GE

როგორ ავირიდოთ თავიდან ნაშრომის განულება – რჩევები აბიტურიენტებს

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად, აბიტურიენტებში დაძაბულობის დონე ნელ-ნელა იმატებს. ამ ნერვიულობის შემცირება კი მხოლოდ სწორ და დროულ ინფორმაციას შეუძლია. ზუსტად ამიტომ, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, აბიტურიენტებს იმ წესებისა და განაწესის შესახებ ესაუბროს, რომლის დაცვაც გამოცდების მიმდინარეობისას იქნება საჭირო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობარის მიხედვით, გამოცდების ჩატარების დრო და ადგილი საგამოცდო ბარათებზე წინასწარ იქნება განსაზღვრული. ადგილზე გამოცხადების შემდეგ აბიტურიენტები ვალდებულები არიან, რომ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას ჩააბარონ გამოცდისთვის არასაჭირო ნივთები, მათ შორის ყველა ელექტრონული აპარატურა.

ნივთების ჩაბარების შემდეგ რეგისტრაციის პროცესი იწყება, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. გამოცდის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციაზე დაგვიანების შემთხვევაში, ისინი ტესტირებაზე ვეღარ შევლენ. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, უმჯობესია, საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დაწყებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე მიხვიდეთ.

რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება: საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი იქნება მოცემული.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტები საგამოცდო ფურცელზე მითითებულ სექტორში, მათთვის განსაზღვრულ ადგილს იკავებენ, სადაც მათ წინასწარ გამზადებული საგამოცდო ფურცელი დახვდებათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის მიმდინარეობისას არ შეიძლება:

  • პასუხის ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა.შ
  • აბიტურიენტებს შორის ერთმანეთთან გადალაპარაკება.
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისგან დახმარების მიღება.

აღნიშნული წესების დარღვევისთვის გამოცდის მონაწილე მიიღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების შემდეგ დამკვირვებელი ვალდებული იქნება, გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

ამავე წესდების თანახმად, გამოცდიდან გაუფრთხილებლად მოიხსნება მონაწილე:

  • თუ მას აღმოაჩნდა ლექსიკონი, დამხმარე მასალა, ე.წ შპარგალკა, მობილური ტელეფონი, ელექტრო საათი, კალკულატორი ან სხვა ელექტრონული აპარატურა, თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში.
  • თუ აბიტურიენტმა უხეშად დაარღვია გამოცდის მიმდინარეობის პროცესი ან შეურაცხყო მასში მონაწილე ნებისმიერი პირი.
  • თუ აბიტურიენტი იმყოფება ალკოჰოლოური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ქვეშ.

გამოცდების ცენტრს ასევე მკაცრად აქვს განსაზღვრული ის, თუ რა შემთხვევაში არ გასწორდება აბიტურიენტის ნაშრომი:

  • თუ პასუხების ფურცელი ან ფურცელზე დატანილი შტრიხკოდი დაზიანებულია.
  • თუ აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს.
  • თუ პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებასთან, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

ცნობისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და იგი ოთხ აპრილის ჩათვლით, 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური