GE
როდის და რა პრინციპით განაახლებენ სკოლის ბუფეტები და წრეები მუშაობას? – მინისტრის მოადგილის განმარტება

განათლების სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სკოლის ბუფეტები ორშაბათს არ იქნება, თუმცა ეტაპობრივად მათი ამოქმედება დაგეგმილია.

“მოგეხსენებათ, რომ ბუფეტებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ დიდ ქალაქებში, რახან ორშაბათიდან ვაგრძელებთ საკლასო ოთახში, ასე ვთქვათ, სწავლის პროცესს, ჩვენი ასევე მაღალი ინტერესი არის, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს სკოლა. ბუფეტებმა დაიწყოს ფუნქციონირება და არამარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომლებიც არსებობს თითოეულ სკოლაში და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, მივცემთ შესაძლებლობას ამ სერვისებმაც დაიწყონ მუშაობის განახლება… ამიტომაც ვიძახით, რომ რეკომენდაცია იქნება გაწერილი, ექნებათ ინსტრუქცია იმ ადამიანებს, ვინც არის პასუხისმგებელი ბუფეტების ფუნქციონირებაზე და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას… ორშაბათს არ იქნება… ორშაბათს სკოლა იხსნება და ჩვენი მიზანი არის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს სკოლა, აქ იქნება ბუფეტი თუ სხვა წრეები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ეტაპობრივად მივცემთ შესაძლებლობას გაიხსნას სხვა დანარჩენი წრეებიც, მაგრამ როდის, ამაზე ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას – ზუსტ რიცხვს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, მინისტრის მოადგილის თქმით, მათ განსხვავებული მიდგომა აქვთ.

“კერძო სკოლებს შემთხვევაში აქვთ განსხვავებული მიდგომა, როდესაც არა ბუფეტი, ასე ვთქვათ იქნება, არამედ მიწოდება იქნება მოსწავლეებისთვის საკვების”, – დასძინა დგებუაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც შეზღუდვები წერტილოვნად, სკოლების ან კლასების მიხედვით წესდება ან უკვე დაწესებულია.

15 თებერვლიდან სკოლებს დაუბრუნდებიან სამი დიდი ქალაქის – თბილისი, რუსთავი და ქუთაისის მოსწავლეებიც.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი