GE

„როცა პედაგოგები იღებენ პასუხებს კითხვებზე, აცრასთან დაკავშირებული შიშები უქრებათ“

UNICEF საქართველოს წარმომადგენელი მაია ქურციკიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში, როდესაც საქმე ეხება პედაგოგებს, ექიმებს და რელიგიურ ლიდერებს, აუცილებელია კითხვებზე პასუხების გაცემა, რაც მათ ვაქცინებთან დაკავშირებულ შიშებს გაუქარწყლებს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც აჭარაში ცნობილი ექიმების ჩართულობით პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი 30-დან 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მაია ქურციკიძემ აჭარის ტელევიზიასთან 24 ივლისს ისაუბრა.

მაღალმთიანი აჭარის, კერძოდ კი ხულოს, ქედასა და შუახევის, მასწავლებლებს, 23 ივლისს, ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„ჩვენ ხშირად გვეუბნებიან გავიკეთოთ ვაქცინა, მაგრამ არ გვეუბნებიან რატომ? როგორ? მათ სჭირდებათ პასუხები კითხვებზე და ეს არის ძალიან ლეგიტიმური კითხვები, ამიტომაც არის საჭირო შეხვედრები. თავად ვარ მოწმე, როცა ადამიანები სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს, უქრებათ ის შიშები რაც ჰქონდათ აცრასთან დაკავშირებით. ამის კარგი მაგალითია აჭარაში გამართული შეხვედრა, სადაც 30 ჯავშანი იყო და 100 ადამიანი აიცრა“, – ამბობს მაია ქურციკიძე.

UNICEF საქართველოს წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ სექტემბერში  სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში დასაწყებად, პედაგოგების ვაქცინაცია აუცილებელია.

„ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ არავინ იქნება დაცული, სანამ ყველა არ ვიქნებით აცრილები, ყველას უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი. ექიმების, მასწავლებლების, რელიგიური ლიდერების აზრს აქვს გავლენა საზოგადოებაზე, მნიშვნელოვანია პირველ რიგში ამ ადამიანების დარწმუნება, რომ მათ შემდეგ დაარწმუნონ სხვები. მასწავლებლები, ისევე როგორც ექიმები, ჩვენთვის არიან წინა ხაზზე მომუშავე პერსონალი, ამიტომაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში მასწავლებლებს ვაქცინაცია, რომ ბავშვებმა სწავლა განაგრძონ საკლასო ოთახებში. სკოლა უნდა იყოს ყველაზე ბოლო დაწესებულება, რომელიც დაიხურება და ყველაზე პირველი, რომელიც გაიხსნება, უპირველესად მნიშვნელოვანია მასწავლებლების დაცულობა. ბავშვებს ჯერ-ჯერობით არ ეკუთვნით ვაქცინაცია, ამიტომ სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის აუცილებელია მასწავლებელთა აცრა. ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს, რადგან ამ პანდემიამ ძალიან მძიმე ზეგავლენა მოახდინა განათლებაზე, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია“, – განმარტავს მაია ქურციკიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 18 ივლისის მდგომარეობით საქართველოში ჯამში 572 პედაგოგი იყო აცრილი, სულ ქვეყანაში 60 ათასამდე პედაგოგია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზების შემოსვლის გამო, აცრილ პედაგოგთა რიცხვი, აგვისტოს თვეში, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 572 პედაგოგია აცრილი – NCDC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური