GE

რატომ ვერ მივყავართ ველობილიკებს სკოლებამდე? – ერთი მოსწავლის ისტორია

მეშვიდე კლასელმა დაჩი ახალაიამ სკოლაში სიარული ველოსიპედით გადაწყვიტა, თუმცა მისი ტრანსპორტის განთავსებაზე პრობლემა შეიქმნა. მოსწავლეს, 20 ოქტომბერს, 126-ე სკოლის ადმინისტრაციამ ფოიეში ველოსიპედის გაჩერების უფლება არ მისცა იმ მიზეზით, რომ ვერ უზრუნველყოფდნენ მის უსაფრთხოებას. სკოლის დირექციამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა, რომ სპეციალური ჩამკეტით განთავსებული ორთვალა ტრანსპორტი მოსწავლეს უვნებელი დახვდებოდა. ეს პასუხისმგებლობა სკოლის ადმინისტრაციამ ვერც მის ეზოში ტრანსპორტის ხეზე მიბმის შემთხვევაში აიღო, თუმცა იქ განთავსების ნება მოსწავლეს ბევრი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ დართო. დაჩის მამამ, ლევან ახალაიამ, ამ ფაქტის შესახებ მისწერა თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს. უწყებები მშობელს ამ საკითხით დაინტერესებასა და რეაგირებას დაჰპირდნენ.

ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სტიმულირება თბილისის მერიის დეკლარირებული პრიორიტეტია. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობს თავად ქალაქის მერი. ყოფილი სპორტსმენი კახა კალაძე, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ქუჩებში ხან ველოსიპედით, ხან სქროლით დადის, რითაც ამტკიცებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მომხმარებელია და ცდილობს გახდეს მაგალითი სხვისთისაც. დედაქალაქში მოიმატა ველობილიკების რაოდენობამაც, რისთვისაც მერია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისას, დამატებით თანხას ხარჯავს. მათი განმარტებით, ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტი გახდეს ველოსიპედები და უარი ვთქვათ მანქანებზე, რომლებიც პიკის საათებში დედაქალაქში გაუვალ საცობებს ქმნიან ( ამ პოზიციას არ იზიარებს მძღოლების დიდი ნაწილი და მიაჩნიათ, რომ მანქანები საცობს ქმნიან სწორედ ველობილიკისთვის დათმობილი ტერიტორიის გამო –ავტ).

სკოლის მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესი განათლების სამინისტროს პრიორიტეტებშიც სახელდება, თუმცა EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ სკოლები ამისთვის ჯერ მზად არ არის.

დაჩის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, სახელისუფლებო გუნდის რგოლებს კოორდინაცია აკლია და საკუთარი პოლიტიკის განხორციელებაში თანმიმდევრულობა უჭირთ. ერთი მხრივ, იხარჯება ფული ველობილიკების მოწყობაზე, მეორე მხრივ, ამ სიკეთით ვერ სარგებლობს მოსწავლე, რომლისთვისაც ორთვალა ტრანსპორტის უსაფრთხო გაჩერება პრობლემაა როგორც სკოლის ეზოში, ისე სკოლის შენობაში. გამოდის, რომ დახარჯული ფულით საქმე ბოლომდე ვერ კეთდება.

საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით, EDU.ARIS.GE-მ თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს მიმართა.

თბილისის მერიის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ დედაქალაქის მთავრობის პრიორიტეტებში ნამდვილად შედის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობა, თუმცა, მერია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და საკუთარი ეკოპოლიტიკის შესაბამის აქტივობებს სატრანსპორტო მიმართულებით, როგორიცაა ველობილიკების მოწყობა, სქროლების სერვისი თუ სხვა, ახორციელებს მხოლოდ მუნიციპალური საკუთრების ტერიტორიაზე. განგვიმარტეს, რომ სკოლები სახელმწიფო ქონებაა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, შესაბამისად, მათ ტერიტორიაზე მერიას არანაირი უფლება არ აქვს მოაწყოს ველო ან სხვა ეკოტრანსპორტის პარკი. ამ შემთხვევაში, მერიის პრესსამსახურის აზრით, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც მესაკუთრე, ხოლო განათლების სამინისტრო, როგორც მისი განმკარგველი, კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ.

ამ პასუხის მიუხედავად, მერიასთან რელევანტური კითხვები მაინც დაგვრჩა: რატომ არ არის სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედის გაჩერებისთვის მოწყობილი ველოსადგომები და არის თუ არა დაგეგმილი მოსწავლეებისთვის და არამხოლოდ, ასეთი შესაძლებლობის მიცემა?

ამჯერად, ჩვენს კითხვებზე პასუხი დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში გაგვცეს.

სააგენტოს საგზაო მოძრაობის რეგულირების განყოფილებაში აგვიხსნეს, რომ ველობილიკების მარშრუტები დგინდება მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის (SUMP) მიხედვით. მათი თქმით, სკოლებთან ველოინფრასტრუქტურა მოეწყობა მხოლოდ მომხმარებელთა მოთხოვნისა და კიდევ რამდენიმე პარამეტრის დაცვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

„თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის კვლევის (დასრულების ფაზაშია ავტ.) ფარგლებში შემუშავდება თბილისის საველოსიპედო ქსელის განვითარების პერსპექტივები და დაიგეგმება ერთიანი ველო-ქსელი. რა თქმა უნდა, ველოინფრასტრუქტურის დაგეგმვისას, ხდება მომხმარებელთა მოთხოვნის, რელიეფის, ქუჩის გეომეტრიული პარამეტრების გათვალისწინება და ინფრასტრუქტურის ამ პარამეტრების შესაბამისად მოწყობა. რაც შეეხება, კონკრეტულ სკოლებს და მათთან ველობილიკების მიყვანას, როგორც უკვე აღინიშნა, ველობილიკის დაპროექტება ხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პარამეტრებისა და ასევე, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით,“ – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის რეგულირების განყოფილებაში.

სანამ ბავშვებს სკოლებთან გამართული ველოინფრასტრუქტურა დახვდებათ, მშობლებს რჩებათ კითხვები: რაში გვჭირდება ველობილიკების მოწყობა, თუ ჩვენი შვილები სკოლაში მისასვლელად ვერ გამოიყენებენ მათ იმის შიშით, რომ სკოლებში ვერსად გააჩერებენ თავიანთ ტრანსპორტს? გამოდის, რომ ამ ველობილიკებით სარგებლობა მხოლოდ სასეირნოდაა შესაძლებელი და რეალური პოპულარიზაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის, ან ტრანსპორტის განტვირთვის მიზანი, ალბათ, ვერ მიიღწევა.

როგორ მოიქცა განათლების სამინისტრო ერთი სკოლის შემთხვევაში?

განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ დღეს დაჩი ახალაიას 126-ე სკოლის ეზოში ველოსიპედი უსადრთხოების ყველა წესის დაცვით ჰყავს გაჩერებული. უწყებაში თავი მოიწონეს იმით, რომ პრობლემა მხოლოდ 20 ოქტომბერს შეიქმნა და დღეს უკვე მოგვარებულია: იმ ადგილზე, სადაც ველოსიპედია დაყენებული, ვიდეოკამერის კონტროლი მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო გვიმტკიცებს, რომ სკოლას სრული პასუხისმგებლობა აქვს აღებული მისი მოსწავლის ველოსიპედის უსაფრთხოებაზე, თუმცა რამდენადაა ეს საკითხი „დალაგებული“ ყველა სკოლაში, ამაზე პასუხი უწყების პრესსამსახურს ამ ეტაპზე უჭირს. ასე რომ, თუ სკოლაში მოსწავლე ველოსიპედით მისვლას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, დაჩი ახალაიას მსგავსად, ისიც წააწყდება პრობლემას მის განთავსებაზე, რადგან ამ საკითზე ერთიანი ხედვა სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს, ანუ არ არსებობს გარანტია, რომ ყველა სკოლაში, 126-ე სკოლის მსგავსად, ეს პრობლემა წარმატებით მოგვარდეს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ ჩხენკელის უწყებამ დაჩის საკითხის უმოკლეს დროში გადაჭრით, მერიას უხერხულობა აარიდა, მაგრამ საზოგადოდ, საკითხი პრობლემური დარჩა სხვა სკოლის სხვა მოსწავლისთვის.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში ამ დროისთვის დახაზულია 21 კმ. სიგრძის ველობილიკი, ხოლო ველოსადგომების დამონტაჟებისთვის, ამ ეტაპზე, მხოლოდ 8100 ლარია დახარჯული.

ასევე იხილეთ:

ორ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 062 მოზარდი დაშავდა – არის თუ არა რისკის ზონა სკოლების მიმდებარე ტერიტორიები

მოამზადა ბელა გელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm