GE

რატომ იყო შეცდომა პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება?!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიიჩნევს, რომ პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება შეცდომა იყო.

„დღეს როცა ვსაუბრობთ ამდენი პრობლემაა, იგივე კვალიფიკაცია, დახმარება სჭირდება ჩვენს პედაგოგებს, მით უმეტეს, ასეთი ინსტიტუტის გაუქმებით რა უნდა მიგვეღო? ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც მართლა ძალიან ბევრ სახელოვან პედაგოგს ამზადებდა. ეს იგივეა, ფეხბურთელებს სტადიონი აღარ მივცეთ და ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განმარტავს, თუ რატომ იყო შეცდომა პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება.

„საქართველოში ერთადერთი უმაღლესი პედაგოგიური უნივერსიტეტი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის სახელს ატარებდა და ფუნქციონირებდა 1936 წლიდან, გაუქმდა 2005 წელს. ფაქტობრივად, ის იყო პედაგოგიური კადრების ძირითადი სამჭედლო ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მასწავლებლის მომზადების პროგრამები ჰქონდა ასევე რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტსაც (ქუთაისის, ბათუმის, თელავის, გორის, სოხუმის…). რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, მათთვის პედაგოგის მომზადება არც არასდროს ყოფილა პრესტიჟული (განსაკუთრებით კი 2000-იანი წლებიდან). არ არის დასამალი, რომ ფართო პროფილის უნივერსიტეტებისათვის პედაგოგის მომზადება არც ადრე და არც დღეს არ ყოფილა პრიორიტეტული“, – ამბობს ნათელა მაღლაკელიძე.

მან ჩვენთან საუბარში დეტალურად მიმოიხილა როგორ იცვლებოდა კანონი მასწავლებლის პროფესიული მომზადების შესახებ წლების მანძილზე.

„2006 წელს დამტკიცდა მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია (საქართველოს მთავრობის დადგენილება N29, 09 თებერვალი, 2006). მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეეძლოთ განათლების ბაკალავრებსა და განათლების მაგისტრებს სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი პერიოდისა (მაძიებლობა) და სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ. განათლების ბაკალავრებს მხოლოდ დაწყებით კლასებში სწავლების უფლება ჰქონდათ, ხოლო განათლების მაგისტრებს – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე (დავაზუსტებთ – საგნის მასწავლებელი მზადდებოდა მხოლოდ სამაგისტრო საფეხურზე).

ამ მოსაზრების უკუგდება მალევე გახდა საჭირო, რადგან მაგისტრატურაში არ სწავლობდა საჭირო რაოდენობის მასწავლებლობის მსურველი. ამდენად, შემდეგ წლებში ბაკალავრიატდამთავრებულებსაც მიეცათ საბაზო და საშუალო საფეხურზე საგნის მასწავლებლობის უფლება, თუმცა მათ მენტორ–მაძიებლის პროგრამა უნდა გაევლოთ, ან ერთწლიანი სამუშაო სტაჟი დაეგროვებინათ, რომ შეძლებოდათ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა.

ამ კანონში ცვლილება შეტანილ იქნა 2012 წელს, რომლის მიხედვითაც ყველა ბაკალავრს პროფესიაში შესვლის უფლება მიეცა მაძიებლობის გავლის გარეშე. როდესაც ყველა უმაღლესდამთავრებულ ბაკალავრს ვახსენებთ, ვგულისხმობთ ყველა სპეციალობისა და მიმართულების ბაკალავრს (და არა მხოლოდ განათლების ბაკლავრს). დიახ, 2012 წლიდან ყველა ბაკალავრს, განურჩევლად სპეციალობისა, შეეძლო ჩაებარებინა ე.წ. სასერტიფიკატო გამოცდები, გადაელახა მინიმალური ბარიერი და გამხდარიყო პედაგოგი. ასე რომ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი სპეციალობის პიროვნება, რომელმაც ჩააბარა ე.წ. სასერტიფიკატო გამოცდები და გადალახა მინიმალური ბარიერი. რაც შეეხება დაწყებით კლასებში მასწავლებლობის მსურველებს, იქაც იგივე კანონი ამოქმედდა და საბაზისო პედაგოგიური განათლების მიღება არც მათთვის იყო სავალდებულო.

შემდგომ წლებში საგნის მასწავლებლის მომზადება ხდებოდა მხოლოდ ე.წ. „მაინორ“ პროგრამის ფარგლებში, რაც იმას გულისხმობდა, რომ ბაკალავრს ძირითად („მეიჯორ“)  პროგრამასთან ერთად შეეძლო აერჩია პედაგოგის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, სადაც ის მოისმენდა პედაგოგისათვის აუცილებელ დისციპლინებს და გაივლიდა სასკოლო პრაქტიკას. აქვე დავსძენთ, რომ ეს „მაინორ“ პროგრამა ნამდვილად არ იყო საკმარისი პედაგოგის მომსამზადებლად თუნდაც იმის გამო, რომ 4 წელიწადში ვერაფრით ესწრებოდა საგნობრივი და პრაქტიკული კომპეტენციების ერთდროული დაუფლება. ეს 60-კრედიტიანი პროგრამა მოქმედებდა 2017-2018 სასწ. წლამდე, 2017-2018 სასწ. წლიდან კი უმაღლესი განათლების კანონში შეტანილი ცვლილების თანხმად (მუხლი 89.12) იგი გადავიდა მილევად რეჟიმში. ასე რომ, საბაზო და საშუალო სკოლის საგნის მასწავლებელი დღეს აღარ მზადდება  აღარც საბაკლავრო და აღარც სამაგისტრო საფეხურზე (აქვე ბარემ იმასაც აღვნიშნავთ, რომ განათლების მაგისტრის ხარისხი არც მანამდე იძლეოდა პროფესიაში შესვლის საფუძველს, რაც ნამდვილად არ იყო მართებული გადაწყვეტილება)“, – ამბობს ნათელა მაღლაკელიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კადრების ჩანაცვლების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ რომელი კადრებით უნდა მოხდეს უფროსი თაობის მასწავლებლების ჩანაცვლება, არ არის ცნობილი. მისი თქმით, მაინორ პროგრამით მომზადებული ახალგაზრდების თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციები “ნამდვილად არ გახლავთ საკმარისი სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურზე პედაგოგობისთვის”.

ნათელა მაღლაკელიძე დღევანდელ ვითარებასაც ეხება და ამბობს, რომ დღეს საგნის პედაგოგი ფაქტობრივად აღარ მზადდება.

„ამ კუთხით ბოლო წლებში ერთადერთი იმედის მომცემი სიახლე გახლდათ ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ უფლება, შეექმნათ ე. წ. „სასერტიფიკატო“ 60-კრედიტიანი პროგრამა სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული მასწავლებლობის მსურველთათვის (ან მოქმედი პრაქტიკოსი მასაწავლებლებისათვის, რომელთაც უფროსი მასწავლებლობის  სურვილი ჰქონდათ). რა ბედი ეწევა მომავალში ამ 60-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამას, უცნობია, რამდენადაც მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და გადამზადების კანონში არსებითი ცვლილებები შევიდა. თუ ეს პროგრამაც გაუქმდა, ჩათვალეთ, რომ კადრები საერთოდ აღარ გვეყოლება“, – აღნიშნავს ნათელა მაღლაკელიძე და დეტალურად განმარტავს, თუ რატომ ფიქრობს, რომ დღეს საგნის პედაგოგი ფაქტობრივად, არ მზადდება.

„საგნის მასწავლებელი (და არა დაწყებითის) 2017-18 წლამდე მზადდებოდა ბაკალავრიატის დონეზე მაინორ პროგრამით. დღეს იქაც აღარ მზადდება.

ბაკალვრიატში 240 კრედიტია, აქედან 60 კრედიტი შესავალი კურსები, 120 კრედიტი ძირითადი სპეციალობა (ჩვენს შემთხვევაში ჰუმანიტარი) და 60 კრედიტი მაინორი (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის მომზადება). 120 კრედიტი არ არის საკმარისი, რომ 2 საგანი: ქართული ენა და ქართული ლიტერატურა ისე ასწავლო სტუდენტს, რომ საბაზო და განსაკუთრებით კი საშუალო საფეხურზე ეყოს საგნობრივი კომპეტენციები (ნახეთ სახელმძღვანელოები და ე ს გ, რა მოთხოვნებია, ნახეთ მასწავლებლის პროფესიული მომზადების სტანდარტი – საკმაოდ რთულია). ამას ემატებოდა პედაგოგიკა, მეთოდიკები და პედ. პრაქტიკა იმ მაინორ პროგრამით არ ესწრებოდა. ხანდახან მგონია, რომ მარჯვენამ არ იცის, მარცხენა რას აკეთებს. ე ს გ, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, მასწავლებლის მომზადების პროგრამები ერთიან სივრცეში არ ჯდება. სასერტიფიკატო გამოცდები ხომ სულ სხვა თემაა“, -აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

რაც შეეხება დაწყებითი საფეხურისათვის მასწავლებლის მოზადებას, მისი თქმით, აქ უკეთესად არის საქმე, რადგან დაწყებითი საფეხურისთვის წელს ამოქმედდა 5-წლიანი, განათლების მაგისტრთან გათანაბრებული 300-კრედიატიანი პროგრამა.  ეს პროგრამა მეტ შესაძლებლობას აძლევს მომავალ მასწავლებელს საფუძვლიანად დაეუფლოს სასურველ  პროფესიას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნათელა მაღლაკელიძის რეკომენდაციით, დროა, გადაიხედოს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, გაიზარდოს პედაგოგიური პრაქტიკის წილი მომავალი პედაგოგის დახელოვნების საქმეში, მეტი ყურადღება მიეცეს თეორიულ დისციპლინებს.

„ამ ყბადაღებულ უნარებს ნუ გადავაყოლებთ ცოდნას (უნარ-ჩვევა ცოდნის შედეგი უნდა იყოს და არა მექანიკური წვრთნის). საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მოთხოვნების ფონზე 4 წელიწადში მასწავლებლის მომზადება შეუძლებელია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ სკოლასა და მოსწავლეს მასწავლებლის აკადემიური ხარისხები სულ არ აინტერესებს, მას თავისი საქმის პროფესიონალი სჭირდება.  ამისათვის კი ალბათ ისევ უნდა აღდგეს პედაგოგიური უნივერსიტეტი, სადაც ერთადერთი პრიორიტეტი იქნება პედაგოგის მომზადება“, – დასძენს ნათელა მაღლაკელიძე.

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური