GE

რატომ უნდა გაუქმდეს განათლების სამინისტრო – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკური ორგანიზაციის „გირჩი“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე

„კვება მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ ადამიანმა იცოცხლოს, მან რეგულარულად უნდა მიიღოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალების, წყლის გარკვეული რაოდენობა სხვა შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი ან დაზიანდება რაიმე ფორმით, ან შეწყვეტს არსებობას, მაგრამ თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. შესაბამისად მოთხოვნა ამ აუცილებელ ინგრედიენტებზე განსხვავდება სხვადასხვა ადამიანისთვის. ვიღაცას მეტი ცილა სჭირდება, ვიღაცას მეტი ცხიმი, ვიღაცას კი კონკრეტული მინერალების ან ვიტამინების პაკეტის რეგულარული მიღება.

ადამიანებმა სპეციალური პროფესიაც კი მოვიგონეთ იმისათვის, რომ მეტნაკლებად ზუსტად განვსაზღვროთ ინდივიდუალური ორგანიზმისთვის ოპტიმალური დიეტა – დიეტოლოგი ჰქვია ამ პროფესიას.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს კვების სამინისტრო და ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა, რომ თუ ასეთი სამინისტრო არ გვექნება, შიმშილით დავიხოცებით.

ხომ გჯერათ რომ თუ კულტურის სამინისტრო არ გვექნება –კულტურა მოკვდება? ან თუ ეკონომიკის სამინისტრო არ გვექნება – ეკონომიკა მოკვდება? აი, ზუსტად ასე – თუ არ გვექნება კვების სამინისტრო, რომ გვჯეროდეს რომ გავწყდებით შიმშილით და ეს სამინისტრო, როგორც მთავარი მზარეული, განსაზღვრავს ერთიან, უნიფიცირებულ მენიუს ყველა მოქალაქისთვის ასაკის მიხედვით. ყოველ კონკრეტულ ასაკში ყველა ვიღებთ ერთნაირ საკვებს. ეს მენიუ ეყრდნობა მეცნიერულ კვლევებს, რომლებითაც დადგენილია რა რაოდენობის ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, მინერალები თუ წყალი უნდა მიიღოს თითოეულმა ადამიანმა საშუალოდ ყოველ დღე.

ამ მენიუში მცირედ, მაგრამ მაინც გათვალისწინებულია რისი მიღება სურს საკვებად ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას – დემოკრატიის ის ხარისხიც კი, რომელიც გვაქვს საქართველოში, ამას მცირედ მაგრამ მაინც განაპირობებ. აგრეთვე, ამ მენიუში გათვალისწინებულია უცხოეთის, ე.წ. წარმატებული ქვეყნების გამოცდილება – რითაც ისინი კვებავენ საკუთარ მოსახლეობას, ჩვენც დაახლოებით იგივე გვაქვს მენიუში. ნუ, რაღაცებში აცდენილი ვართ, თან საკმაოდ, მაგრამ მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მენიუ ერთია – ერთია ყველასთვის. ყველა, ყოველ დღე ვიღებთ იმ საკვებს და იმ ოდენობის მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორც ეს ქვეყნის მთავარმა მზარეულმა გადაწყვიტა. ნუ, რამდენად მართლა მნიშვნელოვანია მენიუს კომპონენტები და გვტენის თუ არა ახლობლების ნიგოზს მთავარი მზარეული, რომ ფული გააკეთოს, მაგაზე სხვა დროს იყოს.

რას მივიღებთ?

ყველაზე მარტივი რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ – ყელში ამოგვივა ეს ერთფეროვანი საკვები და ალბათ დიდი ენთუზიაზმით არ მივირთმევთ. სავარაუდოდ, ერთიანი მენიუ ვიღაცისთვის აღმოჩნდება ზედმეტად მარილიანი ან მწარე, ხოლო ვიღაცისთვის პირიქით.

მაგრამ პრობლემა გაცილებით ღრმა იქნება ერთიანი, უნიფიცირებული მენიუს გამო, ვიღაცები ვერ მიიღებენ იმ პროპორციის მნიშვნელოვან ინგრედიენტებს, რა პროპორციითაც ეს მათ ორგანიზმს სჭირდებ და პირიქით, ვიღაცები მიიღებენ გარკვეულ ინგრედიენტებს იმაზე ნაკლები ოდენობით, ვიდრე მათი ორგანიზმი მოითხოვს.

შედეგად მივიღებთ არა უბრალოდ ფაღარათს ან ყაბზობას, არამედ დარღვეულ მეტაბოლიზმს, თანმხლები გართულებებით, იქნება ეს ოსტეოპოროზი, პელაგრა თუ რკინა-დეფიციტური ანემია. მოკლედ, დიდი ნაწილი ავად ვიქნებით, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ცალსახად – ავად! ჯანმრთელი გადარჩება მხოლოდ ის, ვინც მოახერხებს და მთავარი მზარეულის გვერდის ავლით მიიღებს საკვებს, რომელსაც მისი ორგანიზმი ითხოვს.

მოგწონთ სურათი? 

ალბათ არა. ახლა წარმოდგინეთ, რომ ამ ყველაფერს კვებაზე კი არ ვყვები, არამედ – განათლებაზე. ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტები ცოდნაა, ხოლო მთავარი მზარეული – განათლების სამინისტრო.

ადამიანის ტვინი, გონებრივი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, და აქედან გამომდინარე ინტერესები და უნარები ზუსტად ისევე ინდივიდუალურია, როგორც თითოეული ადამიანის ორგანიზმი. განათლების სამინისტრო კი, როგორც მთავარი მზარეული, ცდილობს სხვადასხვა ასაკში ერთგვაროვანი ცოდნა ჩატენოს ბავშვების სრულიად ორიგინალურ ტვინებში და ამას ამართლებს იმით, რომ ‘სწავლების ეს გზა’ მეცნიერულად დასაბუთებულია, ისაა რასაც ხალხი დემოკრატიულად ითხოვს და ამავე დროს წარმატებული ქვეყნების გამოცდილებაა. თუმცა, ამ ჯოჯოხეთის მთავარი დასაყრდენი ადამიანების უმეტესობაში არსებული ირაციონალური რწმენაა – რომ განათლების სამინისტროს გარეშე, ცოდნას ვერ მივცემთ შვილებს.

რას ვიღებთ შედეგად?

ზუსტად ისე როგორც ერთიანი მენიუს შემთხვევაში – ბავშვებს, რომელთაც არ აინტერესებთ ის, რასაც ასწავლიან და შესაბამისად არც სწავლის დიდი ენთუზიაზმი აქვთ. ზუსტად ისე, როგორც ერთაინი მენიუ ვიღაცისთვის მარილიანი იყო, ხოლო ვიღაცისთვის პირიქით, აქ ვიღებთ სასწავლო პროგრამას თითოეულ საგანში, რომელიც ერთი ბავშვისთვის ძალიან მარტივია, მაგრამ სისტემა მას წინ არ უშვებს, ხოლო მეორე ბავშვისთვის ზედმეტად რთულია, მაგრამ სისტემა მაინც თავში უტენის, თუმცა, როგორც ერთიანი მენიუს შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც შედეგები გაცილებით ღრმაა.

საბოლოო ჯამში, მრავალწლიანი უნიფიცირებული განათლებით „კვების“ შედეგად, ვიღებთ თაობებს, რომელთაც არ აქვთ ის ცოდნა და ის უნარები, რომლებიც აუცილებელია მუდმივად ცვლად რეალობაში საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. ვიღებთ თაობებს, რომლებიც რეალურად დაკარგული არიან ცხოვრებაში. ჩვენ ვართ ასეთი თაობა, ჩვენ ზემოთ იყვნენ ასეთი თაობები, ჩვენ ქვემოთ მოდიან ასეთი თაობები და ზუსტად ისე, როგორც მთავარი მზარეულისა და ერთიანი მენიუს შემთხვევაში, აქაც, გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც მოახერხებს რომ ერთიანი სახელმწიფოს მიერ უნიფიცირებული განათლების სისტემის გვერდის ავლით, ან მის პარალელურად, მიიღოს სხვა ცოდნა და უნარები, რომლებიც მას ცხოვრებაში წარმატების შესაძლებლობას მისცემს.

თავისუფლება, რომელსაც სახელწიფო უტოვებს თუნდაც კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, რომ სხვა „მენიუ“ აირჩიონ, არის თავისუფლება, რომ დესერტის შემდეგ აირჩიო –ყავა გირჩევნია თუ ჩაი. დანარჩენი ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული და რეგულირებულია მზრუნველი მთავარი მზარეულის მიერ.

ეს არის რეალობა. ჩვენ ჩვენით ვაავადმყოფებთ მომავალ თაობებს და ამაში ჩვენვე ვიხდით ფულს! და გვგონია, რომ თუ მთავარ მზარეულს გამოვცვლით – ახალ განათლების მინისტრს დავნიშნავთ – ეს უშველის ჩვენს შვილებს. სინამდვილეში, გამოსავალი მზარეულის შეცვლაში არ არის. წესით, ეს უკვე არსებული საკუთარი გამოცდილებითაც უნდა გვესწავლა, გამოსავალი სხვაგანაა. თუ გვინდა, მომავალ თაობებს გადარჩენის შანსი მივცეთ, მზარეული უნდა მოკვდეს! განათლების სამინისტრო უნდა გაუქმდეს!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური