GE

როდის დაიწყება საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია – სააგენტოს პასუხი

საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის დროის ცვლილება არ იგეგმება და ის კვლავ ივნისის თვეში, პირველ ნახევარში, ორ ეტაპად ჩატარდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 2021 წლისთვის ივნისის თვეში დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სტატუსიანი პირები შეძლებენ, მეორეზე კი ყველა სხვა აპლიკანტი.

„ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ რეგისტრაციის ზუსტ თარიღებს, ჯერ ამაზე არ გვიმსჯელია, თუმცა, როგორც წესი, ივნისში ტარდება რეგისტრაცია ორ ეტაპად და წელსაც არ იქნება გამონაკლისი“, – განგვიცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე ხომ არ იგეგმება, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის შემცირება, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ დასწრების მაჩვენებელი, პანდემიის გამო, დაბალია, ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში არ დგას.

„ბავშვების ასპროცენტიანი დასწრება საჯარო ბაგა-ბაღებში არასდროს არ არის, პანდემიის გამო კი ძალიან შემცირებულია, შესაბამისად მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში არ დგას“, – აღნიშნეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ასევე EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, წელს, ისევე, როგორც გასულ წელს, არ იგეგმება საზაფხულო ბაღების გახსნა, რომელიც პანდემიამდე ივლისში ფუნქციონირებდა.

„სავარაუდოდ, წელსაც არ იქნება საზაფხულო ბაღები, ამ გადაწყვეტილებასაც გამოვაცხადებთ“, – განაცხადეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური