GE

როდის აიცრებიან კორონავირუსზე მასწავლებლები – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ მასწავლებლების ვაქცინაცია დადგენილი წესის თანახმად განხორციელდება და მას თავისი დრო აქვს.

„ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ჩვენი პრიორიტეტიზაცია ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ყველა განვითარებული ევროპული ქვეყნის რეკომენდაციებს, სადაც თითქმის ყველგან უპირველესად იცრებიან სწორედ ჯანდაცვის მუშაკები. შემდეგ, უკვე უმრავლეს ქვეყნებში, ეს არის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. რა თქმა უნდა, მასწავლებლებიც გარკვეულად მოწყვლადი ფენაა, რომლებიც აიცრებიან იმ პრიორიტეტიზაციის შემდეგ და ეს არის გეგმაში გაწერილი – ე.წ. სპეციალური ჯგუფები; ეს გახლავთ მასწავლებლები, პოლიცია, ისინი, ვინც წინა ხაზზე არიან და რომლებიც, რა თქმა უნდა, აიცრებიან. იგივე მასწავლებლები, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, 65-წელზე ზემოთ ვინც არის, ისინი არიან უფრო წინა ჯგუფში, ვიდრე ვთქვათ ახალგაზრდა მასწავლებლები, რადგან მოგეხსენებათ, ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, გარდა იმისა რომ მოახდინოს ინფექციის გავრცელების შეკავება, ამავე დროს, რომ დავიცვათ ყველაზე უფრო მოწყვლადი, ანუ ხანდაზმული მოსახლეობა ფატალური გართულებებისაგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე დააყენა საკითხი, რომ მეოთხე კლასის ჩათვლით სკოლაში პირბადის გამოყენება მოსწავლეებისთვის რეკომენდებული იყოს, ხოლო მე-5 კლასიდან ზემოთ სავალდებულო.

პედაგოგების ვაქცინაციის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, უპირატესობა მე-4 კლასამდე პერსონალს მიენიჭება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური