GE

რატომ ვერ (არ) იზრდება მასწავლებელთა ხელფასები – ფინანსთა მინისტრის განმარტება

ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას დეპუტატების კითხვებს უპასუხა. პარლამენტის წევრი სერგო რატიანი ინტერესდებოდა, რატომ შემცირდა განათლების ბიუჯეტი პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 14 მილიონით და ზოგადად განათლების ბიუჯეტის ზრდა რატომ არ აისახა მასწავლებელთა ხელფასებზე. მისი თქმით, კატასტროფაა, რომ 40 ათასამდე მასწავლებლის საშუალო ხელფასი დღეს არის 400 ლარი.

ფინანსთა მინისტრმა “ევროპული საქართველოს” წევრს დაუდასტურა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 14 მილიონი ლარითაა შემცირებული, თუმცა განმარტა, რომ  ეს თანხა მიმართეს იმ რთულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

„თქვენ თქვით, რომ მეორე შეტანიდან დღემდე 14 მილიონით შემცირდა ბიუჯეტი, სინამდვილეში ჩვენ გავზარდეთ 30 მილიონით. განათლების სამინისტროს ბიუჯეტში ხედავთ კლებას და ეს მართალიც არის, თუმცა ნაწილი გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ეს თანხა და კიდევ დავუმატეთ 30 მილიონი. ნუ ჯამურად 120 მილიონის ნაცვლად არის 150 მილიონი. ნაგულისხმები იყო სკოლების რეაბილიტაციისთვის 120 მილიონი და ახლა არის 150 მილიონი“, –  განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამის მიზეზად ფინანსთა მინისტრი ინფრასტრუქტურის პროექტების სირთულეს ასახელებს, რომელსაც ამ პროფილის სამინისტრო მისი აზრით, უკეთ განახორციელებს.

„რატომ მოხდა ეს, რატომ გადავიტანეთ?!  ჩვენ ვიცით, რომ განათლების სამინისტროსაც აქვს თავისი ლიმიტი ათვისების. ჩვენ გვჯერა, რომ ამ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამინისტორს აქვს გაცილებით მეტი ცოდნა და ნოუ ჰაუ, რთული და უფრო კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. შესაბამისად, ამ ნიშნით რეაბილიტაცია და მშენებლობა სკოლების, რაღაც ნაწილი უფრო რთულ კომპონენტიანი გადავიდა იქ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

სერგო რატიანის კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ არ აისახა ეს თანხა პედაგოგთა ხელფასებში, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ მიმდინარე ხარჯები არ უნდა ფინანსდებოდეს ვალით, და ის უნდა ფინანსდებოდეს შემოსავლებიდან.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ძირითადაც უცხოური ვალებით ფინანსდება, არ უნდა გადმოვიტანოთ  მიმდინარე ხარჯებში. მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს შემოსავლებიდან, ეს არის ის წესი, რომელიც საერთოდ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ჩვენ როცა ვიწონებთ თავს, ყველზე მთავარი კომპონენტი არის ის, რომ ზუსტად მიმდინარე ხარჯებს ვაკონტროლებთ. ვაფინანსებთ მიმდინარე შემოსავლებიდან, არ ვაკეთებთ აღრევას კაპიტალური ხარჯების მიმდინრე ხარჯებთან; არ ვიღებთ სესხს და არ ვაფინანსებთ სესხით მიმდინარე ხარჯებს. ეს იქნება უპასუხისმგებლობა, ეს არის ერთჯერადი მოვლენა. შესაბამისად, ამას არანაირი კავშირი არ აქვს აუთვისებლობასთან და იმასთან რომ არ გვინდა ხელფასების გაზრდა.

„რაც შეეხება საკუთრივ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონმა სერგომ წინა განხილვაზეც დასვა ეს კითხვა და ვშიშობ, რომ ამ ეტაპზეც ამ კითხვას იგივე პასუხი უნდა გავცე. მე იმედი მქონდა, რომ ჩვენ შევძლებდით განათლების რეფორმის უფრო სრულ წარდგენას დღეის მდგომარეობით, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ცოტათი გვიანდება თუმცა მე ჩართული ვარ ამ პროცესში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება და იმედს ვიტოვებ, რომ ამ რეფორმას დავუჭერთ მხარს მიუხედავად იმისა, ოპოზიციაში ვართ თუ ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ რეფორმა სწორია, უცხოელი ექსპერტები არიან ჩართული და ეს არის საშვილიშვილო საქმე და მე მგონი, როდესაც საქმე განათლებას ეხება, სივრცე პოლიტიკური სპეკულაციებისა და პოპულიზმისთვის მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ“,  – განმარტა ვანო მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე:

ფინანსთა მინისტრი: პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულ მასწავლებლებს ხელფასი 30%–ით გაეზრდებათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 2019 წელს 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება – როგორია ბიუჯეტის განაწილება პრიორიტეტების მიხედვით

მანდატურის ხელფასი 2019 წლის იანვრიდან 200 ლარით გაიზრდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური