GE

რას ურჩევს 2019 წლის აბიტურიენტებს უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი

უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენების გამოცდის დეტალების შესახებ, აბიტურიენტებისთვის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

როგორც ცნობილია წელს უცხოური ენის გამოცდას ცვლილებები შეეხო.

ცვლილების არსი: ტესტიდან ამოღებულია ერთ–ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო; საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

„აბიტურიენტებს, ვისაც სურთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, უფრო მეტი უნდა იმუშაონ არა უბრალოდ ცოდნის მიღებაზე, არამედ ამ ცოდნის გამოყენებაზე სამეტყველო სიტუაციებში. ამიტომაც ამოვიღეთ ეს დავალება, თუმცა იგივე გრამატიკულ ცოდნას ვამოწმებთ ისეთი შემოქმედებითი დავალებებით, როგორებიცაა წერილი და ესე, ანუ წერითი დავალებები.

„სწავლების ტექნიკა შეიძლება, ოდნავ შეიცვალოს. მომზადების პერიოდში მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ყურადღება უნდა მიაქციოს პრაქტიკული საკითხების ცოდნას, რადგან ესაა ენის ხერხემალი და ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. იმედი მაქვს, უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანენ გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენებაზე.

„ტესტი სირთულით იგივე რჩება, როგორიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში იყო, უბრალოდ მივიჩნიეთ, რომ მასწავლებლებისა და აბიტურიენტების ყურადღება უნდა გადაგვეტანა ცოდნის გამოყენებაზე და ბოლო 10-ქულიანი დავალება ამოვიღეთ. ამით ტესტის მოცულობა შემცირდა, საგამოცდო დროს 10 წუთი დააკლდა და შესაძლოა ეს აბიტურიენტებისთვის შეღავათიცაა, რადგან მათ ნაკლები სამუშაო აქვთ“.- აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას რუსუდან ტყემალაძემ.

აქვე გთავაზობთ “ნაეკის” მიერ გამოქვეყნებული აბიტურიენტების ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს. აბიტურიენტების მიერ დასმული შეკითხვების დიდი ტესტების შინაარსობრივ ნაწილს და კონკრეტულ დავალებებში ქულების გადანაწილებებს ეხებოდა.

რა სირთულის საკითხები იქნება? იგივე სირთულის იქნება რაც წინა წლებში თუ უფრო გართულებული?
ტესტის სირთულე არ შეცვლილა და წელს შარშანდელის ანალოგიურია.

რას გვირჩევთ ინგლისურ ენაში ესეს მაქსიმალური ქულის ასაღებად? მაგალითად, რას მიაქცევდით დიდ ყურადღებას 16 ქულის დასაწერად?
ესეს შეფასების დროს ყურადღება ექცევა მდიდარ ლექსიკას, გრამატიკის ცოდნასა და არგუმენტაციას.

ახლო მომავალში აპირებთ ლაპარაკის დავალების დამატებას?
არა, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება

ესეს სათაურში გვეკითხებიან Do you agree or disagree with the opinion მაინტერესებს აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ მოსაზრებას თუ შეიძლება რომ ორივე მხარე განვიხილოთ? (Advantage and disadvantage)
უმჯობესია დაეთანხმოთ ან უარყოთ და შესაბამისად განავრცოთ თქვენი მოსაზრება.

6-ქულიანი წერილი უშეცდომო უნდა იყოს ხომ?
დიახ, წერილი სრულიად უშეცდომო უნდა იყოს.

თუ ერთი კითხვა არასწორად მაქვს დასმული, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ქულა მაკლდება?
ერთ შეცდომაში სავარაუდოდ ერთი ქულა დაგაკლდებათ, გააჩნია რა შეცდომას დაუშვებთ და ასევე, ტექსტის დანარჩენი ნაწილი რამდენად სრულყოფილია.

ესეს მაქსმიალური და მინიმალური სიტყვების რაოდენობა თუ არის განსაზღვრული?
სიტყვების რეკომენდირებული რაოდენობაა 120-150. თუ 110-ზე ნაკლები სიტყვა იქნება ნაშრომში, ქულა დაგაკლდებათ. იმ შემთხვევაში თუ 150-ზე მეტ სიტყვას დაწერთ, სტანდარტულად შესწორდება ნაშრომი.

დრო რამდენია გამოყოფილი წელს უცხოური ენის გამოცდისათვის?
2 საათი და 30 წუთია უცხოური ენებისათვის საგამოცდო დრო

ამავე თემაზე:

ეს უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა მეცადინეობის დროს – მითითებები საგნის ჯგუფის ხელმძღვანელებისგან

რა უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდაზე – ლევან ჩიქვინიძის პასუხები

რა უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდისთვის – ნანა ლოლაძის პასუხები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური