GE

რას გულისხმობს და ვინ მიიღებს სკოლებისთვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსებიდან სახელფასო დანამატს – დირექტორთა განმარტებები 

მასწავლებლებისთვის დანამატის გაცემის მიზნით, საჯარო სკოლებისთვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილებები შევიდა. (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №02/ნ) დოკუმენტში განსაზღვრულია პედაგოგების კატეგორიების ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც სკოლამ დანამატის სახით დამატებითი დაფინანსება უნდა მიიღოს.

საუბარია მთავრობის წევრების მიერ დაანონსებულ 100 ლარიან დანამატზე, რომელიც სტატუსიან პედაგოგებს, 2021 წლის იანვრიდან საათობრივი დატვირთვის შესაბამისად გადაეცემათ.

„საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება: ა) თითოეულ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე; ბ) თითოეულ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე; გ) თითოეულ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელზე; დ) თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე; ე) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე; ვ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე; ზ) თითოეულ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე; თ) თითოეულ წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

აღნიშნულ წესში კონკრეტულს თანხებზე საუბარი არაა, დანამატების მოცულობას და ოდენობას სხვა ნორმატიული აქტები არეგულირებს. ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი EDU.ARIS.GE -სთან ამბობს, რომ დანამატის მიმღები პედაგოგები ჩამონათვალში უფროს და წამყვანი სპეცმასწავლებლებიც გვხვდება, თუმცა მათი დანამატის ოდენობა განსხვავებული წესით დგინდება. ჩამონათვალში ასევე არიან მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პედაგოგები და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებიც, მათი დანამატის დაანგარიშებაც განსხვავებულად ხდება.

„ეს ცვლილება ეხება დაანონსებულ 100-ლარიან დანამატს, უფროსი მასწავლებლის დანამატი იყო 470 ლარი და გახდა 570, წამყვანის დანამატი იყო 850 და გახდა 950, მენტორის იყო -1150 და გახდა-1250. შეიძლება კითხვები გააჩინა იმან, რომ ჩამონათვალში არის უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებელი, ეს სხვა კატეგორიაა და მათი დანამატი სხვა არის. 100-ლარიანი დანამატი ეხება სხვა დანარჩენ კატეგორიებს.

„რაც შეეხება მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლებს, მათ დანამატი აქამდეც ეძლეოდათ, თუ მაგალითად პედაგოგს ჰქონდა უფროსის სტატუსი და ფლობდა ზემოთხსენებულ სერტიფიკატს და საათების მიხედვით მაგალითად არ ჰქონდა ხელფასი 1000 ლარი, მას დანამატით ანაზღაურება ევსებოდა 1000 ლარამდე. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პედაგოგს აუმაღლდება სტატუსი და მისი ანაზღაურება სტატუსიდან გამომდინარე გადააჭარბებს 1000 ლარს, მაშინ მას ის დანამატი ეხსნება, იგივე პრინციპია საბუნებისმეტყველო სერტიფიკატზეც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა ვნახე ჩანაწერი ცოტა გამიკვირდა იმ გაგებით, რომ თითქმის ყველა ასეთი კატეგორიის მასწავლებელი უკვე გახდა წამყვანი და ხელფასით აჯობა იმ დანამატს, ალბათ ერთეულებია შემორჩენილი ვისაც სჭირდება“, – ამბობს მორის დანდურიშვილი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

თბილისის 150-ე საჯარო სკოლის დირექტორის ირაკლი მექვევრიშვილი აცხადებს, რომ დანამატებთან დაკავშირებით უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც, თვის ბოლოს სკოლებში გაზრდილი ანაზღაურების გაცემა მოხდება.

„ალბათ ჯობია თვის ბოლოს გაკეთდეს კომენტარი იმიტომ, რომ ბუღალტრებიც გაერკვევიან და როცა გაიცემა უშუალოდ ეს გაზრდილ ანაზღაურება, შემდეგ უფრო დაზუსტებით შეგვეძლება საუბარი, ხვალიდან კვირის ბოლომდე გავივლით ყველა დეტალს. მომატებაზეა საუბარი, დაახლოებით 100 ლარზე“, – აცხადებს სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE -სთან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით, შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას, შესაბამის ვადებში უზრუნველყოფს:

ა) დანართი №1: ა.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი; ა.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები; ა.გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.

ბ) დანართი №2: ბ.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი; ბ.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები; ბ.გ) საჯარო სკოლის თითოეული სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა, რომელთაც ასწავლის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.“.

მინისტრის ბრძანება უკვე ამოქმედებულია და ვრცელდება 2021 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური