GE

„რეალურად რას აკეთებენ მასწავლებლები სასკოლო ოთახებში, ეს მხოლოდ მოსწავლეებმა იციან“

მშობელი, როგორც წესი, არა მხოლოდ სკოლის არჩევაზე ნერვიულობს, არამედ იმაზეც, უკვე არჩეულ სკოლაში რომელ მასწავლებელთან მოხვდება მისი შვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლები ნათლად ხედავენ მასწავლებლის როლს მათი შვილების განათლებისა და აღზრდის პროცესში. ვინ არიან ადამიანები, რომლებიც საკლასო ოთახებში მასწავლებლის სტატუსით შედიან და რა გზის გავლა უწევთ მათ იმისათვის, რომ ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს მოკიდონ ხელი?

დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამები, რომლის გავლის უფლებაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა ნებისმიერ უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი წელი გრძელდება, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არიან მზად აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები მასწავლებლობისთვის – ფლობენ თუ არა ისინი ბავშვებთან/თინეიჯერებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

არც თუ ისე გრძელი გზა, რომელიც მასწავლებლის პროფესიამდე მიგიყვანთ, რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაა, რომლის ზღვარი 60% + 1 ქულაა. მხოლოდ მოცემული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ეძლევა დაინტერესებულ პირს უფლება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ შიდა შესარჩევ კონკურსში.

თუ რა პროცესების გავლა უწევთ უკვე ამ პროგრამაზე ჩაბარების შემდეგ მასწავლებლობის მსურველებს, EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელებმა ქეთევან ჭკუასელმა და სოფიკო ლობჟანიძემ.

რა კრიტერიუმით ხდება კანდიდატების არჩევა?

ქეთევან ჭკუასელი: ,,უნივერსიტეტები თავად ირჩევენ, რა სახის გამოცდა ჩაატარონ. პირადად ჩვენთან გამოცდა ანალიტიკური ესეს დაწერას გულისხმობს, რომელიც, რა თქმა უნდა, ისევ განათლების ზოგად საკითხებს ეხება“.

სოფიკო ლობჟანიძე: ,,ჩვენ გვაქვს ზეპირი გამოცდა. დიდხანს ვფიქრობდით, რა სახის უნდა ყოფილიყო ის, რადგან, როცა ჩვენთან მოდიან, კანდიდატებს საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვთ. შესაბამისად, ჩვენ ვუშვებთ, რომ მათ ეს საგანი იციან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გამოცდას ჰქონოდა გასაუბრების ხასიათი, სადაც კანდიდატის სტრესულ სიტუაციაში ქცევისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ მის ცოდნასა და მოტივაციას დავაკვირდებოდით“.

როგორია შემდგომი ერთი წელი?

როგორც პროგრამის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, შემდგომი ერთი წელი ძალიან დატვირთულია. მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად პროგრამის სტუდენტებს საკმაოდ დიდი შრომის გაწევა უწევთ. კვირაში 10 ან მეტ საკონტაქტო საათს პრაქტიკული დავალებებისთვის საჭირო საათებიც ემატება. ამ ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ ისეთ საგნებს, როგორიცაა ,,პედაგოგიკა და დიდაქტიკა“, ,,განათლება და ბავშვთა უფლებები“, ,,განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლები“, ,,ბავშვის განვითარების თავისებურებები და განათლების ფსიქოლოგია“, ,,ქცევის კორექცია-ინკლუზიური განათლება“, ,,კლასის მართვისა და ქცევის თავისებურებები“ და ა.შ. სასწავლო პროცესის უდიდესი ნაწილი ეთმობა სტუდენტებში იმ პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც თანამედროვე ეპოქის მასწავლებლებს მოეთხოვებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სასკოლო პრაქტიკაა. სტუდენტები დამოუკიდებლად ატარებენ გაკვეთილებს, რასაც მათი ლექტორები აკვირდებიან.

ხდება თუ არა სტუდენტების ფსიქოლოგიურ/ემოციურ მდგომარეობაზე დაკვირვება გასაუბრების ან შემდგომ ეტაპებზე?

სამწუხაროდ, არაერთი ისტორია მოგვისმენია მასწავლებლის მხრიდან არასათანადო ქცევის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად იცი ის საგანი, რომელსაც ასწავლი, თუკი ამის პარალელურად არ შეგწევს უნარი, იყო კეთილგანწყობილი იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებზეც მასწავლებლის თითოეულ სიტყვას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ქეთევან ჭკუასელი: ,,სტუდენტების ფსიქოლოგიური შესწავლა ძალიან რთული პროცესია. ამას ნამდვილად ვერ ვაკეთებთ. ეს ფსიქოლოგთან გასაუბრების შემთხვევაშიც კი რთული იქნებოდა. თუმცა, შემდგომ ჩვენ გვაქვს მთელი ერთი წელი, რათა დავაკვირდეთ ამ ადამიანებს, დავაკვირდეთ მათ ემოციებს და მივხვდეთ, მზად არიან თუ არა ისინი ისეთ რთულ პროცესში ჩასაბმელად, როგორიც ბავშვებთან/თინეიჯერებთან ურთიერთობაა. იყო შემთხვევები, როცა სწორედ იმის გამო არ გაგვიცია დიპლომი, რომ იმ კონკრეტულ სტუდენტებში ვერ დავინახეთ მასწავლებლისთვის აუცილებელი თვისებები და უნარ-ჩვევები“.

სოფიკო ლობჟანიძე: ,,ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ სტუდენტს მივცეთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელსაც საკლასო ოთახში გამოიყენებს. ჩვენ ვაკვირდებით მათ პრაქტიკებს და მხოლოდ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას, გავცეთ თუ არა დიპლომი. პირობითად, ორასს სტუდენტს რომ ვიღებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორასივე დაამთავრებს პროგრამას“.

თუმცა, არც დიპლომის აღება ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლობა გარანტირებული გაქვს. ერთწლიანი დატვირთული სწავლების და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მასწავლებლობის უფლების მქონე კურსდამთავრებული ახალი გამოწვევის წინაშე დგება – სკოლის არჩევა და ამ სკოლის წარმომადგენლების დარწმუნება იმაში, რომ მას ნამდვილად შეუძლია სასწავლო პროცესის წარმართვა.

იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება მასწავლებლის შერჩევა, EDU.ARIS.GE მე-11 საჯარო სკოლის დირექტორს ნინო ჯაბანიშვილს ესაუბრა.

ნ.ჯ.: ,,პირადად ჩემთვის კანდიდატის გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გასაუბრებაზე, ფაქტობრივად, ყველას ვიბარებ, ვინც გამოთქვამს სურვილს და ვისაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი დიპლომი აქვს. გასაუბრებას რაც შეეხება, ვადგენთ კომისიას, რომელშიც აუცილებლად არიან საგნის სპეციალისტი და რესურს ცენტრის წარმომადგენელი. ყურადღებას ვაქცევთ კანდიდატის მოტივაციას, მის თეორიულ ცოდნას ინკლუზიურ განათლებასა და მასწავლებლის ეთიკის კოდექსზე. ასევე ვუდგენთ სიტუაციურ ამოცანებს, საიდანაც ვიგებთ, შეუძლია თუ არა იპოვოს გამოსავალი რთული მდგომარეობიდან. სამწუხაროდ, ფსიქოლოგის ფუფუნება არ გვაქვს, თუმცა, გასაუბრების დროს დასმულ შეკითხვებზე გაცემულ პასუხებში ნათლად იკვეთება კანდიდატის ხასიათი და მისი დამოკიდებულება განათლების საკითხის, ბავშვებთან ურთიერთობის, საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მიმართ”.

როგორც მე-11 საჯარო სკოლის დირექტორი აღნიშნავს, გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გამოსაცდელი ვადით იწყებს სკოლაში მუშაობას და იწყება მასზე დაკვირვება. თუკი იგი წარმატებით გაართმევს თავს მოსწავლეებთან ურთიერთობას და შეძლებს სასწავლო პროცესის ეფექტურად გაძღოლას, უკვე ოფიციალურად მიიღებს მასწავლებლობის უფლებას.

ეს არის ის მოკლე, მაგრამ არც ისე მარტივი გზა, რომლის გავლაც უწევთ მასწავლებლობის მსურველებს. როგორც პროგრამის ხელმძღვანელებთან და სკოლის დირექტორთან საუბარში იკვეთება, მთელი პასუხისმგებლობა, თუ ვინ შედის საკლასო ოთახში, სწორედ მათ ეკისრებათ. განათლების სამინისტრო ამ პროცესებში მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ერთვება. ეს გულისხმობს, რომ პროგრამები, რომლებიც კანდიდატებს მასწავლებლობისთვის ამზადებს, აუცილებლად ეფუძნება ისეთ დოკუმენტებს, როგორიცაა: მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, მასწავლებლის დარგობრივი მახასიათებელი და ეთიკის კოდექსი. ხოლო, როცა პროგრამა გადის აკრედიტაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ პროგრამას აძლევს სრულ უფლებას, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რა მეთოდებით მოამზადებენ ისინი სტუდენტებს და ვის მისცემენ ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო და გამოწვევებით სავსე პროფესიაში შესვლის უფლებას.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესებში მინიმალურ ჩარევას აფასებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

ს.ჯ.: ,,პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, მაინც სახელმწიფომდე მიდის, რადგან სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგია, თუკი ის მოსწავლეს ვერ დაიცავს. ამიტომ, მათი პრინციპი, რომ ჩვენ მხოლოდ ვგეგმავთ და შემსრულებლები სხვები არიან, გადასახედია, რადგან, ფაქტია, არ მუშაობს. თუ სახელმწიფო ცოტა უფრო მეტად ჩაერევა გარკვეულ პროცესებში, ამით ნამდვილად არაფერს დაკარგავს“.

სიმონ ჯანაშია ასევე ხაზს უსვამს მასწავლებლების არჩევის პროცესის მნიშვნელობას.

ს.ჯ.: ,,მასწავლებლის შერჩევა თავიდანვე დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს, რადგან შემდგომ უკვე ძალიან რთულია იმის გაკონტროლება, თუ რას გააკეთებს ის ყოველდღიურად და როგორ წარმართავს სასწავლო პროცესს. მართალია, არსებობს კონტროლის გარკვეული მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად, დაკვირვება, მაგრამ ეს ყოველდღიურად ვერ მოხდება. ამიტომ, რეალურად რას აკეთებენ მასწავლებლები საკლასო ოთახებში, ეს მხოლოდ მოსწავლეებმა იციან“.

,,მასწავლებლობა ისეთივე პროფესიაა, როგორიც სხვა დანარჩენი. როცა თქვენ დაამთავრეთ უნივერსიტეტი, ხომ არავინ ჩარეულა თქვენი დასაქმების პროცესში. ასეა ამ შემთხვევაშიც“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან სატელეფონო საუბარში მასწავლებლის სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევის მიდგომის მიუხედავად, მასწავლებლობა მაინც რეგულირებადი პროფესიაა – ეს არის პროფესია, რომლის საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან პროფესიული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის გარდა, პირმა უნდა ჩააბაროს შესაბამისი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკლასო ოთახებში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის.

edu.aris.ge-სთვის მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

რატომ იყო შეცდომა პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება?!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური