GE

რას საკითხებს ისწავლიან სამხედრო თემატიკის გაკვეთილებზე სკოლის მოსწავლეები იანვრიდან

იანვრიდან სკოლებში სამხედრო თემატიკაზე სპეციალური გაკვეთილები ჩატარდება. მოსწავლეებს ახალ დისციპლინას მოქმედი სამხედრო პირები წაუკითხავენ. პროექტი ჯერ საპილოტეა და ის თბილისისა და რეგიონების 14 სკოლაში განხორციელდება. თემაზე განმარტება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელმაც უარყო თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია – თითქოს სკოლებში მხოლოდ აგვისტოს ომის თემატიკაზე იქნება ახალი საგანი. ლევან იზორია ამბობს, რომ საჯარო სკოლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ დისციპლინას ასწავლიან და შესაძლოა, ერთ-ერთი კომპონენტი ომის თემაც იყოს.

„ჩავთვალეთ საჭიროდ, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, შეგვემუშავებინა პილოტ-პროექტის სახით სახელმძღვანელო, კერძოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, რომელიც მოზარდ თაობას პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე გააცნობს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეები არის როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ ან სხვა ტიპის კატასტროფებთან, შესაბამისად, ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მომდინარეობს სწორედ რუსეთის ფედერაციიდან. აქედან გამომდინარეობს ეს ფაქტი, ეს საფრთხე თუ როგორ იქნება რეალიზებული, რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. მოზარდებთან როგორც არის ეს პედაგოგიურად მიზანშეწონილი, იმ ფორმატში იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კითხვაზე – რა სახით მიეწოდება ინფორმაცია მოზარდებს მაგალითად აგვისტოს ომთან დაკავშირებით და იქნება თუ არა დასმული კითხვა – ვინ დაიწყო ომი? – იზორიას თქმით, ასეთი კითხვები ამ სახელმძღვანელოში საერთოდ არ არის.

„ამ სახელმძღვანელოს ამოცანაა პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება. ამ სახელმძღვანელოს შექმნა ემსახურება ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელებას საქართველოში, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტი აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო ინფორმაციული კომპონენტია. ასე რომ, ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში, რომლებიც გარკვეული საფრთხეების წინაშე დგანან. სახელმძღვანელო პილოტ პროექტის სახით წარდგენილი იქნება 14 საშუალო სკოლაში. ამისთვის მზად არიან ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ წაუკითხავენ და ინფორმაციას მიაწვდიან მოზარდებს გარკვეულ საფრთხეებზე“,- აღნიშნა იზორიამ.

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი