GE

რატომ არ ხორციელდება პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დანიშვნა? – სამინისტრომ მინისტრის დადგენილ წესსაც გადაუხვია

დაპირებული ერთი კვირა უკვე გასულია, თუმცა პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დანიშვნა (შესაბამისი ოქმის გამოქვეყნება) ჯერ ისევ არ განხორციელებულა. როგორც განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, ჯერ შედეგები ცნობილი არ არის და დანიშვნის შესახებ კანდიდატებს ინდივიდუალურად ეცნობებათ, თუმცა როდის, ვერ გვპასუხობენ.

სპეციალისტებსა და სხვა ინფორმირებულ წყაროებს აღნიშნულის მიზეზის თაობაზე თავიანთი ინფორმაციები გააჩნიათ და ამბობენ, რომ ეს განათლების სამინისტროს ძველი და ახალი მაღალჩინოსნების ინტერესებთან არის დაკავშირებული.  EDU.ARIS.GE უახლოეს მომავალში ვრცელ წერილსაც გამოაქვეყნებს, თუმცა იქამდე ჩვენ მინისტრის ბრძანებასა და კანონმდებლობაში ჩავიხედეთ, რომელიც განათლების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების/კოლეჯების ხელმძღვანელთა კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერთი კვირის წინ გვეუბნებოდა, რომ კონკურსის შედეგების გამოცხადების წინასწარ დადგენილი ვადები კანონით განსაზღვრული არ არის, მაგრამ მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანება №120-ში სხვა რამეს ვკითხულობთ:

მუხლი 6. პუნქტი 7: „კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში“.

ასევე, საქართველოს კანონში პროფესიული განათლების შესახებ წერია:

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 39. გარდამავალი დებულებები

9. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების ხელმძღვანელთა კონკურსის წესით დანიშვნა. ამ პუნქტის შესაბამისად სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების ხელმძღვანელთა დანიშვნა იწვევს ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ოფიციალური დოკუმენტები იმასაც ცხადყოფს, რომ განაცხადების შეტანის ვადა 6 აპრილს ამოიწურა, მას შემდეგ კი თითქმის 4 თვე გავიდა. ბრძანებით დადგენილ ვადას რეალობა მინიმუმ ერთი თვით ჩამორჩება. არის თუ არა ეს კანონდარღვევა, ჩვენ არავინ გვიდასტურებს, არც იმაზე გვაქვს ოფიციალური პასუხი თუ რა იწვევს შედეგების ასეთ დაგვიანებას.

გასულ ინფორმაციაში იმედი გამოვთქვით, რომ კონკურსის შედეგების გამოცხადების დროში გაწელვამ ალბათ არ იმოქმედა კოლეჯების გამართულ მუშაობაზე.

დღეს მედიაში ასეთი ინფორმაცია გაჩნდა: ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე პროფესიული სასწავლებლის დირექტორი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური