GE

რისთვის ითხოვს საქართველოს 6 სახელმწიფო უნივერსიტეტი 13-მილიონამდე ლარს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნიადაგის, ცხოველთა საკვების და სასურსათო პროდუქტის სხვადასხვა არასასურველი იონებით დაბინძურების შემსწავლელი კვლევითი ლაბორატორიის დაარსება უნდა, რისთვისაც სახელმწიფოსგან 200 000 ლარს ითხოვს, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს კი, ვეტერინალური კლინიკის მშენებლობისთვის 400 000 ლარი სჭირდება. გორის სახელმწიფო სასწავლო, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტები ფულს ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ითხოვენ. ქვეყნის რეგიონებში მდებარე ექვსივე სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯამში 12 980 000 ლარი სჭირდება.

უნივერსიტეტების მიერ დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ პირველად 17 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე წარმოადგინა. როგორც მან ფინანსთა მინისტრს აუხსნა, უნივერსიტეტებს ეს თანხები მოძველებული ინფრასტრუქტურის, სამეცნიერო ლაბორატორიების მოსაწყობად სჭირდებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ახალგაზრდების ადგილზე დამაგრებისა, საერთაშორისო სტანდარტების განათლების მიცემისა და დასაქმების კუთხით. გივი მიქანაძეს ამ წინადადებაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ განათლების სამინისტროსთან გაივლიან აღნიშნულ საკითხს. რაც შეეხება ამ დაფინანსების 2022 წლის ბიუჯეტში ასახვის საკითხს კი, ხუციშვილი დაფინანსების ალტერნატიული გზების მოძებნას უფრო რელევანტურად მიიჩნევს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დაზუსტების შემდეგ შესაძლოა, მოხდეს გარკვეული თანხების მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვა.

გივი მიქანაძემ 6 უნივერსიტეტის დამატებითი დაფინანსების საკითხზე, EDU.ARIS.GE-სთან დეტალურად 18 ნოემბერს ისაუბრა. დეპუტატი არ მალავს, რომ ექვსივე უნივერსიტეტის რექტორთან მეგობრობს, რომელთა მოთხოვნებიც პარლამენტში გააჟღერა, თუმცა, კვლავ დარწმუნებულია, რომ ეს ერთჯერადი დახმარებები, რომლებიც უნივერსიტეტებს სჭირდებათ, გააძლიერებს რეგიონალურ ყოფას.

„ამ ექვსივე უნივერსიტეტის რექტორს ვიცნობ იმ პერიოდიდან, როდესაც მე პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და მათთან დღემდე მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს. დეტალურად განვახორციელე მათი საჭიროებების შესწავლა. ეს საკითხი გავიარე ასევე განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილეებთან, ასევე – ფრაქციის თავმჯდომარესთან, განათლების მინისტრთანაც მქონდა საუბარი და მან მითხრა, რომ თუ შესაბამისი თანხების მოძიება იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ამ უნივერსიტეტებს დავეხმარებით“, – ამბობს გივი მიქანაძე, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა, თუ რომელ უნივერსიტეტს რა თანხა რაში სჭირდება.

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯამში 3 700 000 ლარს ითხოვს. 3 500 000 ლარით სტუდენტებისა და მოწვეული პროფესორების საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს, 200 000 ლარით კი კვლევითი ლაბორატორიისთვის დანადგარი უნდა იყიდოს. აღნიშნულმა ლაბორატორიამ, ქვეყანაში სრულად უნდა მოხსნას ნიადაგის, ცხოველთა საკვების და სასურსათო პროდუქტის სხვადასხვა არასასურველი იონებით დაბინძურების შესწავლის საკითხს, რომლის ანალოგი ქვეყანაში არც გვაქვს.

„თელავს თავისი სპეციფიკა აქვს მეღვინეობის და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიის შემდგომი განვითარებისთვის, აუცილებელია ატომურ-ადსორბციული სპექტრომეტრის შეძენა. ამ დანადგარის შეძენით, სურსათის უვნებლობის სამსახურებსაც მიეცემა ლაბორატორიის გამოყენებისა და იქ კვლევების ჩატარების საშუალება. ფაქტობრივად, ჩამოყალიბდება კვლევითი ცენტრი, რომელიც პრაქტიკულ სამუშაოებსაც განახორციელებს. მოგეხსენებათ, თელავი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია აგრარული თვალსაზრისით და თან თელავის უნივერსიტეტია ინიციატორი ასეთი ლაბორატორიის ქონისა“, – ამბობს გივი მიქანაძე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 3 680 000 ლარი სჭირდება. იქ დაწყებულია ვეტერინარული კლინიკის მშენებლობა, რომელიც ერთგვარი კვლევითი ცენტრი უნდა გახდეს რეგიონში. უნივერსიტეტს აქვს სათანადო სივრცე, დამხმარე ნაგებობები, სადაც საკუთარი ძალებით დაიწყეს ამ კლინიკის მოწყობა.

„ახლა არის შესაძლებლობა, რომ ეს იქცეს ვეტერინარული მედიცინის მიმართულებით ცენტრად. მის დასასრულებლად საჭიროა 400 000 ლარი, რომლიდანაც 250 000 ლარი შენობის დასასრულებლად უნდათ, 150 000 ლარი კი – შესაბამისი აპარატურის შესაძენად. აქაც კვლევითი ცენტრის განვითარებაზეა საუბარი.

“ასევე, ახალციხის ცენტრალურ, პირველ კორპუსს სახურავი აქვს შესაცვლელი, რაც 280 000 ლარი ჯდება. ახალციხეში არ არის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ სტუდენტებს იქ ბინის ქირაობა მძიმე ტვირთად აწევთ. მოგეხსენებათ, ახალციხეში ბევრი ეთნიკურად არაქართველი ცხოვრობს. ეს სასწავლო ცენტრი კი მნიშვნელოვანია, ეთნიკური ჯგუფების დაახლოებისთვის, რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის. საერთო საცხოვრებლის მოწყობა 200 სტუდენტისთვის და მისი აღჭურვა დაახლოებით 3 000 000 ლარია საჭირო“, – აგვიხსნა გივი მიქანაძემ.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს კეთილმოწყობისთვის 2 900 000 ლარი სჭირდება. გარდა იმისა, რომ იქ მე-14 კორპუსი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, რისთვისაც 2 675 000 ლარია საჭირო, უნივერსიტეტის ბალანსზე იმყოფება შენობა, რომელის, წლების წინ, ყოფილი ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ე.წ. კლუბს წარმოადგენდა. მიქანაძე ამბობს, რომ ეს შენობა თავისი არქიტექტურითა და მოწყობით, რეაბილიტაციის შემთხვევაში სრულად უზრუნველყოფს რეგიონში თეატრალური, ფოლკლორული და სხვა მიმართულების განვითარებას. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა 2 675 000 ლარი. 155 000 ლარი ქუთაისის უნივერსიტეტს მე-8 კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისათვის სჭირდება. უნივერსიტეტის მე-20 კორპუსს კი, რომელიც ფოთში მდებარეობს, გათბობის სისტემის და გაზმომარაგების მოწყობის სამუშაოებისთვის 70 000 ლარი უნდა.

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2 000 000 ლარი სჭირდება, რათა იქ 200 სტუდენტზე საერთო საცხოვრებელი ააშენოს და კეთილმოაწყოს.

„ზუგდიდს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ბევრი ახალგაზრდა გადმოდის სასწავლებლად, მაგრამ არ აქვს საერთო საცხოვრებელი, რაც აუცილებელია ასეთ დროს“, – ამბობს გივი მიქანაძე.

გორის სახელმწიფო სასწავლო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტები ამ შემთხვევაში ფრიად მოკრძალებულნი არიან. ისინი ერთჯერადი დახმარების სახით, მხოლოდ 350 000-350 000 ლარს ითხოვენ.

გორის უნივერსიტეტს ბიბლიოთეკის ფონდის შევსება უნდა და ასევე, სურთ, სხვადასხვა სახის საერთაშორისო ღონისძიებები ჩაატარონ, ეს იქნება უცხოეთიდან პროფესორების მოწვევა, თუ სხვა რამ. მნიშვნელოვანია ის, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა ცხინვალის უნივერსიტეტი. ოკუპირებული სამაჩაბლოდან გადმოსული ახალგაზრდებისთვისაც გაკეთდა საერთო საცხოვრებელი, სადაც შესაბამისი პირობებია შექმნილი, მაგრამ დეპუტატ მიქანაძის აზრით, ამ პირობებს კიდევ უფრო გაძლიერება და ხელშეწყობა უნდა. ბათუმიც, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გარკვეული პროექტების განხორციელებისთვის ითხოვს თანხას.

რაც შეეხება თანხების რაოდენობას, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ უნივერსიტეტების მიერ დათვლილი ხარჯებია, რომელიც შესაძლოა დეტალური დათვლისას კიდევ შეიცვალოს.

„თანხებში შეიძლება აცდენები დააფიქსიროთ. მაგალითად, თელავი 100 კაციანი სარეაბილიტაციო საერთო საცხოვრებელისთვის 3 500 000-ს ითხოვს, ახალციხე 3 000 000-ს ითხოვს 200 სტუდენტის საერთო საცხოვრებლის მოწყობისთვის და ზუგდიდი ასევე 200 სტუდენტის საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის – 2 000 000-ს. ეს არის თანხები, რომელიც რექტორებმა მოგვაწოდეს. რა თქმა უნდა, უნდა შედგეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა და შეიძლება, ამ თანხამ დაიწიოს კიდეც. საუბარია იმაზე, რომ თუ იქნება შესაძლებელი, აღნიშნული თანხები 2 ან 3 წელზე გადანაწილდეს და 2022-2023-2024 წლების ბიუჯეტში გაიწეროს. ეს მცირედი დამატება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა შეიძლება გამოყოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ამ უნივერსიტეტების შემდგომი გაძლიერებისთვის. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას აუცილებლად ექნება კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან და კონსულტაციები ამ საკითხზე“, – ამბობს პარლამენტის წევრი.

EDU.ARIS.GE– მომავალშიც დაინტერესდება რას მიიღებენ ამ თანხებიდან უნივერსიტეტები, თუმცა რთულია შევაფასოთ რამდენად გამართლებულია უნივერსიტეტების მხრიდან დამატებითი თანხების ასეთი ფორმით მოთხოვნა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უმაღლესების დაფინანსების მოდელზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია. როგორც გამოჩნდა, არც ფინანსთა მინისტრისთვის არის მისაღები ამ 6 უმაღლესის პირდაპირი წესით ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი რიგ უნივერსიტეტებში რესურსების შემცირებას გამოიწვევს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური