GE

რატომ არის საგამოცდო ღელვა კარგი? – ფსიქოთერაპევტი აბიტურიენტებს დამშვიდების ტექნიკებს ასწავლის

ფსიქოთერაპევტი ლიკა წერეთელი 2022 წლის აბიტურიენტებს ეუბნება, რომ აღელვება გამოცდის დროს მამობილიზებელია.

სპეციალისტი ხსნის, რომ მნიშვნელოვანია, გამოცდების დროს განვასხვავოთ შიში, შფოთი და აღელვება.

„ხშირად, შიში ჩვენი გადამრჩენელია, ვინაიდან ის მხოლოდ რეალურ საფრთხეეებს ეხება. შფოთი კი არის იმის შიში, რაც რეალური და ხელშესახები არ არის და შემაფერხებელია. აღელვება კი არის კონსტრუქციული იმიტომ, რომ როდესაც მე მცირე ღელვა მაქვს, ეს ჩემს ორგანიზმს მობილიზებას უკეთებს. ეს არის განსხვავება შფოთსა და აღელვებას შორის, ოდნავი დაძაბულობა მაქვს, მაგრამ ეს უსიამოვნო არ არის, ის მამობოლიზებელია, შფოთი კი უფრო დესტრუქციული“, – განაცხადა 23 ივნისს, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ლიკა წერეთელმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვიმუხტოთ უშუალოდ გამოცდაზე, სპეციალისტი ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება ის მარტივი ტექნიკები, რაც ბავშვს, აბიტურიენტს უშუალოდ გამოცდაზე შეუძლია და ერთ-ერთი ასეთია სუნთქვის ტექნიკა, რაც გვეხმარება რომ დავმშვიდდეთ.

„ახლა წინა კვირეებია და ნელ-ნელა მატულობს, ზევით მიდის ამ აღელვის, შფოთვის რეგისტრი და როდესაც შედის ბავშვი გამოცდაზე იქ იწყება მთელი ამბავი და სწორედ ამიტომ, აუცილებლად შეეცადეთ მეგობრებო, რომ უბრალოდ დაიწყოთ სუნთქვა. არ გინდათ ინტენსიური, დაიწყეთ ღრმა, მაგრამ მშვიდი სუნთქვა (ცხვირით შესუნთქვა და პირით გამოსუნთქვა), და ერთ-ერთი რაც ყველაზე მთავარია, ამ სუნთქვის დროს დავკონცენტრირდეთ თვითონ პროცესზე, ანუ ფოკუსში ამოვიღოთ სუნთქვის პროცესი – მშვიდი, ღრმა სუნთქვის. ეს არის რელაქსაციის, დამამშვიდებელი ტექნიკა. ხანდახან, აი ამ კომფორტულ, ღრმა, მშვიდ სუნთქვაზე გადასვლა და მისი ფოკუსში მოქცევა პანიკურ შეტევებსაც კი ძალიან კარგად შველის“, – განაცხადა ლიკა წერეთელმა.

გარდა ზემოაღნიშნული ტექნიკისა, როგორც სპეციალისტი ამბობს, შემდეგი ტექნიკა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა საყრდენის მოძებნა.

„აბიტურიენტი, როდესაც საგამოცდო ოთახში შევა და სკამზე დაჯდება, უნდა შეეცადოს, რომ ფეხები მაქსიმალურად დააყრდნოს იატაკს, შეიგრძნოს ეს საყრდენი, რომელიც მას არავითარ შემთხვევაში არ გამოეცლება, ეს მყარი იატაკია და ის მას დაიჭერს, აუცილებლად. სკამზეც, მაქსიმალურად შეეცადოს, რომ საჯდომით კარგად შეიგრძნოს ეს საყრდენიც, რომ ისიც ძალიან მყარია და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ალბათ ისიც არის, რომ დროებით მაინც, სანამ ის დაიწყებს, მიეყრდენით საზურგეს, შეიგრძენით, რომ იქაც კარგი საყრდენი გაქვთ, პირდაპირ იქ, გამოცდაზე კარგი საყრდენია, რომელსაც შეგიძლიათ, რომ მიეყრდნოთ და ენდოთ. ეს უკვე საკმარისია, რომ მოხდეს შედარებით, ან მთლიანი დამშვიდება, გააჩნია ვის რა დონე აქვს შფოთვის“, – თქვა პირდაპირ ეთერში საუბრისას ფსიქოთერაპევტმა.

გამოცდის გარეთ მომლოდინე მშობლებისთვის კი სპეციალისტი ამბობს, რომ ისინი მოთმინებით და პოზიტიური აზროვნებით უნდა აღიჭურვონ.

2022 წლის გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები ცნობილია

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური