GE

როდის გადაეცემათ მობილობით გადასულ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები?

„მშობელმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც შვილი მობილობით სხვა სკოლაში გადაჰყავს მას სახელმძღვანელო არ გადაყვება და სახელმძღვანელოების დაგვიანების საფრთხის წინაშე იქნება, ვინაიდან მობილობის დროს სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემას თავისი პროცედურები აქვს“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის სამსახურში განუცხადეს.

არაერთი მშობლის ინტერესს წარმოადგენს, თუ როდის მიიღებენ მათი შვილები სასკოლო სახელმძღვანელოებს, როდესაც სასწავლო წელი უკვე ერთი თვეა დაიწყო.

როგორც მშობლებისგან შემოსული კითხვებით ირკვევა, ასეთი პრობლემა უმეტესად რეგიონის სკოლების მოსწავლეებს აქვთ. სამინისტროში კი გვპასუხობენ, რომ პროცესი დაწყებულია და მას თავის პროცედურები აქვს.

„ეს არ არის მარტივი პროცესი. მობილობის განხორციელების შესახებ ჩვენთან უნდა მოვიდეს ინფორმაცია. ამის შემდეგ ვახდენთ დამატებითი სახელმძღვანელოების შეძენას, მათ დაკომპლექტებას და რაიონულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში გადაგზავნას. თავად რესურსცენტრებიც აკეთებენ დაკომპლექტებას და უგზავნიან სკოლებს. ასე ხვდება სახელმძღვანელოები მოსწავლესთან. შესაბამისად მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვს რაღაც პერიოდი მოუწევს სახელმძღვანელოს გარეშე ყოფნა. დღეს მონაცემებით სახელმძღვანელოები ჩვენგან დაკომპლექტებულია და რაიონებში უნდა წაიღონ. დაახლოებით ერთი კვირა ამას კიდევ დასჭირდება“, – გვითხრეს სამინისტროში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური