GE

როდის მოხდება პროფესიული სასწავლებლის დიპლომის ატესტატთან გათანაბრება და ვის შეეხება ცვლილება?

განათლების რეფორმაზე საუბრისას, პრემიერი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აღნიშნავენ, რომ 9-კლასდამთავრებული პირების მიერ მიღებული პროფესიული სასწავლებლის დიპლომი ატესტატს გაუთანაბრდება და კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა როდის ამოქმედდება და რომელ პროფესიულ სასწავლებლებს ეხება ეს ინიციატივა. ასევე, შეძლებენ თუ არა უნივერსიტეტში ჩაბარებას ის პირები, ვინც უკვე ფლობს პროფესიული განათლების დამადასტურებელ დიპლომს და არა ატესტატს. გაირკვა, რომ ყველაფერი ისე სულაც არ არის, როგორც თავდაპირველად საზოგადოებას წარმოდგენა შეექმნა.

განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე წეროძე გვპასუხობს, რომ ინიციატივა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც სასწავლო პროგრამებზე ახალი წესით ჩაირიცხებიან და ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე პროფესიაა განსაზღვრული.

„პროფესიულ პროგრამებზე, საშემოდგომო მიღებისთვის ზოგადი განათლების ინტეგრაცია განხორციელდება რამდენიმე პროფესიაში. ჯერ-ჯერობით კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუ რომელი სასწავლებლები ჩაერთვებიან. სავარაუდოდ, ერთ-ერთი იქნება სოფლის მეურნეობა, ვინაიდან ამ სექტორში ჩატარდა პილოტირება და სასწავლებლები მეტ-ნაკლებად უფრო მზად არიან. ინტეგრაცია ეტაპობრივად სხვა მიმართულების ქვეშ არსებულ პროგრამებსაც შეეხება.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ის პირები, რომლებმაც 9 კლასის დასრულების შემდეგ მიიღეს პროფესიული განათლება, ბუნებრივია ვერ გააგრძელებენ სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე, რადგან არ გაუვლიათ ინტეგრირებული პროგრამა. ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ მეოთხე დონის პროგრამებზე ახლადჩარიცხულ საბაზო განათლების მქონე პირებს.– ამბობს ირინე წეროძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ბერელიძე აცხადებს, რომ პროფესიულ პროგრამებში ზოგადი განათლების ინტეგრირების წესი განათლების სამინისტრომ უნდა განსაზღვროს და პროფესიული სასწავლებლები ამის შემდეგ შეძლებენ გასცენ ატესტატთან გათანაბრებული დიპლომები.

„კანონში წერია, რომ ზოგადი განათლების ინტეგრირების წესი უნდა განისაზღვროს მინისტრის მიერ, სადღაც მაისის თვე არის ამისთვის მითითებული. ეროვნული სასწავლო გეგმაზე მომუშავე პირები, მუშაობენ სამწლიანი პროგრამის ისე მოდიფიცირებაზე, რომ ეს იყოს თავსებადი მე-4 დონის საგანმანათლებლო პროგრამებში. ადამიანი სწავლობს პროფესიას  და ასევე სწავლობს სკოლის კომპონენტს. ეს ალბათ იქნება როგორც ცალკე მდგომი პროგრამა და საგანმანათლებლო დაწესებულებას, ვისაც აქვს მე-4 საფეხური, მხოლოდ მეოთხე დონის პროგრამებში იქნება შეთავაზებული. თუ აქვს რესურსი, რომ ეს კომპონენტი განახორციელოს, აიღებს და თავის პროფესიული პროგრამის ფარგლებში ჩადებს და შესაბამისად, ავტორიზაციასაც გაივლის. ამ შემთხვევაში, დაწესებულებას შეუძლია 9-კლასდამთავრებული მიიღოს  პროფესიულ პროგრამაზე და ის დიპლომი, სადაც ეს ზოგადი კომპონენტიც იქნება პროფესიასთან ერთად, იქნება ატესტატის თანაბარი“, – ამბობს ნინო ბერელიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ამავე თემაზე:

საბაზო განათლების მქონე პირი პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში ატესტატს მიიღებს – ვადები და დეტალები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური