GE

რას ნიშნავს განათლების სამინისტროსთვის ფრაზა „მთელი საქართველოს მასშტაბით“?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 12 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის ინტერგირების მიზნით უნივერსიტეტებისთვის ტრენინგები ტარდება.

დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი კი, იმ სკოლის მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს ეხებათ, რომელთა შესახებ ინფორმაცია 2021 წლის მარტში გახდა ცნობილი, რა დროსაც გაცხადდა, რომ საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და მათ შესახებ მონაცემები არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში ფიქსირდება. ამ ინფორმაციის გასაჯაროებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს მთავრობამ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამაც დამტკიცა.

EDU.ARIS.GE-ს ყურადღება სამინისტროს 12 ოქტომბრის ინფორმაციის იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც აღნიშნულია, რომ განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სპეციალურად შემუშავებული დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით სწავლობენ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

ამ ჩანაწერით მკითხველისთვის ცნობილი ხდება, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები უკვე სწავლობენ და თანაც მთელი საქართველოს მასშტაბით.

საკითხის გადამოწმებას ჩვენ განათლების სამინისტროში შევეცადეთ. ჩვენი პირველი კითხვა ეხებოდა თავად ფაქტს, სწავლობენ თუ არა უკვე სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები, რაზეც გვიპასუხეს:

პილოტირების რეჟიმში შეკუმშული კურიკულუმით უკვე სწავლობენ მიუსაფარი ბავშვები საკვირაო სკოლებში და ღრმა აკადემიური ჩამორჩენის მქონე სკოლის მოსწავლეები. აგრეთვე, სკოლის მიღმა დარჩენილი ის ბავშვები, ვისაც ამის საჭიროება აქვს”.

სიტყვა პილოტირება უკვე ცხადყოფს, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩაწერილი ფრაზა მთელი საქართველოს მასშტაბით – გადაჭარბებული და არასწორი ინფორმაციაა. თუმცა ჩვენ მიხეილ ჩხენკელის უწყებას კიდევ ერთი მონაცემის დაზუსტება ვთხოვეთ: თუკი პირველადი ინფორმაციით ვიცოდით, რომ საუბარია 10 ათასზე მეტ სკოლის მიღმა დარჩენილ პირზე, რამდენია ამ ვიწრო პილოტირების პროცესში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა?

სამინისტრომ კიდევ უფრო საინტერესო პასუხი გაგვცა: ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ პროგრამის ბენეფიციარი ბავშვების დიაგნოსტიკის პროცესი მიმდინარეობს და ვისაც ამის საჭიროება ექნება, პროგრამაში ჩაერთვებიან. კონკრეტული მონაცემები კი, როგორც კითხვის დაზუსტების შემდეგ გვითხრეს, მოგვიანებით ექნებათ.

თუკი სამინისტროსგან თანმიმდევრულ პასუხებს მოვისმენდით, ჩვენი ინტერესი ასეთი ბავშვების სკოლაში მიქცევის პროცედურას უნდა შეხებოდა, თუმცა ჩხენკელის უწყების შეწუხების გარეშე გავარკვიეთ, რომ წესი სამინისტროს მთავრობამ უკვე განუსაზღვრა და ამ საკითხზე მათთან კითხვები აღარ დაგვისვამს. იმედს ვიტოვებთ, როცა მართლაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშლება სკოლის მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების მიწოდების პროცესი, განათლების სამინისტრო ამ წესით იხელმძღვანელებს.

მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა და ასაკისთვის შესაბამის ფორმალურ განათლებაში ჩართვის მხარდაჭერა, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენაა.

პროგრამების განმახორციელებელი უწყებები არიან:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

მაგალითისთვის, განათლების სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში შესაბამისი წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული 6-დან 16 წლის ჩათვლით მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვების შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მოძიებასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწოდებას.

ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს: მონაცემების შედარებას თავის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ 6-დან 16 წლის ჩათვლით პირადი ნომრის მქონე ბავშვების მონაცემებთან და უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის იმ ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც პირველკლასელთა რეგისტრაციის არცერთ ეტაპზე არ იყვნენ რეგისტრირებულნი და არ აქვთ მოსწავლის სტატუსი, ანუ დარჩენილნი არიან სკოლის მიღმა.

პროგრამის განმახორციელებელი უწყებების ვალდებულებები დეტალურადაა გაწერილი მთავრობის დადგენილებაში.

ამავე თემაზე:

საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია – რა გეგმა აქვს სამინისტროს

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური