GE

„რატომ არის მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ზღვარი ასეთი მაღალი?“ – მასწავლებლების კითხვები და პასუხები ღია კარის დღიდან

23 მაისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 20 მაისს გამართული ღია კარის დღის ფარგლებში დასმული კითხვები და პასუხები გამოაქვეყნა. 2022 წლის მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის მოწყობილი ღია კარის დღე სპეციალური მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

EDU.ARIS.GE გამოქვეყნებულ კითხვებსა და პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

რამდენი საკითხი იქნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელ ტესტში?

– საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:
22 – არჩევითპასუხებიანი დავალება;
2 – შესაბამისობის დავალება;
8 – ღია დავალება (მათ შორის არის რეკომენდაციების შემუშავება, ფუნქციური წერა, სიტუაციის ანალიზი და სხვ.).

რას გვეტყვით შესაბამისობის დავალებაზე პროფესიული უნარების ტესტში?

– შესაბამისობის დავალება ფასდება 1 ქულით. დავალება ცხრილის სახითაა მოცემული, რომელიც ორი სვეტისაგან შედგება. ერთ სვეტში მოცემულია პირობა (მოვლენა, ფრაზა), მეორე სვეტში სავარუდო პასუხები (ტერმინები, ცნებები). გამოსაცდელმა სვეტებში მოცემული ინფორმაცია ერთმანეთს უნდა შეუსაბამოს. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა 1 ქულა მიიღოს, ყველა შესაბამისობა სწორად უნდა იყოს შესრულებული.

რატომ არის მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ზღვარი ასეთი მაღალი?

– ზღვარი განისაზღვრა შეფასების დადგენის პროცედურის შედეგად. ეს არის თანმიმდევრულად გაწერილი პროცედურა, რომელშიც მონაწილეობენ სფეროს ექსპერტები. აღნიშნული გამოცდისათვისაც ჩატარდა შეფასების სტანდარტების დადგენის პროცედურა ექსპერტების მონაწილეობით (სულ მონაწილეობდა 15 ექსპერტი) და შედეგად განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი როგორც წამყვანობის, ისე მენტორობის მსურველთათვის, რომელიც დაამტკიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

რას ამოწმებს ახალი ტესტი და მისი ჩაბარების შემდეგ პირდაპირ მოგვენიჭება სტატუსი?

– ტესტი ორიენტირებულია პროფესიული უნარების შეფასებაზე, იმ უნარების, რომლებიც ყველა მასწავლებელს სჭირდება სასწავლო პროცესის წარმართვის დროს. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში გაწერილია წამყვანი და მენტორი მასწავლებლის დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები, რასაც ეყრდნობა საგამოცდო ტესტი. რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, უნდა მიმართოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

არასწორად გაცემულ პასუხზე ქულა თუ დაგვაკლდება?

– გამოსაცდელი არასწორად შემოხაზული პასუხის შემთხვევაში მიიღებს ნულ ქულას.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელ ტესტზე მუშაობის დროს?

– ტესტზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავაანალიზოთ მოცემული პირობა და მასთან დაკავშირებული შეკითხვები. შეკითხვა ყოველთვის კონკრეტულია და, შესაბამისად, მოითხოვს კონკრეტულ პასუხს. არ უნდა გაცდეთ დავალების პირობას, ან კითხვაში მოცემულ პასუხს. ქულა იწერება კონკრეტულ პასუხებში და არა ზოგად მსჯელობაში.

გამოქვეყნებულია შეფასების კრიტერიუმები, რეკომენდირებული ლიტერატურა, ტესტის ნიმუში, რასაც სასურველია გაეცნოთ, რათა კარად გაიაზროთ გამოცდის თავისებურება და წარმატებით დაძლიოთ ის.

ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა დაგვჭირდება?

– საგამოცდო ტესტში შეიძლება იყოს მოცემული დავალება კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეეხება მხოლოდ ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ გასცდება მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს. პროგრამა იმასთან დაკავშირებით თუ რისი ცოდნა მოეთხოვება გამოსაცდელს, გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე.

ფუნქციურ წერაზე რას გვეტყვით?

– ფუნქციური წერა ამოწმებს იმას, თუ რამდენად შეუძლია გამოსაცდელს არგუმენტირებულად დაასაბუთოს მოთხოვნა, იყოს დამაჯერებელი და აზრი ჩამოაყალიბოს მკაფიოდ. მნიშვნელოვანია, რომ ნაწერი იყოს გამართული და სიტყვათა რაოდენობა არ იყოს 140-ზე ნაკლები.

პროფესიული უნარების ტესტს აქვს თუ არა შიდა ზღვრები?

– ტესტს შიდა ზღვრები არ აქვს. გამოსაცდელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი (წამყვანობის მსურველმა 60%-ზე მეტი და მენტორობის მსურველმა 75%-ზე მეტი).

ტესტი ნაბეჭდი სახით მოგვეწოდება გამოცდაზე?

– გამოცდა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, ტესტის ბუკლეტი არის ელექტრონული, ხოლო პასუხების ფურცლები დაგირიგდებათ.

ამავე თემაზე:

რა უნდა გაითვალისწინონ წამყვანის და მენტორის გამოცდაზე გამსვლელმა პედაგოგებმა – რეკომენდაციები „ნაეკისგან“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური