GE

„როდესაც სისტემაში არსებულ მდგომარეობას ვაპროტესტებთ, პასუხია – წადი!“ – ბაღის აღმზრდელი მასწავლებელი

2020 წელს ბაღის მასწავლებელთა სერტიფიცირება განხორციელდება. ეს ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ დაანონსებულია. როგორც განათლების სამინისტროს ხელმძღვანელები აცხადებენ, სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები და გამოწვევები აქვს, რისი გადაჭრაც განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში იგეგმება.
თუმცა მთელ რიგ საკითხებზე კონკრეტიკას სამინისტროსგან ჯერ ვერ ვხედავთ, რამაც ბუნებრივია, დამატებითი კითვები გაუჩინა ბაღის პედაგოგებს.

EDU.ARIS.GE-ს ბევრი მათგანი დაუკავშირდა. თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი პედაგოგი გვწერს, რომ რეფორმაში, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე აპირებს, ბევრი უზუსტობა და გაურკვევლობაა, ამასთან აქცენტი კეთდება მხოლოდ სხვადასხვა მოდელებზე, ხოლო ადამიანები ვინც ეს მოდელი რეალობაში უნდა განახორციელოს მეორეხარისხოვანია სისტემისთვის.

„ჩვენი, აღმზრდელების მთავარი პრობლეამა პროფესიული კუთხით განვითარების შესაძლებლობის არქონაა და წლებია ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ კაციშვილი პატრონი არ გვყავს. სამი სახელმძღვანელო მოგვივიდა ალბათ 6 წლის განმავლობაში, რომელზეც არც ტრენინგი, არც მითითება, არავის არაფერი არ ჩაუტარებია. ჩვენით ვცდილობთ გარკვევას, მე იმას მივაგნებ, ის იმას მიაგნებს და ასე. ოღონდ არავინ არ იცის სწორად ვაკეთებთ, თუ არასწორად. მარტო გვიგზავნიან რაღაცებს. ყველას ჩაუტარდა მგონი ჩვენს სისტემაში ტრენინგი, მზარეულსაც კი, და აღმზრდელი, რომელიც სისტემის ბირთვია, უპატრონოდ და უყურადღებოდაა დატოვებული.

“რაც შეხება გამოცდებს და ჩვენს კვალიფიკაციებს: გამოცდებით ვერავინ ვერ შეგვაშინებს, ჩემს ხელფასზე თუ აისახება, პროფესიულად თუ წინ წამწევს, იმ გამოცდასაც ჩავაბარებ და კიდევ ბევრსაც. ამიტომ რასაც ვითხოვთ ის არის, რომ ჩვენს საქმეში ვიყოთ კომპეტენტურები. ყველა ვითხოვთ ტრენინგს, არ გვინდა არც მე და არც ჩემს კოლეგებს მეთოდისტის მოტანილი ამბავი, არც პეტრესი და არც პავლესი. ამას რომ ვითხოვთ შესაბამისი ხალხისგან, მათი პასუხი ასეთია – იცით რამდენი ხართ? ამდენი თანხა არ არის! მეთოდისტებს რომ გაატარეს ეს ყველაფერი და მერე გამოცდა ჩაუტარეს, სავალალო შედეგი მიიღეს, იცით რატომ? ისინი არ არიან პრაქტიკოსები. მერე მოდიან ეს მეთოდისტები, მესწრებიან და აქეთ მეკითხებიან რაღაცებს. მე როგორც პრაქტიკოსს, ის გაახლებული აქტივობაც მიხარია და ბავშვს ხომ საერთოდ. ამაში თუ სწორ მიმართულებას ვინმე მომცემს მივესალმები“, – გვწერს ბაღის პედაგოგი.

მისივე თქმით, პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში ხშირია მუქარები, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

„ხელფასებს რაც შეხება, არავინ პროტესტს არ აცხადებს. ხმას თუ ამოიღებ, დირექტორიდან დაწყებული უფრო ზევით, გადაწყვეტილების მიმღები პირებით დამთავრებული, გამოგიცხადებს: არ მოგწონს? წადი! 20 წელია ამ სისტემაში ვარ, მეტი მე არაფერი ვიცი, სხვა არაფერი მიკეთებია, უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე და ეს რა პასუხია?! არ მომგწონს წადი კი არა, წინსვლა მინდა, განვითარება მინდა, თანხებს ვიხდი, რომ ჩემით მოვიძიო და გავიარო ტრენინგები. ხელფასი მაგაშიც კი არ მყოფნის და რაღაცით რომ შენც დამეხმარო ხომ შეიძლება?! მოდელები კი უამრავი აქვთ ევროპიდან გადმოღებული, მაგრამ კადრები ხომ უნდა გადამზადდეს იმისთვის რომ ყველაფერი განხორციელდეს. დღესაც პროტესტის ნიშნად დავტოვე თათბირი, ისეთ სისულელეებს უგზავნიან მეთოდისტებს, რა გავაკეთო ხოლმე აღარ ვიცი. 38 ბავშვი მყავს ჯგუფში, აქედან 8 სპეციალური საჭიროების მქონე, იმდენი საწერი მაქვს და საქმე, ჩვენ უფლებებზე ხომ საერთოდ აღარფერს ვიტყვი. ამდენი წელია სისტემაში ვარ და მე ასეთი არაკომპეტენტური ხალხი არ მახსოვს, თუკი ვინმე დაუსაქმებელი ჰყავდათ, ყველა ბაღებში დაასაქმეს, საერთოდ რომ არ იციან რას აკეთებენ და ამ დროს ბავშვებთან, მომავალ თაობასთან აქვთ საქმე“, – ამბობს საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

2019 წლის ნოემბერში განათლების სამინისტრომ „სამოდელო ბაღის“ საპილოტე პროგრამის წარდგენა დააანონსა. ეს იქნება ახალი სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც თავდაპირველად რამდენიმე ბაღში განხორციელდება.

,,2019 წლის ნოემბერში მოხდება ახალი სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვა ბაღებში, ეს იქნება საპილოტე პროგრამა ,,სამოდელო ბაღი”, როგორც განვახორციელეთ სკოლებში. ხოლო 2020 წლის მაისში უკვე მოხდება აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება და ანაზღაურების გეგმის წარდგენა მოხდება საზოგადოებისთვის. როგორც ევროპულ ქვეყნებში სკოლამდელი აღზრდის საფეხური მნიშვნელობით გაუთანაბრდება საშუალო განათლების საფეხურს“, – განაცხადა ერთ-ერთ ბოლო პრეზენტაციაზე განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური