GE

რატომ ითხოვენ სკოლებში აცრების სერტიფიკატებს – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა თუ რატომ ითხოვენ სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე ბავშვებისგან აცრების სერტიფიკატებს. დავით სერგეენკოს თქმით, ამის მიზანი მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება არ არის და მხოლოდ წითელას და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების დროულად გატარებაა.

წითელას აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი იმის გამო გახდა აქტუალური, რომ ვირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებაა. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზებითაც გადამდებია. განსაკუთრებით სახიფაო კი ინფიცირებულის საჯარო თავშეყრის ადგილებში მოხვედრა არის.

„ის, რომ ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებებს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვის მშობელს მოსთხოვონ აცრების სერტიფიკატები, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომამ სერტიფიკატების არწარდგენის შემთხვევაში ბავშვს უნდა შეუჩერდეს სტატუსი. არამედ, ამის მიზანი არის ის, რომ სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ კონსულტაციით დავეხმაროთ მშობლებს, ავუხსნათ ამ ვაქცინის მნიშვნელობა და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში და არა – მანდატურულად უბრალოდ შეუჩერდეთ სტატუსი. სტატუსის შეჩერება ამოცანა არ არის. ამოცანა არის იმ ყურადღების გამახვილება და ხელშეწყობა – თუ რამდენად მნიშვნელოვანია არის წითელას აცრა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ ვაქციენებზე მოთხოვნა გაიზარდა, ამიტომ ქართულმა მხარემ ახალი პარტია თურქეთიდან უნდა შემოიტანოს.

„შეთანხმება უკვე შედგა და უკვე გზაშია ვაქცინები. საჭიროება განაპირობა იმან, რომ ჩვენ არაგეგმიური ვაქცინაციისთვის – ეპიდ აფეთქებისთვის გვქონდა 150 ათასი ვაქცინა. დღეის მდგომარეობით 65 ათასი აიცრა, მაგრამ აცრებზე მაღალი მომართვიანობის გამო, გადავწყვიტეთ რომ თავი დაგვეზღვია შემდეგი შესყიდული პარტიის ჩამოსვლამდე, რომელიც მარტში იქნება და თეორიულად 1 საათიც რომ არ ყოფილიყო წყვეტა, გადავიზღვიეთ თავი და მალე ეს ვაქცინები საქართველოში იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება წითელას გავრცელების ბოლო დინამიკას, დავით სერგეენკოს თქმით, შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა შემთხვევების ზრდის სიჩქარე მნიშვნელოვნად შენელდა.

„შემთხვევები მატულობს, თუმცა არა იმ ტემპით, როგორც აქამდე იყო. ეს მიღწეული იქნა იმით, რომ მოსახლეობა ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთო. 65 ათასი ვაქცინაცია ძალიან  კარგია, თუმცა ჩვენ სამიზნე  გვაქვს 20-40 წლის ასაკში 200 ათასი ადამიანი. ჩვენ ამისთვის მზადყოფნა გვაქვს და საზოგადოების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მასწავლებლის ბლოგი აცრების აუცილებლობის შესახებ – „მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ აცრები ერის გადაშენებისთვისაა მოგონილი!“

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური