GE

რას ისწავლიან სკოლებში პარლამენტარიზმის სახელმძღვანელოთი – დეტალებზე წიგნის ავტორი საუბრობს

„რა ვიცით პარლამენტის შესახებ“ – 2021-2022 სასწავლო წელს მე-5, მე-6 და მე-7 კლასებში ქართული პარლამენტარიზმის შესახებ ამ სახელწოდებით ახალი სახელმძღვანელო შევა.

როგორც იდეის და სახელმძღვანელოს ავტორი და პარლამენტის დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, საკითხი სამოქალაქო განათლების ნაწილს დაემატება, რომელიც სკოლაში წლების განმავლობაში ისწავლება. მისი თქმით, პაკეტი ორ სახელმძღვანელოს მოიცავს, რომლებიც კლასების მიხედვით იქნება განაწილებული. ამის შესახებ დეპუტატმა 3 ივნისს, პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ სამოქალაქო განათლების ნაწილში, რომელიც სკოლებში უკვე წლების მანძილზე ისწავლება, უფრო მეტი აქტუალობით და რაც მთავარია არაფორმალური განათლების კომპონენტით შეგვეტანა ეს საკითხი. გაეროს და ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით ვიმუშავეთ სახლმძღვანელოზე. პაკეტი მოიცავ მე-5 – მე-6 კლასებისთვის ცალკე და მე-7 კლასისთვის ცალკე სახელმძღვანელოს“, – აცხადებს გივი მიქანაძე.

რაც შეეხება სახელმძღვანლოების შინაარსს, დეპუტატის თქმით, წიგნებში მოცემულია კროსვორდები, სხვადასხვა ინტერაქციული დავალებები, რომლებიც ბავშვებისთვის აღქმადი და გასაგები ენითაა გადმოცემული.

„გარკვეული ჯგუფი იყო შემდგარი, ასევე მოვიწვიეთ პედაგოგები იმისთვის, რომ მათი ჩართულობა ყოფილიყო. ბავშვებისთვის აღქმადი და გასაგები ენით გაკეთებულიყო ეს სახელმძღვანელოები. შემდგომში მოხდა შესაბამის ბავშვების საპილოტე ჯგუფთან დატესტვა და დავინახეთ, რომ წიგნები საკმაოდ აღქმადია. აქ არის მოცემული კროსვორდები, არის კითხვები მშობლებისთვის. მშობლების შემოწმების შესაძლებლობაც ექნებათ და გაიგებენ რამდენად ინფორმირებული არიან ისინი პარლამენტის შესახებ. წიგნში არის აპლიკაცია, რომლითაც იტვირთება სპეციალური გვერდი. ეს გვერდი პარლამენტის შესახებ გვაწვდის სრულ ინფომაციას. მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ კანონპორექტზე გაგზავნონ დისტანციურად თავისი კომენტარი და მოქმედი რეგლამენტით სავალდებულოა, რომ შესაბამისმა კომიტეტმა ეს კომენტარი განიხილოს და იმსჯელოს ამის თობაზე“, – განმარტავს გივი მიქანაძე.

როგორც სახელმძღვანელოების ავტორი აღნიშნავს, პროექტის მიზანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელობა და ფუნქციები. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სახელმძღვანელოთი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც ნახონ.

„დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკიდან იწყებოდეს მსგავსი განათლება. ბავშვებმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოცდნენ იმ ძირითადი ფუნქციების შესახებ, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს, ეს მათთვის არის აქტუალური, ისინი ამ ქვეყნის მომავალი არიან და უნდა იცოდნენ რა არის საკანონმდებლო ორგანო. ჩვენი პრინციპი არის არა მხოლოდ ამ სახელმძღვანელოებით სწავლება, არამედ ამის პრაქტიკაში გამყარება. როდესაც ისინი ამ სახელმძღვანელოს გაივლიან სამოქალაქო განათლების ნაწილში, ჩვენი ინიციატივა არის, რომ პედაგოგებმა დაჯავშნონ სპეციალური ექსკურსია, მოიყვანონ ბავშვები პარლამენტში. პედაგოგებს სასწავლო მასალად გადაეცემათ ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი ქართული პარლამენტარიზმის შესახებ, რომელიც კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ქართული პარლამენტარიზმის შესახებ სწავლება საპილოტედ 50 სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის სექტემბრიდან დაიწყება.

პროექტის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის და ის ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.

ქართულ სკოლებში პარლამენტარიზმის სწავლებას იწყებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური