GE

რატომ მოიხსნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის ზოგადი უნარების გამოცდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლესი განათლების მისაღებად ბევრად მარტივ გზას გაივლიან – მხოლოდ ერთი გამოცდით აფხაზურ, ან ოსურ ენაში მათ შეუძლიათ სასურველ უნივერსიტეტში მოხვდნენ.

ამისათვის უბრალოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ, რომელიც დარეგისტრირებაში დაეხმარებათ. შემდგომ კი აფხაზურ/ოსურ ენაში გამოცდით ერთწლიან მოსამზადებელ საფეხურზე ჩაირიცხებიან. საფეხურის დასრულების შემდეგ კი სწავლას მათთვის სასურველი უნივერსიტეტის სასურველ ფაკულტეტზე უგამოცდოდ გააგრძელებენ.

თუ რატომ გახდა აღნიშნული ცვლილება საჭირო და  რა მოლოდინები აქვს სახელმწიფოს მისგან, ამაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ივა მინდაძე გვესაუბრა.

ივა მინდაძე: აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე საფეხურისგან შედგება. მოდით რეალობას თვალი გავუსწოროთ – არც ერთ რეგიონში და არც მეორეში, არც აფხაზურად და არც ოსურად არ სწავლობენ საგნებს, რომლებიც ზოგადი უნარების ჩასაბარებლადაა საჭირო. ანუ,  როდესაც საქმე ზოგადი უნარების ტესტს ეხება, უნდა ვიცოდეთ, რომ მათემატიკური ნაწილის შემთხვევაში გარკვეული მათემატიკური ტერმინოლოგიისა თუ ცნებების ფლობაა საჭირო. ვერბალური ნაწილის შემთხვევაში კი სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე მოცემული ტექსტია და ამასაც შესაბამისი ლექსიკის ფლობა სჭირდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების შემთხვევაში არც ერთი მხარე არაა უზრუნველყოფილი. არც ერთ და არც მეორე რეგიონში არ სწავლობენ თავიანთ ენაზე  ამ ტერმინოლოგიას. მარტივ ტერმინოლოგიაზეა საუბარი- წრე, წრეწირი, ფართობი – იმ ენაზე მსგავსი ცნებების ცოდნის დეფიციტია. ასეთ მოსწავლეებს ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარება უჭირთ. ამიტომ, ვფიქრობ გამოსავალი ადეკვატურია – შევთავაზოთ აფხაზურ ან ოსურ ენაში გამოცდა. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ მოსამზადებელ პროგრამაზე გადავიდნენ და შემდეგ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ის გახლავთ, რომ იქ, ორივე რეგიონში, სკოლა 11-წლიანია და ეს გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის. მოსწავლეებს ერთწლიანი დეფიციტი აქვთ. პირველ რიგში, სწორედ მათთვისაა კარგი, რომ ეს ერთწლიანი დეფიციტი დაფარონ და უმაღლესში სწავლა ამის შემდეგ გააგრძელონ. თუმცა, თუკი მოსწავლე ფიქრობს, რომ მზადაა და სურს გამოცდებში მონაწილეობა პირდაპირ მიიღოს, მას შეუძლია ეროვნულ გამოცდებზე ჩვეულებრივ გავიდეს, როგორც სხვა ახლგაზრდები.

–თუმცა, ამ შემთხთვევაში, მას სხვა საგნების ჩაბარებაც მოუწევს, მაგალითად ზოგადი უნარ-ჩვევების და ა.შ?

–ი.მ: დიახ.  რუსულად, ან ქართულად. შეუძლია ასე ჩააბაროს, ან ამ შეთავაზებით ისარგებლოს და აფხაზური/ოსური ენის გამოცდა გაიაროს.

–როგორც ვიცით, ამ შეთავაზებით სარგებლობა მათ წელსვე შეუძლიათ. როგორ უნდა მოესწროს ეს, როცა აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია?

–ი.მ: ჩვენ განსხვავებული წესი გვაქვს აფხაზი და ოსი აბიტურიენტებისათვის. თუკი პარლამენტი კანონს შეცვლის, კანონს უზენაესი ძალა ექნება და იგი აღსრულდება. ამიტომ, მსურველები ჩვენს  ცენტრს უნდა დაუკავშირდნენ და ჩვენი მხრიდან პრობლემა არ შეექმნებათ.

–დაახლოებით რამდენი აბიტურიენტი აბარებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან გასული წლების მონაცემებით და ელით თუ არა, რომ ამ შეთავაზების შედეგად მსურველთა რაოდენობა გაიზრდება?

ი.მ: გალიდან გასულ წელს დაახლოებით 300 აბიტურიენტი გვყავდა, რომლებმაც ყველა გამოცდა ქართულად ჩააბარეს. უშუალოდ აფხაზური ენის ტესტიც გვქონდა, რადგან აფხაზური ენა სახელმწიფო ენაა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ამ შეთავაზებით ერთი-ორი ადამიანი თუ სარგებლობდა. ახალგორიდანაც ასევე – ერთეულები თუ იყვნენ ისეთები, ვინც დაგვიკავშირდა და გვკითხა შეეძლოთ თუ არა გამოცდების ოსურად ჩაბარება.

–თქვენ ახსენეთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს  გარკვეული პრობლემები აქვთ ტერმინოლოგიის გაგებასთან დაკავშირებით.  ამ შემთხვევაში, თუნდაც ერთწლიანი მოსამზადებელი წლის გავლის შემდგომ, რაც ძირითადად ქართულ ენაში მომზადებას გულისხმობს, მათ ჩვეულებრივ, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში მოუწევთ ჩართვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაძლევენ?

ი.მ: ამ ინიციატივის ნაწილია ისიც, რომ მომავალი წლიდან მათთვის საინტერესო საგნებში  საგნობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებაც შევთავაზოთ. სახელმწიფო ამას მომავალი წლიდან უზრუნველყოფს.

–თუმცა, მანამდე ერთი წელია და როგორ ფიქრობთ, ის აბიტურიენტები, რომლებიც წელს ჩააბარებენ, შეძლებენ სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას?

ი.მ: ასეთი პრეცენდენტები გვაქვს სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ არსებობს „1+4 პროგრამა“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებსდა ამ მიმართულებით წარმატებული ისტორიებიც არის. იმედი მაქვს, რომ ესეც ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება, რომელიც მეტ ადამიანს დაეხმარება.

ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს უნარების გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ – ცვლილებები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სკოლადამთავრებულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური