GE

როდის შეძლებენ პროფესიული სასწავლებლები ატესტატთან გათანაბრებული დიპლომების გაცემას? – დოკუმენტი

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც  საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები დამტკიცდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ პროფესიულ სასწავლებლები, რომლებიც კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს დანერგავენ, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემას შეძლებენ. აღნიშნული დოკუმენტის მფლობელი პირებს კი პროფესიის მიღების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული გამოცდები ჩააბარონ და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძონ.

„ინტეგრირების მიზანია  საბაზო ზოგადი  განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის პარალელურად,  სრული ზოგადი განათლების მიწოდება და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მეოთხე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, რაც სრულდება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით“,- ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, შეადგენს არანაკლებ 3 წელს. პროგრამაზე, დაშვების წინაპირობა კი იქნება საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინე წეროძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სამინისტროში ამ ეტაპზე  შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და გამორიცხული არაა გარკვეულ პროგრამებზე მსურველების ჩარიცხვა მიმდინარე წლის შემოდგომიდან მოხდეს.

„კანონის მიხედვით, აღნიშნული პროგრამის ინტეგრირების ვადა არის კანონის მიღებიდან ორი წელი, შესაბამისად სამინისტრო მუშაობს, რომ ის ეტაპობრივად განახორციელოს. ვფიქრობთ, რომ შეიძლება დავიწყოთ ამ შემოდგომიდან და ჩაირიცხონ პირები ამ პროგრამებზე, თუმცა შემდეგი ერთი წელი კიდევ გვაქვს. კონკრეტულ სასწავლებელს ვერ დაგისახელებთ, რადგან ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. სოფლის მეურნეობის პროგრამაზე პილოტი განხორციელდა, შესაბამისად შესაძლებელია, რომ მოხვდეს შერჩევაში, თუმცა ზუსტად ამ ეტაპზე თქმა არ შეგვიძლია, რადგან მიმდინარეობს კრიტერიუმების მიხედვით არჩევა“, – განაცხადა ირინე წეროძემ.

იხ. დოკუმენტი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური