GE

რელიგიების ისტორიის საგანზე მომუშავე ჯგუფმა შეხვედრები შეწყვიტა – რა გახდა მიზეზი

რელიგიების ისტორიის საგანის კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფმა შეხვედრები შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ჯგუფის წევრებმა განუცხადეს. მათი თქმით, ჯგუფმა სულ ორი შეხვედრა გამართა და მას შემდეგ აღარ შეკრებილა. შესაბამისად, რაიმე ტიპის შეთანხმება ან საკითხზე ჩამოყალიბება არ მომხდარა.

საქართველოს ევანგელისტურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯგუფმა სულ 2 შეხვედრა გამართა და მას შემდეგ აღარ შეკრებილან.

„ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ ჯგუფი აღარ შეკრებილა, შესაბამისად არანაირი სიახლე არ არის. მას შემდეგ კომუნიკაცია არც ჯგუფის წევრებთან მქონია და არც სამინისტროდან დამკავშირებია ვინმე. ალბათ, ეს ერთის მხრივ ზაფხულის პერიოდსაც უკავშირდება. სავარაუდოდ სექტებრიდან ისევ დავიწყებთ მუშაობას, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს“, – გვითხრა რუსუდან გოცირიძემ.

რელიგიების ისტორიის საგანზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის შეჩერებას ახალი მინისტრის დანიშვნასა და მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

„რელიგიების ისტორიის საგანზე მომუშავე ჯგუფის მუშაობა შეჩერებულია. მოგეხსენებათ, ახალი მინისტრი მოვიდა, მთავრობაში მიმდინარე მოვლენებსაც თუ გავითვალისწინებთ, ამ ფორმულიდან გამომდინარე შეჩერებულია.

„მუშაობა განახლდება, თან ზაფხული მოგეხსენებათ მკვდარი სეზონია, მინისტრიც ჩამოყალიბდება, სექტემბრიდან ჩადგებიან სამუშაო ფორმატში და მერე განვაახლებთ მუშაობას“, – განაცახდა ვაშაყმაძემ.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში რელიგიების ისტორიის საგნის შეტანის ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნის. აღნიშნულ საკითხზე საუბარი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საგნის სწავლება, რომელიმე საგნის მასწავლებელს უნდა ესწავლებინა თუ სასულიერო პირები უნდა შესულიყვნენ სკოლაში, 2018 წლის წლის დასაწყისში დაიწყო, საბოლოოდ კი განათლების სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელშიც სხვადასხვა რელიგიის კონფესიისა და სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ისიც ითქვა, რომ საგანი, სავარაუდოდ, VII, ან უფრო მაღალ კლასში, მას შემდეგ შევა, რაც სამინისტრო საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის წიგნების გრიფირების პროცესს დაასრულებს, ანუ 2020-2021 სასწავლო წლიდან. თუმცა ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ან როგორ გაგრძელდება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და სექტემბრიდან ყველა საკითხზე აქტიური მუშაობა დაიწყება, რომელიც საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება.

როდის განახლდება საკითხზე მუშაობა, ან შეიცვლება თუ არა რელიგიების ისტორიის საგანზე მუშაობის პრინციპი სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ.

ამავე თემაზე:

ინსტიტუციური მეხსიერება (რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზეც) უნდა არსებობდეს

ვინ ასწავლის რელიგიების ისტორიას და როდის შევა საგანი სკოლებში – დეტალები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური