GE

რისი მკურნალობა დაუფინანსდებათ 18-წლამდე ასაკის პირებს 2022 წელს – ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ის 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, ვისაც დიაბეტი, ტყვიის მაღალი შემცველობა, ფსიქიკური აშლილობა ან ჰემოფილია აქვთ, მიმდინარე წელს, გამოკვლევებსა და მკურნალობის კურსს უფასოდ ჩაიტარებენ, – წერია 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების უკვე დამტკიცებულ ვარიანტში, რომელსაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 12 იანვარს მოაწერა.

სისხლში ტყვიის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტირება, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს დაავადებათა ადრეული გამოვლენა-სკრინინგის ფარგლებში ჩაუტარდებათ სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე. აღნიშნული კვლევის შედეგად ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამა მოახდენს მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით და ასევე მათი ოჯახის წევრების – 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ორსულების გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო სერვისებით მოცვას.

აღნიშნული პროგრამით, რომლის მიზანიც, როგორც ეს ბრძანებაშია განმარტებული გახლავთ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და გავრცელების შეზღუდვა, საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ და ხარჯებს სახელმწიფო დახმარების სახით გაიღებს. მომსახურებებში შევა ექიმი პედიატრის კონსულტაციაც, რომელიც მოიცავს ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, წინასწარ შედგენილი, სპეციალური კითხვარის მეშვეობით. ასევე – ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღებას; ბავშვის მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლებისათვის) საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას, ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას.

ამ პროგრამით მოსარგებლეთათვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 10 მკგ/დლ-ზე, ტყვიის პოტენციური წყაროების დადგენის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის მანძილზე. ხორციელდება საცხოვრებელი გარემოს შესწავლაც, ხოლო სურსათისა და გარე გარემოს რისკფაქტორების (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) შესწავლას ახორციელებენ – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული სააგენტოები.

სახელმწიფო დააფინანსებს ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 18 წლამდე ასაკის იმ ადამიანთა მკურნალობას, ვინც საფრთხეს უქმნიან საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას.
„ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, სტაციონარულ მომსახურებაზე მყოფი პაციენტების კვებითა და პირადი ჰიგიენის საგნებით უზრუნველყოფას. თანდაყოლილი და შეძენილი ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული დემენციის მქონე ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის პირები, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების ღრმა მოშლა და არ აქვთ შესაბამისი მხარდამჭერი გარემო“, – წერია ახალ დადგენილებაში.

რაც შეეხება დღის სტაციონარის პირობებში გაწეულ დახმარებას, ეს მომსახურება 18 წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას მოიცავს, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია.

გაგრძელდება ასევე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ ბავშვთა უზრუნველყოფა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით და სენსორებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ინსულინისა და მისი ანალოგების შესყიდვა.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, შპრიც-კალმისტრებისა და შესაბამისი ნემსების შესყიდვა ბავშვთა (18 წლამდე ასაკის პირები), ასევე 18 წლისა და უფროსი ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.

კვლავ დაფინანსდება ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა, გარდა, შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებებისა.

დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების – VIII, IX, XIII ფაქტორისა, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსის შესყიდვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური