GE

„რიგ შემთხვევებში, სკოლებში არ აღირიცხება მოსწავლის გამოუცხადებლობის ფაქტები და მიზეზები“

კოვიდ 19-პანდემიის შედეგად გაიზარდა შრომით საქმიანობაში ბავშვების ჩართვის რისკი, ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“. ანგარიშში გაანალიზებულია პანდემიის გავლენა ბავშვთა შრომაზე, საკანონმდებლო ხარვეზები თუ პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები.

ანგარიში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა და ის ეყრდნობა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული სამართლებრივი და პრაქტიკული კვლევის შედეგებს, რომელმაც მოიცვა ქვეყნის ოთხი რეგიონი: აჭარა, გურია, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი.

კვლევის თანახმად შემდეგი საკითხები თუ პრობლემატიკა გამოიკვეთა:

  • რეგიონებში განსაკუთრებით გავრცელებულია არასრულწლოვნების შიდა მეურნეობასა და სეზონურ სამუშაოებში ჩართვა.
  • გავრცელებულია არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაცია, მათ შორის საზღვარგარეთ, სადაც ბავშვები არასათანადო პირობებში, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მძიმე და დიდი დატვირთვის სამუშაოებს ასრულებენ.
  • შრომით საქმიანობაში ჩართვის გამო ხშირია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვებისა და სისტემური გაცდენის პრაქტიკა. რიგ შემთხვევებში, სკოლებში არ აღირიცხება მოსწავლის გამოუცხადებლობის ფაქტები და მიზეზები, რაც არსებითად აფერხებს ბავშვთა შრომის ყველა შემთხვევის იდენტიფიცირებას და მათზე სათანადო რეაგირებას.
  • დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ბავშვთა შრომითი უფლებებისა და შრომის საზიანო ფორმებისგან დაცვის საკითხებზე; საზოგადოება, რიგ შემთხვევაში, შემწყნარებლურია მსგავსი ფაქტების მიმართ.
  • ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრაზე ორიენტირებული რესურსებისა და კადრების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება შემთხვევათა დროული აღკვეთა და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საჭიროებების ჯეროვანი გამოვლენა.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის მეორე ნახევარში და ყურადღება გამახვილდა ბავშვთა შრომაზე შინამეურნეობაში, ფორმალურ სექტორში და არაფორმალურ სექტორში, მათ შორის, ქუჩაში შრომასა და შრომითი მიგრაციის საკითხებზე. კვლევის პროცესში გაიმართა ინტერვიუები ბავშვთა შრომის და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, სკოლის პედაგოგებთან და მოზარდებთან.

რა ჩაიწერება მოსწავლის სკოლაში დასწრების ახალ დოკუმენტში და როდის ეყოლება განათლების სისტემას სოციალური მუშაკები – ახალი დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური