რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული ასაკი – პედაგოგის რეკომენდაციები მშობლებს
ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, ქალაქ თბილისის № 186 საჯარო სკოლის მასწავლებელი
როდის უნდა დავივიწყოთ ბავშვის აღზრდა, რას ნიშნავს სწორად აღზრდა, ვინ თამაშობს უდიდეს როლს ამ პროცესში, რა განაპირობებს მისი პიროვნების სწორად ფორმირებას, სოციალიზაციას და თავის დამკვიდრებას სკოლა თუ მშობელი?- ეს ის კითხვებია, რომელიც ხშირად გვესმის და პასუხები კი ძალზე განსხვავებულია.
ყველა ვთანხმდებით, რომ სკოლა ის დაწესებულებაა, სადაც ბავშვი იღებს განათლებას, სწავლობს სხვადასხვა საგნებს, იხვეწება მისი მანერები, საზოგადოებაში ქცევა, აგრეთვე ხდება მისი უფრო მაშტაბური სოციალიზაცია. სკოლაში ბავშვს აქვს ყოველდღიური ვალდებულება და ეს ვალდებულება დღითიდღე იზრდება. იმისთვის რომ ეს ვალდებულება მისი იმედგაცრუების საბაბი არ გახდეს, მას უკვე უნდა ჰქონდეს გარკვეული პასუხისმგებლობის განცდა და არსებულ სოციალურ გარემოში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ბავშვი სკოლაში შესვლისას შვიდ წლამდე ასაკისაა, მას უკვე აქვს გარკვეული „სკოლა“ გავლილი და ამ საგანმანათლებლო სკოლაში მისი ქცევა, სწავლა და წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მსგავსი წესები აქვს სკოლას შვიდ წლამდე და სკოლას შვიდი წლის შემდეგ!
სკოლამდე იყო საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღს მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქცია არ აკისრია, იქ ბავშვს შეუძლია პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს როგორც უფროსებთან, ისე თანატოლებთან. საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანისას მშობელი აუცილებლად ესაუბრება მასწავლებელს, დამხმარეს (ასეც უნდა იყოს) და უყვება მათ შვილის თავისებურებების, ხასიათის, გაჯიუტების მიზეზის და მისი გამოხატვის ფორმების შესახებ.
თუ ავიღებთ დღევანდელ რეალობას, საკმაოდ ბევრი ბავშვი იზრდება ძიძასთან, მშობლები ძირითადად გასულები არიან სახლიდან, ამიტომ ამ ბავშვებს გარემოსთან ფიზიკური ადაპტაციის დეფიციტი უჩნდებათ. ისინი არა მარტო საგანმანათლებლო გარემოს არიან მოკლებულნი, არამედ სოციალურ ურთიერთობებსაც, რამაც საბოლოოდ შეიძლება ბავშვი სოციალურ იზოლაციამდე მიიყვანოს.
მშობლების უმრავლესობა ერთი წლის შვილის ხასიათის თავისებურებებს ზედმიწევნით აღგიწერთ და მაინც რა არის ხასიათი, როგორ ყალიბდება იგი და როდიდან იწყება ბავშვის განვითარება?
ბავშვის სოციალური განვითარება დაბადებიდან იწყება. ტირილისას დედის სხეულთან ფიზიკური კონტაქტის შემდგომი ,,განაბვა“ იმის მანიშნებელია, რომ ტირილი მისგან წამოსული მოთხოვნის სიგნალი იყო და ჩვენმა პასუხმა სიყვარულით მოფერებამ და ზრუნვამ სრულად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. ცხადია, დღეების მატებასთან ერთად, მისგან წამოსული ურთიერთობების მოთხოვნილება თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება.
ახალშობილის ტვინი პირველი დღიდანვე აკვირდება მშობლების ემოციებს, ინტონაციას, სიტყვებსა და მოქმედებებს. უნებურად აცნობიერებს როგორ იქცევიან ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. მას ახსოვს, რომ თქვენზე უპირობო გამარჯვება ამ ქვეყანაზე მოვლენის პირველივე წამს მოიპოვა. მისი ქცევის ფორმირება სწორად ამ ეტაპიდან დაიწყო, რასაც შემდგომში მრავალნაირი სურვილების ასრულებას უკვე თქვენზე მორგებული ხერხით ცდის.
ხშირად გაგვიგია, რომ პატარა ძალიან ჯიუტია. სიჯიუტე ხასიათის თანდაყოლილი თვისება არ არის. იგი უბრალოდ საბოლოოდ ჩამოყალიბებული ნებისყოფაა.
ბავშვის ადრეული ასაკი სამართლიანადაა მიჩნეული ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდად. რადგან სწორედ ამ დროს ეყრება საფუძველი ბავშვის ჯანმრთელობას, ემოციურ, ფსიქიკურ, სოციალურ და შემეცნებით თვისებებს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ძირითადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და პიროვნული ფორმირება.
ექსპერტების აზრით, განსაკუთრებული ყურადღების და აღნიშვნის ღირსია პირველი წლები, როდესაც უმწეო არსება მოლაპარაკე, მოსიარულე, პრობლემებთან გამკლავების უნარის მქონე ბავშვად გადაიქცევა. ეს საოცარი ცვლილებები კი, წარმოუდგენელია გარემო ფაქტორების ზეგავლენის გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვან და ხანგრძლივ გავლენას ბავშვის განვითარებაზე ახდენს ოჯახთან და საზოგადოებასთან ადამიანური ურთიერთობები. ადრეული განვითარების წლებს შეგვიძლია „დიდი შესაძლებლობების“ პერიდი ვუწოდოთ. ის, თუ რას აკეთებს მშობელი თუ ძიძა ამ განსაკუთრებული წლების განმავლობაში, აისახება პიროვნების მთელ შემდგომ ქცევაზე, ურთიერთობის დამყარების უნარსა და წარმატებას სწავლასა და დასაქმებაში.
განვიხილოთ ადრეული ასაკის ფიზიკური თავისებურებები. აღსანიშნავია, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად ტვინი იზრდება. ახალშობილის ტვინის ზომა მოზრდილი ადამიანის ტვინის მეოთხედია. 6 თვის ასაკისთვის ბავშვის ტვინი მოზრდილის ტვინის 50%-ია, 3 წლისთვის -80%, 5 წლისთვის კი -90%-ს აღწევს. დადგენილია, რომ ბავშვები ადრეულ ასაკში გაცილებით სწრაფად სწავლობენ, ვიდრე ცხოვრების ნებისმიერ სხვა პერიოდში. 3 წლამდე ბავშვის ტვინი მოზრდილის ტვინზე 2, 5-ჯერ აქტიურია და ამ აქტიურობას ინარჩუნებს ცხოვრების პირველი დეკადის განმავლობაში. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პოტენციალის გამოსავლენად ბავშვს სჭირდება სიყვარული, ყურადღება, წახალისება, გონებრივი სტიმულაცია და ადეკვატური კვება. ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ბავშვის განვითარების სტიმულაციაში. სტიმულაცია გულისხმობს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, სხვადასხვა ნივთების დათვალიერებას, სეირნობას, წიგნების კითხვას, თამაშს,- საბოლოოდ ეს ყველაფერი ეხმარება ტვინს ფიქრის, გრძნობის და სწავლის ფუნქციების განვითარებაში. სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ყალიბდება კავშირები ტვინის უჯრედებს შორის. ერთი ნეირონი შესაძლებელია დაუკავშირდეს 15 000 სხვა უჯრედს, 5 წლამდე ასაკში კი 1 წამში დაახლოებით 700 სინაპსური კავშირი ყალიბდება. ეს ნეირონებს შორის კავშირის დამყარების ყველაზე სწრაფი პერიოდია. უჯრედებს შორის წრიული კავშირების წარმოქმნა და მათი ხშირი გამოყენება, ანუ კავშირის გამყარება საფუძველს ქმნის ემოციების, მოძრაობითი უნარების, ქცევის კონტროლის, ლოგიკის, მეტყველებისა და მეხსიერების განვითარებისთვის. ის წრიული კავშირები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენება, დროთა განმავლობაში უფრო ეფექტიანი ხდება, ხოლო ისინი, რომლებიც არ გამოიყენება, თანდათანობით ქრება.
ასე რომ, ტვინის განვითარების ყველაზე სწრაფ ეტაპზე ოჯახის და მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია. მშობლების ჟესტები, სახის გამომეტყველება და ქცევა არეგულირებს ბავშვის ტვინის განვითარებასა და ფუნქციონირებას. მეცნიერები ბავშვის ტვინს „გამოცდილების მომლოდინეს“ უწოდებენ. ამრიგად, შეიძლება ვთქვათ, რომ ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობები ბავშვის სწორად განვითარების საფუძველია! თუ ბავშვს ფიზიკური და ფსიქო-სოციალური განვითარებისთვის სიცოცხლის დასაწყისშივე თბილი, უსაფრთხო და საიმედო გარემო აქვს, მომავალში ისინი განვითარების სრულ პოტენციალს გამოავლენენ. კვლევებით დადგენილია, რომ ადრეული ასაკიდანვე ბავშვის განვითარების სტიმულაცია და მისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა აუმჯობესებს ბავშვის სწავლის უნარს, სკოლაში აკადემიურ მაჩვენებელს. ამცირებს აგრესიული და კრიმინალური ქცევის რისკს.
განვიხილოთ საბავშვო ბაღის პერიოდი. ცხოვრებისეულად, პირველი სირთულე მისთვის სწორედ აქ იწყება. მაგალითად, თუ მის ჯგუფში ან პარალელურ ჯგუფში რომელიმე ბავშვი ნიჭიერებით გამოირჩევა (გამართული მეტყველება, ცეკვა, ვოკალური მონაცემები, ხმა) ის კი ამ მხრივ „მოიკოჭლებს“. შესაძლებელია, დედა წუხილს ბავშვთან ხმამაღლა არ ამბობდეს, მაგრამ იგი აბსოლუტური სიზუსტით კითხულობს მშობლის თუნდაც უთქმელ ემოციებს და ხშირ შემთხვევაში მისი გამზიარებელიც ხდება.
მოდით განვასხვაოთ ცნებები „ნიჭიერი“ და ,,ტალანტი“, რომელიც ყოველდღიურ მეტყველებაში სინონიმად გამოიყენება, თუმცა ორი განსხვავებული ფენომენია. ,,ნიჭიერება“ მოიაზრებს განსაკუთრებულ ზოგად უნარს, ხოლო ტალანტი არის სპეციფიკური უნარი/შესაძლებლობა კონკრეტულ სფეროში. მაგ. მუსიკაში ან ლიტერატურაში.(მაგ. მოცარტი).
გამოდის რომ მშობლის ნერვიულობა უსაფუძვლოა, მისი შვილიც ნიჭიერია, რადგან ყველა ბავშვს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი საუნჯე და მშობლის მოვალეობა მისი დროული აღმოჩენა და გახსნაა. ,,უდიდესი შესაძლებლობანი ყველა ადამიანს მიაკითხავს ხოლმე, მაგრამ ბევრმა არც კი იცის, რომ შეხვდა მას.“(უ.დანინგი). და არ დაგვავიწყდეს, რომ ,,ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ საქმეში შრომისმოყვარეობას ყველაფერი შეუძლია, რაც გენიოსს ხელეწიფება და ბევრი ისეთი რამეც, რაც გენიოსს არ ძალუძს“.(გ. ბიჩერი)
დღეს მშობლები ბევრს ზრუნავენ ოჯახის მატერიალური კეთილდღეობის მიზნით, მაგრამ დადგენილია, რომ ბავშვის განვითარებასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაზე გაცილებით უფრო მეტად ზემოქმედებს ოჯახის მხრიდან ბავშვის განვითარების ხელშეწყობა და წამახალისებელი გარემო, ვიდრე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ამ ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ თამაში. უამრავი კვლევა ცხადყოფს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ადრეულ ბავშვობაში მშობლებთან ერთად არასაკმარისად თამაშობდნენ, მოზარდობის დროს ნაკლები ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტით და მეტი კრიმინალური ქცევით გამოირჩეოდნენ. მართალია, თამაში ადრეულ ჩვილობაში იწყება მაგრამ ის გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. თამაშის დროს სწავლობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ფიქრს, პრობლემის გადაჭრის უნარს. რომელიმე ზღაპრის გმირის გათამაშებისას ის სრულად იზიარებს მის პრობლემას და შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრის თავისებური ხედვა წარმოგვიდგინოს. სრულად შეცვალოს ზღაპრის დასასრული. ამ დროს მშობლის მხრიდან მის ემოციებზე ადეკვატური პასუხი პატარას სამყაროს მიმართ ნდობის შეგრძნებას უყალიბებს. ასე რომ, თამაში ეხმარება ბავშვს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენასა და მომავალი სასიცოცხლო უნარების ჩამოყალიბებაში.
პატარებთან ურთიერთობას გავიმარტივებთ თუ:
-ვასწავლით ნორმალური ხერხებით როგორ გამოხატოს თავისი ემოციები.
-იმოქმედეთ თავდაჯერებულად, აკონტროლეთ ემოციები.
-ზედმეტი რჩევებით ნუ გაამწვავებთ სიტუაციას.
-მიეცით დრო რომ დამშვიდდეს და შემდეგ დაუბრუნდით საკითხის განხილვას მშვიდ ვითარებაში.
-გაუქრეთ შიშის შეგრძნება.
-,,გრძნობების არეკვლა“- ამ ხერხით მას აგრძნობინებთ რომ მისი განცდები თქვენთვის გასაგებია.
მოუსმინეთ სწორედ მაშინ, როცა რაიმე არასწორად გააკეთა. აგრძნობინეთ და უთხარით, რომ ის თქვენთვის მაინც ყველაზე ძვირფასია, რომ ერთად გამოასწორებთ მდგომარეობას. მხოლოდ პოზიტიური ქცევის დროს შექება არასაკმარისია. ბავშვს ყოველთვის სჭირდება სითბო და ყურადღება, მოვალეობას კი ყოველთვის კარგად ვერ ასრულებს, ამიტომ ის იძულებულია მოიტყუოს!
მაგრამ აქაც სიზუსტე და გარკვეული საზღვრის დაცვაა საჭირო, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ ბავშვის ,,გაფუჭება“ არ გამოიწვიოს. როდის ხდება ეს:
-როცა ცუდად იქცევა და არ ვახდენთ სათანადო რეაგირებას.
-როცა ჩვენ ზომაზე მეტად ვუკეთებთ იმას, რაც მისი გასაკეთებელია.
-როცა ჩვენ ,,გამოგვყავს“ უსიამოვნო სიტუაციიდან (ცხადია იგულისხმება ისეთი სიტუაცია, რომელზე თავის გართმევა თვითონაც შეუძლია).
მშობელმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ დაუშვებელია ბავშვის დამცირება, სხვა ბავშვებთან მისი შედარება (რაც შურის და კონფლიქტის საწყისია). ბავშვის მიმართ სისტემატიური შენიშვნები ნეგატიურ გავლენას ახდენს ფსიქიკურ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე. ნეგატიური შედეგი შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანიც. მშობლის ასეთი დამოკიდებულებით ბავშვში ვლინდება სხვადასხვა სახის ემოციური და ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: თვითშეფასების დაბალი დონე, აგრესიული ქცევები, ემოციური რეგულაციის პრობლემები და სხვ. შედეგად ბავშვი ვერ ამყარებს ურთიერთობებს სხვებთან, ან საზოგადოება არ იღებს მას სწორედ ამ პრობლემის გამო. მშობლის აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, ის სწავლობს ტყუილის თქმას და თავისი განცდების დამალვას.
ყველაზე ოპტიმალურია, როდესაც მშობელი ბავშვისადმი სითბოს გამოხატვის პარალელურად გარკვეულ საზღვრებში აქცევს ბავშვის დამოუკიდებლობას, გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს ბავშვის ქცევას (თუმცა უხსნის ამ შეზღუდვების აზრსა და მიზეზს) და მეორე მხრივ, არ ახშობს მათ ინიციატივასა და ცნობისმოყვარეობას. დადასტურებულია, რომ ამ სტილით აღზრდილი ბავშვები სოციალური კომპეტენციის მაღალი დონით გამოირჩევიან.
ბევრჯერ ვახსენე სიტყვა ბავშვი, პატარა. რას ემყარება მათი ამგვარი დაყოფა ასაკს? აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითობაა- რადგან სამყარო განუსაზღვრელია დროსა და სივრცეში!
მოდით განვიხილოთ ამ პლანეტის სხვა ბინადრების ცხოვრება. შევამჩნევთ, რომ რაც უფრო მაღალგანვითარებული ორგანიზმები არიან მით უფრო უსუსური ნაშიერი ყავთ. მშობლის უმთავრესი მიზანი მათზე ზრუნვა და მათი გამოკვებაა. დანარჩენ დროს მათთან თამაშსა და ალერსში ატარებენ. ცოტა რომ წამოზრდიან, მიჰყავთ ნადირობის დროს, გამოცდილებას უზიარებენ. ცდილობენ, რომ ასპარეზზე სათანადო ცოდნითა და უნარით აღჭურვილნი გავიდნენ. მაგრამ არასდროს არ იღწვის იმისთვის, რომ შვილს ლამაზი ბუნაგი, სორო თუ ბუდე გაუკეთოს, იგი მთელ ენერგიას პატარას განვითარებას ახმარს.
ადამიანებში ამ მეთოდს ,,ხარაჩოს“ მეთოდი ჰქვია. რაც ითვალისწინებს ბავშვისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ დახმარების გაწევას, რათა მან უფრო ეფექტიანად გააკეთოს ის, რის გაკეთებას მას ჯერ კიდევ დამოუკიდებლად არ შეუძლია. შედეგად, მას თანდათან ნაკლები დახმარების გაწევა სჭირდება და დამოუკიდებლად მოქმედების უნარიც უვითარდება.
დახმარებაში არ მოიაზრება ის, რომ მშობელმა ყველანაირი სიტუაციის გასაღები მიაწოდოს ბავშვს. ამ გასაღების პოვნის შესაძლებლობა ფიქრით და აზროვნებით უნდა მისცეს.(მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ მას ჩვენზე უკეთესი ხედვა და შესაძლებლობები აქვს)! როდესაც ქალამანებით სავსე წყლის წვეთში მარილის კრისტალი ჩააგდეს და გვერდით სუფთა წყლის წვეთი მიუერთეს, ქალამანები სუფთა წყლისკენ გაიქცნენ. ხომ დამეთანხმებით, რომ დედა ქალამანას ქცევის მზა ფორმულა არ მიუწვდია შვილისთვის? ადამიანშიც არის ,,თავის გადარჩენის რეფლექსი“, მართალია ის არ არის პირობით და უპირობო რეფლექსთა ჩამონათვალში, რადგან ის შეძენილია. მთავარია ბავშვში განვავითაროთ შესაძლებლობები და ის ძალიან მარტივად შეძლებს ყველანაირი სირთულის დაძლევას. სწორედ ამ უნარმა გადაარჩინა მელა (ზღაპარ ,,ნადირთა ძმობას“ ვგულისხმობ) სიკვდილს ასე მარტივად, უბრალოდ. პირიქით, დათვში კმაყოფილება და სიმპატია აღძრა მის მიმართ. ჩვენ კი იმასაც ვუსაზღვრავთ შვილებს ვისთან იმეგობროს და ვისთან არა. რაც უფრო პატარა ასაკში მიიღებს ამ კუთხით გამოცდილებას, მით მეტად გაუადვილდება საჭირო ადამიანის ამოცნობა. ,,სიძნელენი მის გადასალახად აუცილებელ ნიჭს ბადებს ადამიანში.“(უ. ფილიპსი).
სასწავლო პროცესი მხოლოდ საწერ მაგიდასთან არ მიმდინარეობს, გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ტვინი მუდმივად იღებს, ახარისხებს და მის გამოსაყენებლად ემზადება! ასე მოდური ცნება ლიდერობა დაკავშირებულია სწორედ ბავშვობასთან. ბავშვებს კი უნდა ვასწავლოთ ადრეულ ასაკშივე, რომ თავისუფლება იდეებშია და არა ქცევაში!
ასე რომ, მშობლებო, თქვენი შვილები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსვლამდე ,,ცხოვრების სკოლაში“ დადიან, გბაძავენ, გარკვეული დოზით ყალიბდებიან.
თითოეულ მათგანში ფერადი და თეთრი შტრიხებია მაგრამ შავი ვარიანტიც იგრძნობა. გააჩნია რომელს გამოძერწავ ხელით დამუშავების გარეშე და რომელ ფერს ამზადებ გამოსაცემად.
გამოყენებული ლიტერატურა: ,,ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი და მშობლის კონსულტირება”- ევროკავშირი საქართველოსთვის
ავტორები: ეკა კანდელაკი, ნანი ყავლაშვილი, მაია ხერხეულიძე
,,სიცოცხლის ძირითადი ნიშნები“ ავტორი: ლ. ბურდილაძე
მასწავლებლის წიგნი.
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი
- „მშობელი ხარ და დაიღალე შეხსენებით: „იმეცადინე“, „დაწერე“, „დავალება შეასრულე“? – მათემატიკის პედაგოგის გამოწვევა მშობლებს by განათლებული ბლოგი
- „რატომ არ ვაცდით მოსწავლეს, გახდეს მკითხველი? – პირველი კლასიდანვე ვზღუდავთ…“ by განათლებული ბლოგი