GE

როდის გვექნება ელექტრონული სასკოლო სახელმძღვანელოები? – განათლების მინისტრის პასუხი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომები ერთ-ერთ წამყვან ადგილს დაიკავებს.  ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ლოგიკურად  ელექტრონული საკლასო სახელმძღვანელოებიც უნდა იყოს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოსწავლეების ჩანთის წონას და ქაღალდის ხარჯებსაც. აღნიშნულზე საუბარი ჯერ კიდევ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის დროს დაიწყო.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, კონკრეტულად როდის ექნებათ მოსწავლეებს საშუალება სურვილის შემთხვევაში სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიებით ისარგებლონ?

ამ კითხვაზე მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საიტ el.ge-ს შესახებ საუბრობს და განმარტავს რომ სახელმძღვანელოები ციფრული ბიბლიოთეკის პორტალზე ეტაპობრივად აიტვირთება.

„კი, რა თქმა უნდა,  ჩვენ ვახსენეთ რეფორმების ფარგლებში,  ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის პორტალი. საიტზე ბევრი სახელმძღვანელო ლიტერატურა უკვე განთავსებულია. თანამედროვე ინტერნეტის ეპოქაში, ხელმისაწვდომობის გაზრდის კიდევ ერთი საშუალება, გარდა ბიბლიოთეკებისა არის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ამიტომ, ამაზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს. რეფორმების ფარგლებში, პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით და უკვე გავაკეთეთ, (პორტალი el.ge წლებია არსებობს. ავტ.) პორტალზე ატვირთულია ქართულ ენაზე სხვადასხვა მასალა, არის სხვადასხვა სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიის, იგივე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, მეცნიერების, ეკონომიკის, ბიზნესის და ფაქტობრივად ყველა სფეროს შესახებ, თუმცა მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება კონკრეტული  საკლასო სახელმძღვანელოებს, მიხეილ ბატიაშვილი განმარტავს, რომ ამ საკითხის განხილვა ეტაპობრივად  მოხდება.

ამავე თემაზე:

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

როგორ გაიმიჯნება სკოლებში ინტერნეტით სწავლა და გართობა? – რას ფიქრობს სამინისტრო, ფსიქოლოგი და პედაგოგი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური