება ჩაბარებული შემოქმედებითი ანსპორტული ტური.

რაც შეეხება სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებას, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე უნდა გაიარონ შესაბამისი კონკურსი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლისთვისაც რეგისტრირდებიან უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ:

ა) 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა) და ერთ-ერთ არჩევით გამოცდას;

ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე (ეს პუნქტი ეხებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს).

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ჩაატარებენ სპეციალურ შემოქმედებით და სასპორტო ტურებს (კონკურსს), სამხედრო უმაღლესი სასწავლებლის მიერ დადგენილ კონკურსს და შესაბამისი ქულებით შეაფასებენ აბიტურიენტებს და დადგენილ ვადაში მიაწვდიან ამ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

ტურებისა და კონკურსის სახელწოდებებსა და ინფორმაციას მათი ჩატარების ვადებისა და პროცედურების შესახებ გამოაქვეყნებენ თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

სიახლეები გამოცდების შესახებ

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური