GE

როდის გახდება ცნობილი, რომელი უნივერსიტეტი ტოვებს ზოგად უნარებს სავალდებულო გამოცდად და რომელი საგნით ჩაირიცხებიან აბიტურიენტები კონკრეტულ მიმართულებაზე – ვადები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ,  ცნობილი გახდა, კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე რომელი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე. თუმცა ჯერ უცნობია, რომელი უნივერსიტეტი ტოვებს სავალდებულოდ ზოგადი უნარების გამოცდას და რა მიმართულებაზე რა საგნის (ისტორია/მათემატიკა) ჩაბარებას ავალდებულებს აბიტურიენტს, იმისათვის, რომ აბიტურიენტი ამ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხოს. სწორედ ეს არის 2020 აბიტურიენტების მთავარი კითხვა, რადგან ჩამოყალიბებულნი არ არიან, კონკრეტულად რომელ საგანში ან საგნებში მოემზადონ, რაც მათთვის დაბრკოლებას ქმნის 2020 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესში.

EDU.ARIS.GE -სთან საუბარში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი აცხადებს, რომ შესაბამისი ინფორმაცია მათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უკვე გადაუგზავნეს და ახლა პროცესის დასრულების ეტაპია.

კერძოდ, როგორც ეროვნული გამოცდების ჩატარების განახლებულ დებულებაში ვკითხულობთ, დაწესებულია ვადები, თუ როდის უნდა გამოაქვეყნოს გამოცდების ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ყველაზე საინტერესო ინფორმაცია.

“საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 5 სექტემბრამდე სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით. თავის მხრივ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 10 სექტემბრისა (ანუ დღეს ავტ.), დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში (იგულისხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავტ.). ხოლო ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 16 სექტემბრისა განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე”, – ვკითხულობთ განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

შესაბამისად, გამოცდების ცენტრმა, 2020 წლის აბიტურიენტებს, ინფორმაცია, კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე უნივერსიტეტების მიხედვით, რომელი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ, 16 სექტემბრამდე უნდა გამოუცხადოს.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალი წესის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით 2020 წლიდან აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ან რუსული) და ასევე მესამე გამოცდას, რომელიც დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას – ისტორიას, ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა, მათ შორის კერძო უმაღლესები EDU.ARIS.GE -სთან საუბარში განმარტავს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის დამატება მათი მოთხოვნა არ არის და მხოლოდ სამი გამოცდით მიიღებენ სტუდენტებს, თუმცა ჯერ ღიად საუბარი არ სურთ და მათი გადაწყვეტილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება 16 სექტემბრამდე შეიტყობს.

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები მიმართულებების მიხედვით ცნობილია – ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური