GE

რატომ არ გავიდა წალკიდან ჩამოსული აბიტურიენტი ზოგადი უნარების გამოცდაზე?

დღეს 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდაზე წალკიდან ჩამოსული აბიტურიენტი არ გავიდა. წარმოშობით სომეხ აბიტურიენტს ყურადღება გამოცდის დაწყებიდან ერთ საათში საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე ასევე წარმოშობით სომეხი აბიტურიენტების მშობლებმა და გულშემატკივრებმა მიაქციეს.

„იდგა ჭიშკართან და რომ ვკითხეთ, რატომ არ იყო გამოცდაზე, გვიპასუხა, რომ წალკიდან ძმასთან ერთად ჩამოვიდა, შესული იყო საგამოცდო ცენტრში, საბუთებში აღმოუჩინეს რაღაც შეცდომა და გარეთ გამოუშვეს, თუმცა რა შეცდომა იყო, ვერ ამბობდა. ძმა კი შევიდა გამოცდაზე“, – გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის გულშემატკივარმა.

აბიტურიენტს საგამოცდო ბარათზე მითითებული ჰქონდა, რომ გამოცდები 173-ე საჯარო სკოლაში 5 ივლისს დილის სესიაზე უნდა ჰქონოდა. გამოცდების გრაფიკის ცვლილებების გამო მას გამოცდა 7 ივლისის დილის სესიაზე უნდა ეწერა. გამოცხადდა კიდეც ამ დროს ცენტრთან, მაგრამ შიგნით არ შევიდა. აბიტურიენტების მშობლებმა ასევე საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, რატომ ვერ ამბობდა, თუ რა შეცდომა აღმოუჩინეს საგამოცდო ბარათში, გოგონამ ვერც ქართულად და ვერც სომხურად და ვერც რუსულად პასუხი ვერავის გასცა. შემდეგ აბიტურიენტი გოგონა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა სიტუაციის გასარკვევად შიგნით შეიყვანეს.

EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დარეკა და ჰკითხა, თუ მიეცა აბიტურიენტს გამოცდის დაწერის საშუალება და თხოვა ასევე გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში. ცოტა ხანში 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი მივიდა. როგორც საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ვიდეოკამერების ჩანაწერები გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ გოგონა საერთოდ არ იყო მიახლოებული საგამოცდო ცენტრს, არათუ შიგნით შესული გამოცდის დაწყებამდე.

„წალკიდან ორი აბიტურიენტი მოვიდა, და-ძმა. გამოცდა ერთი საათის დაწყებული იყო, როდესაც დაუძახეს ადმინისტრატორს, ბავშვია გარეთო. გოგონა დარჩა გარეთ, ძმა შევიდა და გამოცდაზე იჯდა. შეიყვანეს აბიტურიენტი გოგონა საგამოცდო ცენტრში და ცდილობდნენ გარკვევას, რა მოხდა. აბიტურიენტი ამბობდა, შენობაში შემოვედი და აქ მითხრეს, რომ ტელეფონით გადაღებული საგამოცდო ბარათი არ არის კარგიო და უკან გამოვბრუნდიო. ბუნებრივია, ამის გადამოწმება დავიწყეთ. სანამ აქ მოვედი, ადმინისტრატორს ვთხოვე, ვიდეოჩანაწერი ენახა.

ვიცით, რომ შენობაში ყველგან ვიდეოთვალია დამონტაჟებული და ბუნებრივია, სარეგისტრაციო სივრცეში, პირველ რიგში. ვიდეოთვალზე აღმოჩნდა, რომ შენობას არც მიახლოებია ეს აბიტურიენტი. როცა ვუთხარი აბიტურიენტს, შენობაში არ შემოსულხარ და რატომ ყვები ასეთ ისტორიას, შემდეგ უკვე მოჰყვა ასეთი რაღაც: გარეთ ვიყავი, მე არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, ვიღაც გოგონამ მითხრა, ეს საგამოცდო ბარათი არ ვარგა (აბიტურიენტს საგამოცდო ბარათის ფოტო ტელეფონში ჰქონდა. ავტ.). კარგი, არ შემოვიდა, მაგრამ როდესაც დაიწყო გამოცდა, მაშინ რატომ მოგინდა-მეთქი შემოსვლა. იმიტომ რომ ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, აქ რატომ დგახარო. ეს იყო მთელი ისტორია.

გარდა იმისა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ის შენობაში არ შემოსულა, ჩვენი საუბარიც ჩაწერილია და ძალიან მარტივი ისტორიაა. არც პირადობა რომ არ ჰქონდეს და არც საგამოცდო ბარათი, მაგის გამო არ ვხსნით გამოცდიდან. საშუალებას ვაძლევთ, ან მშობელმა მოიტანოს ან გადამოწმდება. ან აქვე ამოვბეჭდავთ ხოლმე საგამოცდო ბარათს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მიმინოშვილმა.

მისი თქმით, ამ აბიტურიენტზე ისევე როგორც სხვაზე, გამონაკლისი არ დაიშვება და გამოცდას ვერ დაწერს ამ წელს.

შეგახსენებთ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მხოლოდ ზოგად უნარებს აბარებენ, თავიანთ მშობლიურ ენაზე. ამის შემდეგ ისინი უნივერსიტეტებში მოსამზადებელ პროგრამაზე ხვდებიან, სადაც სახელმწიფო ენას სწავლობენ ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ ეძლევათ საშუალება სწავლა პროფესიის მიმართულებით განაგრძონ.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური