GE

როდის უნდა აირჩიონ სასურველი პროგრამა სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეებმა და რა უნდა იცოდნენ საგრანტო კონკურსზე გამსვლელებმა – გამოცდები 2021

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრობის მსურველ და საგრანტო კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.

მსაგავსი ტიპის შეხვედრა მანამდე აბიტურიენტებთან და მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე აპლიკანტებთანაც გაიმართა. აქამდე წამოჭრილი საკითხები 2021 წლის გამოცდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ EDU.ARIS.GE-ზე.

წარმოგიდგენთ საერთო სამაგისტროს გამოცდის შესახებ დასმულ ძირითად კითხვებსა და მათზე პასუხებს, რომელიც 25 ივნისს გამოქვეყნდა:

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად ვერ გავიუმჯობესე გრანტი?

თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე (გრანტით არ ფინანსდება დამატებითი სემესტრები).

საერთო სამაგისტრო გამოცდაში ზღვარი რა შემთხვევაში მეთვლება გადალახულად?

ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ. დეტალები იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.

როგორია საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის სტრუქტურა?

საგამოცდო ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან:
• წაკითხულის გააზრება (3 ტექსტი; 21 ტესტური დავალება);
• ანალიტიკური წერა (2 დავალება: „მსჯელობის ანალიზი“ და „თემა მოცემულ საკითხზე“);
• ლოგიკური მსჯელობა (17 ტესტური დავალება);
• რაოდენობრივი მსჯელობა (19 ტესტური დავალება).

სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დრო რამდენია გამოყოფილი და როგორ გავანაწილოთ ის?

გამოცდისათვის გამოყოფილი დრო 2 საათი და 35 წუთია. კონკურსანტს უფლება აქვს, თვითონ განსაზღვროს ამ საერთო დროის რა ნაწილი დაუთმოს ცალკეულ კომპონენტთა დავალებების შესრულებას.

პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაშია სავალდებულო?

რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; კონდიციონერები ირთვება მხოლოდ 30° გრადუსზე და უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში.

მაგისტრანტები საგანმანათლებლო პროგრამას გამოცდების შემდეგ ირჩევენ სარეგისტრაციო გრაფაში, თუ პირდაპირ უმაღლეს სასწავლებელს მიმართავენ?

საგანმანათლებლო პროგრამას რეგისტრაციის დროს არ ირჩევთ. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის საფუძველზე ჩარიცხვის დროს განიხილებით იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რომლის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაც წარმატებით ჩააბარეთ.

სტუდენტი, რომელიც დაფინანსებას გაიუმჯობესებს, გრანტი მთელ სასწავლო კურსს ეხება თუ მხოლოდ შესაბამისი წელი უფინანსდება?

დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების შემთხვევაში, სტუდენტი შეინარჩუნებს მას ბაკალავრის სრული კურსის დახურვამდე – ყველა დარჩენილი სასწავლო წლის განმავლობაში.

საერთო სამაგისტრო გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს?

ტესტირება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.

როგორია საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები და კომპეტენციის მინიმალური ზღვრები ტესტის ნაწილების მიხედვით?

წაკითხულის გააზრების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 21, ანალიტიკური წერის ნაწილში – 18, ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 17, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 19. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეულ ნაწილში, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%-ს, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%-ს.

მაინტერესებს მხედველობის სათვალე და საათი რომ მეკეთოს გამოცდაზე, შეიძლება თუ არა?

მხედველობის სათვალით გამოცდაზე დაიშვებით, საათის შეტანა კი არ შეიძლება, უნდა მოიხსნათ და ჩააბაროთ სხვა ნივთებთან ერთად. კედლის საათი ყველა სექტორში დაგხვდებათ.

მაგისტრანტობის მსურველმა როდის უნდა აირჩიოს ტესტის ტიპი?

2020 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები აბარებენ მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს, რამაც სრულად მოხსნა პროგრამების არჩევისა და მობილობასთან დაკავშირებული პრობლემები. ტესტი კვლავაც 4 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სამაგისტრო გამოცდის მსგავსად სტუდენტთა ტესტირებაც ორი დღის განმავლობაში ჩატარდება?

სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდის ტესტი ერთიანია და მოიცავს შემდეგ სამ კომპონენტს: 1. წაკითხულის გააზრება; 2. ლოგიკური მსჯელობა; 3. რაოდენობრივი მსჯელობა. ტესტირება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში – 28 ივლისს ჩატარდება.

არასწორი პასუხის შემთხვევაში თუ გვაკლდება ქულა?

დიახ, გაკლდებათ ქულა. ტესტის თითოეული დავალება ფასდება 1 (მონიშნულია მხოლოდ სწორი პასუხი), 0 (არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული) ან -0,2 (მონიშნულია არასწორი პასუხი) ქულით.

2021 წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რამდენია დარეგისტრირებული და ყოველწლიურად დაახლოებით რამდენი იუმჯობესებს დაფინანსებას?

2021 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია გაიარა 3800-მდე მსურველმა. ყოველწლიურად დაფინანსებას იუმჯობესებს დაახლოებით 200-ზე მეტი სტუდენტი.

სამაგისტრო გამოცდაზე გრანტი რა პრინციპით გაიცემა, მხოლოდ სრული დაფინანსება გაიცემა?

მაგისტრანტს შეუძლია მოიპოვოს მხოლოდ 100%-იანი გრანტი. მთლიანი გრანტის დაახლოებით 40% ნაწილდება დადგენილ 12 საგანმანათლებლო მიმართულებაზე თანაბრად, ხოლო დანარჩენი თანხა ნაწილდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად. იხილეთ ბმული.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შემთხვევაში გამსვლელი ქულა რამდენია?

დადგენილი გამსვლელი ქულა არ არსებობს. მონაწილეთა შედეგების მიხედვით დგება რეიტინგული სია თანხის ამოწურვამდე.

საგამოცდო ბარათი როგორ ამოვბეჭდოთ?

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. საგამოცდო ცენტრში მისვლისას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად თან უნდა იქონიოთ საგამოცდო ბარათის ასლი.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური