GE

რას ფიქრობს განათლების რეფორმაზე ექიმი ლადო კახაძე – განათლებული ადამიანი ანთებული სანთელია, ამას დაასაქმებს, იმას ასწავლის…

გასულ კვირას პარლამენტში მწვავე დებატების ფონზე წარიმართა მთავრობის ინიციატივის განხილვა, რომელიც ქვეყანაში განათლების სექტორის დაფინანსების ზრდას ეხება, რაც 2022 წლისთვის მშპ-ს 6%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს და კონკრეტული გეგმების და ციფრების წარმოდგენას ითხოვს, მათი პოზიცია EDU.ARIS.GE – მ უკვე შემოგთავაზათ. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობს განათლებასთან დაკავშირებულ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ექიმი ლადო კახაძე. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ცალსახად ემხრობა.

„ცალსახად მხარს ვუჭერ პრემიერის ინიციატივას, ჩვენი გადარჩენა არის განათლებული, კარგად ორგანიზებული და ემპირიზმიდან მეცნიერებაში გადმოსული საზოგადოება. ტექნიკა, ტექნოლოგიები, ინოვაციები, ახალი სწრაფვა, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ ისეთი ქვეყნებისგან, რომლებმაც ეს გამოიარეს და დიდებულ წარმატებას მიაღწიეს. ეს იქნება იაპონია, ფინეთი, ნორვეგია, იგივე ძველი კლასიკური ევროპული ქვეყნები, რომლებმაც თავისი შთამომავლის და მემკვიდრისთვის ყველაფერი გააკეთეს ხვალინდელი დღის თვალებით დანახვისთვის, ეს არის განათლება, განათლებაზე ძლიერი კომპონენტი დედამიწაზე არ არსებობს, განათლებული ადამიანი ნაკლებ შეცდომას უშვებს და უფრო სანდოა, განათლებული ადამიანი აკეთებს არამარტო თავისთვის, არამედ სხვისთვის, ის ეკოლოგიურ გარემოს არ არღვევს, სანამ იტყვის მანამ ფიქრობს და ყველაფერს აკეთებს თვითრეგულირების და სწორად ორიენტირების გზაზე. ამიტომ, ჩემი მხარდაჭერა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში ყოველთვის იქნება ცალსახა“, – აცხადებს ლადო კახაძე.

კანდიდატის თქმით, განათლებაში ჩადებული თანხა არის მომგებიანი ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის მრავალმხრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„განათლებაში ჩადებული ფული უცებ არ ბრუნდება, სჭირდება დრო. არის ისეთი რგოლი, რომელიც დღეს კარგად არის ორგანიზებული და ადამიანს სახელმწიფოს დახმარებით თუ საკუთარი პოტენციალით შეუძლია აიღოს სტარტაპი და ეს წაშველება ტექნოლოგიების და ინოვაციების შემოტანაში, რა თქმა უნდა, ერთი მხარეა. განათლებული ადამიანი პერსპექტიულია იმით, რომ ის არ გაჩერდება, ის ანთებული სანთელია, მეორე და მესამე სანთელს აანთებს, ამას დაასაქმებს, იმას ასწავლის, კავშირებს მოძებნის და ეს მთლიანობაში მერე დიდი ინვესტიციით დაუბრუნდება უკან, ეს არის განათლება“, – ამბობს ლადო კახაძე.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რა პრობლემას ან საკითხებს გამოყოფდა განათლების კუთხით მთაწმინდის რაიონში, კანდიდატი პასუხობს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს განზოგადებულ თემებს არ ეხება და ეს გახლავთ მისი, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწის ხედვა. მისივე განმარტებით, თუ დეპუტატი გახდება, ერთ-ერთი საკითხი რაზეც ორიენტირს დაიკავებს, იქნება განათლების თემა და ასევე ახალგაზრდობის საკითხები.

„ჩემდა სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში, ვერ ვეხები ასეთ საკითხებს, რატომ? იმიტომ, რომ, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, მე ასეთი განზოგადებული თემების შესახებ შეხვედრები არ მაქვს. ეს არის ჩემი, როგორც ერთი ადამიანის და შემდგომში საზოგადოებრივად აქტიური პიროვნების ხედვა, იმ შემთხვევაში, თუ მოვხვდები პარლამენტში ასოცირებული ვიქნები სამ ძირითად მიმართულებასთან. პირველი ეს არის ჯანმრთელობის საკითხები, მეორე განათლება და მესამე – თვითმმართველობა. სამივე კომპონენტი რომელიც არის ერთმანეთზე სწორად აკინძული და მიბმული, სწორედ აქ ვიქნები მოაზრებული. ჩემი ხედვა ამ კუთხით ცნობილია და ზემოთაც ვისაუბრე. მხარს დავუჭერ, სხვადასხვა ადგილებზე ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეიქმნას ახალგაზრდობის თავის მოსაყრელად. ეს იქნება სათამაშო მოედნები, ახალგაზრდული ცენტრები, მაგრამ აქ იქნება პირდაპირი მნიშვნელობით ქალაქის გვერდით დგომა, მოსახლეობის ინიციატივის მხარდასაჭერად, რომ გაკეთდეს ეს ეკოლოგიური სივრცეები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ზონები, ეს არის ჩემი, როგორც კანდიდატის ჩარჩოები, რომელსაც ვერ ვცდები, თუმცა მოსახლეობასთან შეხვდრის დროს ხშირია სოციალურ, განათლების საკითხებზე, იგივე თავდაცვაზე კითხვები, პოლიტიკაზეც არის ხშირად საუბარი, მაგრამ მე თავს ვიკავებ პოლიტიკური განცხადებებისგან იმ მოსაზრების გამო, რომ ეს არ მევალება ამ წუთში”, – ამბობს ლადო კახაძე.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური