GE

რეგისტრაციის ახალი ეტაპი თბილისის ბაგა-ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება – დეტალები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს. 2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის, დამატებითი რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დღეის მდგომარეობით ბაგა-ბაღებში ბავშვების ოდენობა სტანდარტებს შეესაბამება.

„ამ ეტაპზე რეგისტრაცია მოხდა სტანდარტით გათვალისწინებული რაოდენობის მიხედვით ელექტრონულად, ახლა კიდევ ინდივიდუალური რესურსის მიხედვით მოხდება. რომელიმე ბაღს შეიძლება არ უნდოდეს და არ დაამატებს ადგილს. ჩვენ ვკითხეთ ბაღს რამდენის დამატება შეუძლია და ამის მიხედვით მივიღეთ გადაწყვეტილება. 180 ბაღში ჯამში გამოვიდა 7 300 ადგილი. კიდევ ერთი სიახლე რაცაა, აქამდე იყო რომ ბაღები თვითონ  წყვეტდნენ ვინ ჩაერიცხათ და ვინ არა. ახლა ბაგა-ბაღი მოაგროვებს საბუთებს, შესულ განცხადებებს მოგვაწვდიან ჩვენ და ჩვენთან გაიცხრილება კრიტერიუმების მიხედვით. 7 სექტემბრიდან უკვე ჩვენ გადავარჩევთ და სწავლის დაწყებამდე მოხდება ჩარიცხვა,“ – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მშობლებს შვილის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება საიტის მეშვეობით პირადი ნომრის შეყვანის საშუალებით მას შემდეგ შეეძლებათ, რაც საბუთების მიღება დასრულდება.

7 სექტემბრის შემდეგ, რაც საბუთების მიღება დასრულდება აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმი და ამ თანმიმდევრობის მიხედვით მოხდება:

  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;
  • სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);
  • დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);
  • ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;
  • იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;
  • სხვა დანარჩენი განცხადებები.

რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღში უნდა წარადგინონ:

  • ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება;
  • სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
  • ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ;
  • თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური