GE

რას გულისხმობს ინიციატივა, რომელიც უნარების გამოცდას  სავალდებულოს, გრანტს კი კვლავ მასზე მიბმულს გახდის

„ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო დეპუტატების სერგი კაპანაძისა და ოთარ კახიძის ინიციატივით, ზოგადი უნარების გამოცდა კვლავ სავალდებულო უნდა გახდეს, ეს ჩანაწერი კანონში აისახოს და მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის დისკრეციაზე არ იყოს დამოკიდებული მისი ჩატარება, სახელმწიფო გრანტის მოპოვება კი სწორედ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და მასში მიღებულ შედეგებზე იყოს დამოკიდებული.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში არის ხარვეზი, რომლის მიხედვითაც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტში შესაბამისი განხილვისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე, გააჩნია ფართო დისკრეცია, შეიტანოს რადიკალური ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატსა და შინაარსში.

„ზოგადი უნარების გამოცდის სტატუსის ცვლილება (სავალდებულო/არჩევითი) წარმოადგენს ფუნდამენტურ პრობლემას აბიტურიენტთა ძირითადი ნაწილის მდგომარეობის გაუარესების, უნივერსიტეტებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარემოს შეზღუდვისა და ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისათვის. იმდენად, რამდენადაც ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულო წესით ჩატარებას არ გააჩნია საკანონმდებლო გარანტია, აუცილებელია მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოსწორდეს აღნიშნული ხარვეზი და საგამოცდო კონცეფციის არსებითი შემადგენელი ნაწილი, როგორიცაა გამოცდა ზოგად უნარებში გახდეს კანონით სავალდებულო“, –  ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ასევე, განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონით იქნება გარანტირებული ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულო წესით ჩატარება, რაც განაპირობებს აბიტურიენტისთვის მეტად ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას, უნივერსიტეტებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარანტიას და ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის მდგრად განვითარებას.

როგორც EDU.ARIS.GE-ის კანონპროექტი ინიციატორმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, საკითხის არაერთხელ წამოჭრისას მას უმრავლესობის მხრიდან არცერთხელ მოუსმენია წონიანი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო, შესაბამისად, იმედი აქვს, რომ უმრავლესობის დეპუტატები საღ აზრს გამოიჩენენ და მხარს დაუჭერენ ინიციატივას.

„ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ უნდა გაეუქმებინათ ზოგადი უნარების გამოცდა. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ სურთ გიაზარდოს თვლადი უნარები და მეორე ის რომ მაღალი ოდენობა იჭრება აბიტურიენტების ზოგად უნარებში. ეს მართლაც ასე რომ იყოს, ეს შემოთავაზებული რაცაა ამ პრობლემას არ აგვარებს. შემოთავაზებული არის რომ ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმების შემდეგ, სავალდებულო გახდეს მათემატიკის გამოცდა, სადაც გაცილებით მეტი აბიტურიენტი იჭრება პროცენტულად, ვიდრე ზოგადი უნარების გამოცდაში. თუ მიზანი არის, რომ მეტი აბიტურიენტი არ ჩაიჭრას, ისეთი გამოცდა შემოაქვთ, სადაც კიდევ უფრო მეტი აბიტურიენტი იჭრება.  ასევე, ალტერნატივად განიხილავენ, რომ ისტორია იყოს  მესამე გამოცდა.  და ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს კატეგორია აბიტურიენტების, რომლებიც მათემატიკური  უნარების ჩაბარების გარეშე მოხვდებიან უნივერსიტეტში. ანუ ვერცერთი მიზანი ვერაა მიღწეული ამ არგუმენტებით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინიციატივას განათლების საპარლამენტო კომიტეტზე დღეს განიხილავენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური