GE

როდის დაიწყება მასწავლებლის 60-კრედიტიან მოსამზადებელ პროგრამაზე რეგისტრაცია – პროცედურები

მასწავლებლების 2018 წლის გამოცდების შედეგები ცნობილია. ამჯერად პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები, მასწავლებლების მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამაზე მოსახვედრად ემზადებიან. მათ ინტერესს კი აღნიშნულ პროგრამაზე მიღების პირობები, ვადები და პროცედურები წარმოადგენს.

ვის შეუძლია 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი

ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება (პირმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ზღვარი უნდა გადალახოს);

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

რა სტატუსი ენიჭება პირს ამ პროგრამის გავლის შემდეგ

პედაგოგებს და მასწავლებლობის მსურველებს 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა უფროსი მასწავლებლის სტატუსს ანიჭებს. მოქმედი პედაგოგები პროგრამას ძირითადად სტატუსის ასამაღლებლად გადიან, ხოლო მასწავლებლობის მსურველები, რომლებსაც დიპლომი მასწავლებლობის უფლებას არ ანიჭებს, 60-კრედიტიან პროგრამის გავლა სწორედ ამ უფლების მოპოვებისთვის სჭირდებათ. სხვა შემთხვევაში მათ სკოლაში შესვლის გზა შეზღუდული აქვთ.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

სარეგისტრაციო პროცედურები

მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 60-კრედიტიანი პროგრამაზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნივერსიტეტებში უნდა გაიარონ. სასურველ უნივერსიტეტში დარეგისტრირების შემდეგ, ისინი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას გადიან წერილობით, ან გასაუბრების სახით. გააჩნია, რომელი სასწავლო დაწესებულება ამ მხრივ რას ითხოვს.

რეგისტრაციის ვადები

უნივერსიტეტები აცხადებენ, რომ მასწავლებლების მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება, თუმცა მათი თქმით, რეგისტრაციისა და მიღების ზუსტი ვადების სანახავად თვალი უნდა ადევნონ უმაღლესების ოფიციალურ ვებ-გვერდებს.

ზუსტად თარიღს ვერ ასახელებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა პროგრამაზე სწავლის მსურველებს თავიანთი ვებ-გვერდების თვალყურის დევნას ურჩევენ, სადაც გამოაქვეყნებენ ამის შესახებ ინფორმაციას.

მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე მიღებას სექტემბერში ფიქრობენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, რომელშიც სახელმწიფო წელს მხოლოდ 5 ადგილს აფინანსებს.

„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხებიან კანდიდატები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი მასწავლებლის საგნის (ქართული ან ინგლისური) გამოცდა და წარმატებით გაივლიან შიდა საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდას.

მიღება გამოცხადდება სექტემბერში. ვადებს და წარმოსადგენ დოკუმენტაციის ჩამონათვალს დავდებთ ჩვენს საიტზე. მსურველები თუ იქნებიან, გაიხსნება ჯგუფი. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება, ქართული ენის და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა.

წელს 5 მსურველს აფინანსებს ჩვენთან სახელმწიფო. ამ ხუთეულში ვინც მოხვდება, მათთვის სწავლა უფასოა. ანუ  ვინც უფრო მაღალ ქულას მიიღებს შიდა გამოცდაში, რომელიც გასაუბრების ფორმით ტარდება. ხოლო თუ ხუთზე მეტი მივიღეთ, მათ მოუწევთ სწავლის საფასურის გადახდა“, – აღნიშნა   აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა  რუსუდან ჩიქოვანმა.

მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე მიღება რეგიონებში მოქმედ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსაც აქვს.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნიკოლოზ ახალკაცი ამბობს, რომ  მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა უკვე ორი წელია მოქმედებს მათთან და 12 მიმართულებაზე აქვთ სწავლა. წინა წელს 60-მდე მსმენელი ჰყავდათ. წელს კი 97-მა აიღო სერტიფიკატი.

„შარშან საბუთების მიღება ოქტომბერში გვქონდა. სწავლა დავიწყეთ პირველი ნოემბრიდან. ყველა სასწავლებელს აქვს მიღების განსხვავებული ვადები. სანამ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ავირჩიეთ, ვერ დავწერეთ ბრძანება. წელს დავდებთ ვებ-გვერდზე, როცა გამოცხადდება მიღება. წელს 70 ადგილი გვაქვს მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე. გამოცდა კომპლექსური სახით  ტარდება. არის წერილობითიც და ზეპირიც.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მოსაზმადებელი პროგრამები. როგორც ამ უნივერსიტეტის პროფესორმა, განათლების მიმართულების და 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელმა ირმა ქურდაძემ განაცხადა, მომავალ წელს იგეგმება ამ მიმართულებების შეთავაზება მსურველებისთვის.

„როდესაც უნივერსიტეტებმა გავიტანეთ აკრედიტაციაზე პროგრამები, საბაზო და საშუალო საფეხური მასწავლებლების მომზადება გვქონდა მარტო.  ეს იმას გულისხმობდა, რომ ამაში დაწყებითი საფეხური არ შედიოდა. ერთმა უნივერსიტეტმა მოგვიანებით გაიარა აკრედიტაცია და მას დაემატა დაწყებითის მიმართულება.  ჩვენ მალე გავიტანთ 60-კრედიტიან პროგრამებს და უკვე იქ ჩავსვამთ დაწყებითების მოდულსაც. მომავალი ზაფხულისთვის გვექნება დაწყებითებზე მიღება, წელს – არა.

სავარაუდოდ ოქტომბერში გამოვაცხადებთ მიღებას. წინა წელს 101 მივიღეთ და 97-მა მიიღო სერტიფიკატი. კიდევ უფრო მეტი მსურველია დაწყებით საფეხურებზე და მომავალ წელს აუცილებლად შევთავაზებთ მათ ამ პროგრამებს“, – აღნიშნა ირმა ქურდაძემ.

შეგახსენებთ, რომ  წელს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 1,498,500 ლარის ოდენობით, რომლის საშუალებითაც 666 ადამიანი დაფინანსდება. 2017-2018 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა კი 1 806 750 ლარი, რომლითაც 800 ადამიანი დაფინანსდა.  ხოლო პროგრამის ამოქმედების წელს 2016-2017 წელს დაფინანსდა 1000 ადამიანი.

ამავე თემაზე:

60-კრედიტიან პროგრამაზე გრანტით დასაფინანსებელ პედაგოგთა რაოდენობა უმაღლესების მიხედვით – სია

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის 2018-19 წლისთვის გრანტის ოდენობები განისაზღვრა

მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროგრამებმა აკრედიტაცია მიიღო

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური