GE

მითითებები აბიტურიენტებს ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდისთვის – „ტექსტის გასარჩევად ნიკო მარის გამოძახება არ იყოს საჭირო“

14 აპრილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტთათვის კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა ელექტრონულ ფორმატში. ღია კარის დღე საბუნებისმეტყველო საგნების – ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

გამოცდების ცენტრის შესაბამისი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს და რჩევებიც მისცეს.

ქიმიის გამოცდასთან დაკავშირებით, აბიტურიენტების კითხვებს ცენტრის ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ხატისაშვილი პასუხობდა. მან აბიტურიენტებს ურჩია, საგამოცდო პროგრამა გამოიყენონ მეცადინეობის დროს, რადგან საგამოცდო ტესტში შეტანილი საკითხები არ სცდება სასკოლო სახელმძღვანელოებს. ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერებული რჩევები აბიტურიენტებისთვის ასეთია:

„ერთ-ერთი მთავარი რჩევა იქნება, რომ ბევრი ივარჯიშონ ქიმიური რეაქციების ტოლობათა შედგენაში და მათ გათანაბრებაში. ასევე, ყურადღება მიაქციონ არითმეტიკული გაანგარიშებების სიზუსტეს, რადგან ამ ტიპის შეცდომები ძალიან ხშირია ხოლმე და ძალიან აზარალებს აბიტურიენტებს.

„რაც მთავარია, თუ ისინი გულისყურით გაეცნობიან წინა წლებში გამოქვეყნებულ ტესტებს და ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულებს, ნახავენ, როგორია ქიმიის საგამოცდო ტესტი, რა ტიპის დავალებებია, ფორმატი როგორია და როგორია სირთულე დავალებებისა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ აქვე ყველა დავალებას აქვს ხოლმე თავისი შეფასების სქემა. თუ შეფასების პრინციპებს გაეცნობიან, ეს ძლიან წაადგებათ უშუალოდ გამოცდაზე“.

ბიოლოგიის გამოცდასთან დაკავშირებით აბიტურიენტთა შეკითხვებს გამოცდების ცენტრის ბიოლოგიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი – აივენგო შათირიშვილი და ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, თამარ იაშვილი პასუხობდნენ. აივენგო შათირიშვილმა აბიტურიენტებს ურჩია, კომბინირებული დავალების დროს კარგად გაიაზრონ მასალა და პასუხი ისე გასცენ.

„კომბინირებული დავალების დროს, უნდა გქონდეთ მასალის გააზრების, მათი ურთიერთდაკავშირების და განზოგადების უნარი. ეს, რა თქმა უნდა, სკოლიდან უნდა მოგდგამდეთ, მაგრამ თუ ჩვენს ტესტებს გადახედავთ, სადაც ანალიზია მოცემული ასეთი ამოცანებისა, მითითებულია, ჯერ რას პროცესი უნდა ჩაატაროთ, შემდგომ რა უნდა გააკეთოთ და ეტაპობრივად როგორ უნდა გადაჭრათ პრობლემა“, – უთხრა აბიტურიენტებს შათირიშვილმა.

კითხვაზე, ამ წელს თუ იქნება კითხვა, რომელზეც შედარებით დიდი პასუხი იქნება გასაცემი, თამარ იაშვილი პასუხობს, რომ როგორც სხვა დროს, წელსაც იქნება ასეთი კითხვა, თუმცა მთავარია, სწორი და ლაკონური პასუხი გასცენ.

„დიდი პასუხის გაცემა ეხება ღია დავალებებს, სადაც თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ და გაშლილად დაწეროთ თქვენი პასუხი. ბუნებრივია, წინასწარ ვერ გეტყვით, რა ზომის იქნება თქვენი პასუხი, თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ, როგორ გაგვცეთ ლაკონურად პასუხი“, – თქვა იაშვილმა.

აივენგო შათირიშვილმა კი იგივე კითხვაზე რუსთაველი მოიშველია და აბიტურიენტებს უთხრა:

„რუსთაველი უნდა გახსოვდეთ – „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“. ლაკონიურად უნდა გასცეთ პასუხი, მაგრამ უნდა დაწეროთ ისე, რომ მისი გარჩევა შეიძლებოდეს. ზოგჯერ ისეთი კალიგრაფია აქვთ… ჩვენ არ ვუყურებთ კალიგრაფიას. რა თქმა უნდა, გრამატიკასაც ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ისე უნდა ეწეროს, რომ მისი წაკითხვა შეიძლებოდეს და ნიკო მარის გამოძახება არ იყოს საჭირო, რომ გავარჩიოთ, ტექსტი როგორია“.

კითხვაზე, რამდენი ვარიანტით იქნება ბიოლოგიის ტესტი წარმოდგენილი, შათირიშვილმა განაცხადა, რომ ძირითად გამოცდაზე ერთი ტესტი მიეწოდებათ, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

„ბიოლოგიაში ერთი ვარიანტი მოგეწოდებათ ძირითად გამოცდაზე, მაგრამ ჩვენ მიერ დამზადებულია რამდენიმე ვარიანტი. თუ საგანგებო რამ მოხდა, უკვე დამოკიდებული იქნება იმ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში იქნება. თუ ანალოგიური აფეთქება მოხდა, ამ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით, ჩვენი ხელმძღვანელობის მითითებით, ჩატარდება დამატებითი ტურები. სიძლიერით ეს ტესტები ერთნაირია. არ იფიქროთ, რომ არ გახვალთ პირველ ტურზე და გახვალთ მეორეზე. ჯერ ერთი, მეორე ტური იქნება თუ არა, საკითხავია, მაგრამ, რომც იყოს, სიძლიერით ტესტები ერთნაირია და გირჩევთ, ძირითად გამოცდაზე გაბრძანდეთ და იქ მიიღოთ მონაწილეობა“.

რაც შეეხება ფიზიკას, აბიტურიენტებს გამოცდების ცენტრის ფიზიკის ჯგუფის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ჩხაიძე პასუხობდა. მან აბიტურიენტებს ურჩია, შარშანდელი ტესტები ნახონ, რადგან წელსაც ზუსტად იგივე ფორმატის დავალებები მიეცემათ.

„ტესტების სწორი პასუხებიც დევს ჩვენს ვებგვერდზე და აუცილებლად გაეცანით. პირველ რიგში, შეამოწმეთ თქვენი თავი და ნუ შეხედავთ ჯერ პასუხებს. ამოხსენით ის ტესტი თავიდან ბოლომდე. მერე შეამოწმეთ პასუხის მიხედვით და ნახეთ, რა დონეზე ხართ. სადაც ვერ მიიღეთ სწორი პასუხი, ესე იგი, იმ საკითხებში გაქვთ პრობლემები და იმ საკითხებს თავიდან დაუბრუნდით და შეისწავლეთ.

„ხშირად დაუფიქრებლად, კითხვის ბოლომდე გააზრების გარეშე სცემენ პასუხს. ხშირ შემთხვევაში, ასეთი პასუხი გამოდის არასწორი, რაც არ უნდა მარტივი გეჩვენოთ კითხვა, უნდა გაიაზროთ, დაფიქრდეთ და შეგნებულად გასცეთ პასუხი, არ უნდა იჩქაროთ. სასარგებლო იქნება, თუ დრო მოგრჩებათ და ბოლოს კიდევ გადახედავთ თქვენ მიერ გაცემულ პასუხებს“, – ურჩევს აბიტურიენტებს ფიზიკის ჯგუფის წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ:

რას უნდა დააკვირდეს აბიტურიენტი ცნობარში

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური