GE

„როდესაც მშობელს ვეუბნები, რომ ბავშვი ვერ გადმოსცემს გაკვეთილს, მპასუხობენ – ვცემ!“ – მასწავლებელი მარნეულიდან

სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშებში ხშირად საუბრობს ქვეყანაში და, განსაკუთრებით, რეგიონებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მძიმე მდგომარეობაზე. ეს გახლავთ ფოტოები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლიდან, როგორ გამოიყურება დაწესებულების შენობა და საპირფარეშო. სკოლაში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი 300 ბავშვი სწავლობს, მათგან 25 ქართულ სექტორზეა, დანარჩენი – აზერბაიჯანულზე.

ინფრასტრუქტურა არის პრობლემა, რასაც სკოლაში ერთი შეხედვით დაინახავთ, თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ გარეგნული მხარეა. ადამიანი, რომელიც საქართველოს ამ სოფელში პირველად მოხვდება შეამჩნევს, რომ ადგილზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერი სახელმწიფო ენაა, მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანელია და მათ ნაწილს ქართულად ვერაფერს გააგებინებთ.

სიტუაცია შედარებით უკეთესობისკენ იცვლება ახალგაზრდა თაობაში. საჯარო სკოლა აზერბაიჯანულია და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლიან. ორი წელია, რაც აზერბაიჯანული სექტორის პარალელურად, სკოლაში ქართული სექტორიც გაიხსნა და 300 მოსწავლიდან 25 ქართულ სექტორშია ჩარიცხული.

„ყველა აზერბაიჯანელია და რომ მოდიან პირველ კლასში, ქართულად ერთი სიტყვა არ იციან. ძირითადად, პრობლემა იმაშია, რომ ოჯახში ვერ ეხმარებიან ბავშვს, უჭირთ წერაც, დამატებით სჭირდებათ მუშაობა და ადგილზე ვახერხებთ ყველაფერს. გარდა იმისა, რომ ვსწავლობთ, დასვენებაზეც მათთან ვარ, ვსაუბრობთ. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ენა კარგად აითვისონ. მეორე კლასი მყავს, არიან მოსწავლეები, რომლებიც აზროვნებენ ძალიან კარგად, მაგრამ აზრს ვერ აყლიბებენ ენობრივი ბარიერის გამო და ეს პრობლემა მინდა დავძლიო. ვუყურებ ბავშვებს და წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ზოგი მათგანი ნაადრევად გაათხოვონ, ვფიქრობ ხოლმე, როგორი ცხოვრება ექნებათ“, – ამბობს სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასის პედაგოგი სოფო აბაშიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

გენდერული საკითხები ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში კიდევ ერთი პრობლემაა. პედაგოგი ფიქრობს, რომ მოსახლეობაში მენტალიტეტის ცვლილება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

„სკოლაში ხომ მშობლები დადიან ბავშვების ამბის გასაგებად, აქ ძირითადად ბებია-ბაბუები არიან ჩართულები, ალბათ, მენტალიტეტი განაპირობებს ამას, ახალგაზრდა ქალი გარეთ გასული ცოტა სხვაგვარად ეჩვენებათ. ვფიქრობ, მოსწავლეებში ეს დამოკიდებულება იცვლება და პირადად მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემს ჯგუფში 15 ბავშვია, აქედან 6 გოგონაა, ყველანაირად შევეცდები, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები. როდესაც მშობელს ვეუბნები, რომ ბავშვს რაღაც პრობლემა აქვს, ვერ გადმოსცემს გაკვეთილს და ასე შემდეგ, მპასუხობენ, რომ ვცემ. ცემა ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ. ვცდილობ, რომ მსგავსი დამოკიდებულება შეიცვალოს, ბავშვებს ვასწავლი, რომ ერთმანეთს თუ ეჩხუბებიან ან სცემენ, ეს ცუდია და ერთმანეთს ბოდიში უნდა მოუხადონ“, – ამბობს პედაგოგი.

სოფო აბაშიძე აჭარელი ეკო-მიგრანტების ოჯახიდანაა, მარნეულის რაიონში ცხოვრობს და ორ სკოლაში მუშაობს. ქართულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, არაფლოში კი – დაწყებითების. ორივე მიმართულებაში სერტიფიცირებულია და ახლო მომავალში წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებასაც გეგმავს. ამბობს, რომ ორი სამსახურის მიუხედავად, მისთვის პროფესიული კომპეტენციის დადასტურება ბიუროკრატიული ბარიერი არ ყოფილა, პირიქით, ბევრი იდეები აქვს და დაფინანსების გზებს ეძებს.

„გვაქვს ხოლმე სხვადასხვა პროექტები და ძალიან ინტერესით არიან ჩართულები ბავშვები. სურვილი გვქონდა, ქობულეთის სასულიერო სკოლას და მარნეულის სკოლას ერთობლივი ღონისძიებები მოგვეწყო, შეჯიბრებები და სხვადასხვა აქტივობები გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ფინანსები სჭირდება ამ ყველაფერს და ჯერ-ჯერობით ვცდლობ გზები ვიპოვო“, – აცხადებს სოფო აბაშიძე.

არაფლოს საჯარო სკლის დირექტორი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ სკოლა უკვე არის რეაბილიტაციის გეგმაში და აღდგენითი სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური